12:56 | 2020-09-19 ავტორი: სალომე ნეფარიძე

პოლიტიკოსი ქალების უფლებების დაცვის მიზნით შემუშავებულ დოკუმენტს ხელი ოპოზიციური პარტიების ქალმა პოლიტიკოსებმა მოაწერეს

პოლიტიკოსი ქალების უფლებების დაცვის მიზნით შემუშავებულ დოკუმენტს ხელი ოპოზიციური პარტიების ქალმა პოლიტიკოსებმა მოაწერეს

პარტია „სტრატეგია აღმაშენებლის“ ქალი წევრების ორგანიზებით დღეს პარლამენტთან პოლიტიკოსი ქალების უფლებების დაცვის მიზნით შემუშავებულ დოკუმენტს ხელი ოპოზიციური პარტიების ქალმა პოლიტიკოსებმა მოაწერეს.

 

გთავაზობთ პოლიტიკოსი ქალების უფლებების დასაცავად შემუშავებული დოკუმენტის ტექსტს:

 

„ჩვენ, პოლიტიკოსი ქალები ჩვენი პარტიული კუთვნილების თუ პოლიტიკური შეხედულებების მიუხედავად, დღეს ვერთიანდებით, რომ დავგმოთ ადამიანის პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების უკანონო გადაღება, გავრცელება და კადრების გავრცელებით დაშინება და შანტაჟი.

 

პირადი ცხოვრება ხელშეუხებელია საქართველოს კონსტიტუციით და საერთაშორისო სამართლით გარანტირებული უფლებაა, რომლის დაცვა თითოეული ჩვენგანის მოვალეობაა. ესაა ადამიანის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი, ძირითადი უფლება.

 

ბოლო წლებში ხშირად ხდება პოლიტიკოსებისა თუ სხვა საჯარო პირების პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების სხვადასხვა საშუალებით გავრცელება ან ამ კადრების გავრცელებით მანიპულირება და შანტაჟი. ამ მხრივ, განსაკუთრებული სამიზნე ქალები არიან. პირადი ცხოვრებით მანიპულირება, ან მისი გასაჯაროება ქალების პოლიტიკიდან განდევნის, მათი მორალური დისკრედიტაციის და სრული მარგინალიზაციის ყველაზე სასტიკი მეთოდია.

 

დაუშვებელია პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციის გამოყენება დაშანტაჟების მიზნით.

 

ჩვენ ვგმობთ მსგავსი ფორმით ქალების პირად თუ საზოგადოებრივ ცხოვრებაზე იერიშის მიტანას. ქალების წინააღმდეგ ასეთი მეთოდებით ბრძოლა არა მხოლოდ არღვევს ადამიანის უფლებებს, არამედ ძირს უთხრის წარმომადგენლობით დემოკრატიას.

 

ჩვენ  მოვუწოდებთ  ყველა შესაბამის უწყებას  უმკაცრესი რეაგირება მოახდინონ ამგვარ ფაქტებზე. ვერავინ ვერ უნდა გაბედოს უხეშად ხელყოს პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა“, – ნათქვამია დოკუმენტში

 

(R)

ავტორი: სალომე ნეფარიძე

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები