fbpx
16:43 | 2020-10-24 ავტორი: სალომე ნეფარიძე

პოლიციამ ბოლო 24 საათში ორი გახმაურებული ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა – დაკავებულია 3 პირი

პოლიციამ ბოლო 24 საათში ორი გახმაურებული ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა – დაკავებულია 3 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელდა ინფორმაცია, რომ პოლიციამ ბოლო 24 საათში აჭარასა და სამეგრელოში მომხდარი ორი გახმაურებული დანაშაული გახსნა და დამნაშავე პირები დააკავა.

 

„სამეგრელოს პოლიციამ ზუგდიდის მუნიციპალიტეტში მდებარე ავტოგასამართ სადგურში მომხდარი ყაჩაღობის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა – დაკავებულია 2 პირი“ – წერია უწყების მიერ დღეს გავრცელებულ განცხადებაში.

 

ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობის და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით დაკავებულია 2 პირი: 1997 წელს დაბადებული ხ.ს. და 1998 დაბადებული მ.ბ.

 

დანაშაული 6-დან 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

 

გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 23 ოქტომბერს, სოფელ ინგირში ბრალდებულები თავს დაესხნენ ავტოგასამართი სადგურის ოპერატორს, ფიზიკური ძალადობით, ასევე სიცოცხლის მოსპობის მუქარით გაიტაცეს ფული და მიიმალნენ.

 

სამართალდამცველებმა, ჩატარებული ინტენსიური ოპერატიულ-საგამოძიებო და სამძებრო ღონისძიებების შედეგად, ბრალდებულები დანაშაულის ჩადენიდან მალევე, თბილისში დააკავეს. პოლიციამ გატაცებული თანხის ნაწილი ნივთმტკიცების სახით ამოიღო.

 

ჯგუფურად ჩადენილ ყაჩაღობის და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ბ” ქვეპუნქტით და 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით მიმდინარეობს.

 

მეორე ფაქტი – 22 ოქტომბერს ქობულეთში მოხდა, როდესაც „საქართველოს ბანკის“ სერვისცენტრის მიმდებარედ კერძო დაცვის კომპანიის თანამშრომელ-ინკასატორს მისთვის უცნობმა პირმა თანხა გასტაცა და მიიმალა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით დაკავებულია 1 პირი – 1986 წელს დაბადებული გ.მ.

 

ბრალდებულმა შპს „დაირექტ დებიტ ჯორჯიას“ ინკასატორს, ამავე კომპანიის კუთვნილი ფული – 55 000-მდე ლარი ძალადობის გამოყენებით გასტაცა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

 

სამართალდამცველებმა გ.მ. ქობულეთში დააკავეს. პოლიციამ, მის საცხოვრებელ სახლში ჩატარებული ჩხრეკის შედეგად, ნაძარცვი თანხა ნივთმტკიცების სახით ამოიღო.

 

ძარცვის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით მიმდინარეობს. დანაშაული 7-დან 11 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“ – წერია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

ავტორი: სალომე ნეფარიძე

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები

X