12:42 | 2020-05-04 ავტორი: თამარ ბოჭორიშვილი

“პოდიუმიდან იმიტომ წავედი, მივხვდი ჩემს ქმარს არ სიამოვნებდა” – ვინ არის და რას საქმიანობს ლალი ტოტიკაშვილის ქმარი

“პოდიუმიდან იმიტომ წავედი, მივხვდი ჩემს ქმარს არ სიამოვნებდა” – ვინ არის და რას საქმიანობს ლალი ტოტიკაშვილის ქმარი

უმშვენიერესი ქართველი მოდელი ლალი ტოტიკაშვილი პოდიუმს რამდენიმე წლის წინ ჩამოშორდა.

 

17 წლიანი სამოდელო კარიერის შემდეგ, ის გათხოვდა და პოდიუმს დაემშვიდობა. ლალი ტოტიკაშვილს ხშირად შეხვდებით, სხვადასხვა გლამურულ წვეულებაზე, თუმცა ის მეუღლესთან გია ხუბულიასთან ერთად არსად ჩნდება.

 

რამდენიმე დღის წინ, წყვილს ქორწინების 16 წელი შეუსრულდა. ლალი ტოტიკაშვილმა ინსტაგრამზე იშვიათი ფოტო გამოაქვეყნა, სადაც მეუღლესთან ერთად არის გადაღებული.

 

ლალი ტოტიკაშვილმა საკუთარ მეუღლეზე წლების შემდეგ პირველად „პრაიმტაიმთან“ ისაუბრა.

 

ისევე როგორც ყველა, კორონავირუსის პანდემიის გამო, ლალი ტოტიკაშვილის ოჯახიც კარანტინში იმყოფება, ბუნებრივია მასთან საუბარი სწორედ ამ თემით დავიწყეთ.

 

– ლალი, როგორ გაგყავთ დრო კარანტინში?

 

– ვერ ვიტყვი, რომ კარანტინში ყოფნა მიჭირს. რა თქმა უნდა თავისუფალი ცხოვრების სტილია კარგია, მაგრამ გასართობი აქაც ვიპოვე.

 

ვკითხულობ, ფილმებს ვუყურებ, ოჯახთან ერთად ვარ და შესანიშნავად ვგრძნობ თავს. რთულია ბავშვებისთვის მუდმივად სახლში ყოფნა, მაგრამ ავუხსენი რაც ხდება და გაიგეს.

 

ისინი დღის მანძილზე დაკავებულები არიან, მეცადინეობენ, უჭირთ ძალიან, მაგრამ მიხვდნენ, რომ თვითიზოლაცია უფრო მალე დასრულდება თუ ყველა რეკომენდაციას დავიცავთ.

 

ჩემმა ოჯახმა დროზე ადრე გადაწყვიტა თვითიზოლაციაში ყოფნა, უკვე ორი თვეა ასე ვართ.

 

– რა ასაკში არიან თქვენი შვილები და მკაცრი დედა ხართ მათთვის?

 

– საბა 14 წლის არის, ნიტა კი მაისში ხდება 11 წლის. მკაცრი დედა არ ვარ, მეგობრული ურთიერთობა მაქვს შვილებთან, ვუსმენ, ვითვალისწინებ მათ სურვილებს.

 

– საბა ახლა თინეიჯერია, რასაც სირთულეები ახლავს, თქვენ რა პრობლემებს აწყდებით თინეიჯერ შვილთან ურთიერთობისას?

 

– არ აქვს რთული თინეიჯერობა, ერთადერთი რაც გვაქვს პრობლემა, ეს გაფანტულობაა, მაგრამ ალბათ ასაკობრივია.

 

საბედნიეროდ, ჯერჯერობით ნორმალურად გადის გარდატეხის ასაკს და დანარჩენი ვნახოთ მომავალში.

 

მისმა გაფანტულობამ საბას სწავლის ხარისხზე იქონია ცუდი გავლენა, თუმცა უკვე გამოსწორდა. ეტყობა სხვა რაღაცეებზე უფრო ფიქრობდა, ვიდრე სწავლაზე.

 

– როგორ ახერხებთ, საქმე და ოჯახი ერთმანეთს შეუთავსოთ, შორიდან ჩანს, რომ პრობლემები არასოდეს გაქვთ, ასეა?

 

– იმედია არასოდეს მექნება ისეთი პრობლემა რომელიც შემეტყობა. ყველაფერს ვათავსებ ერთმანეთს, არ მაქვს ისეთი რეჟიმი, რომელიც მოითხოვს დილიდან საღამომდე გასული ვიყო სახლიდან.

 

როდესაც ბავშვები სკოლიდან ბრუნდებიან, ვცდილობ სახლში დავხვდე. საღამოს გავდივარ პრეზენტაციებზე.

 

– წლები გადის და ყველა აღნიშნავს, რომ უფრო ლამაზდებით, რა არის ამის საიდუმლო?

 

– ვერ ვიტყვი ამის საიდუმლოს, პირველ რიგში გენეტიკაზეა დამოკიდებული გარეგნობა, თავის მოვლასაც დიდი როლი აქვს.

 

მიმაჩნია, თუ ადამიანი შინაგანად პოზიტიურია, ეს მის ვიზუალურ მხარეზეც აისახება.

 

– ლალი, რამდენიმე დღის წინ ინსტაგრამზე გამოაქვეყნეთ მეუღლესთან ერთად გადაღებული ფოტო, გაგვაცანით თქვენი ქმარი…

 

– ჩემი მეუღლე იურისტი გია ხუბულიაა. ქორწინებიდან 16 წელი შეგვისრულდა და ამის აღსანიშნავად დავდე, მასთან ერთად გადაღებული ფოტო ინსტაგრამზე.

 

– რატომ არჩნდება თქვენი ქმარი არსად?

 

– თავიდანვე არ მოსწონდა საჯაროდ გამოჩენა. პოდიუმიდანაც იმიტომ წავედი, მივხვდი, მას ეს არ სიამოვნებდა. თუმცა დიდი დანაკლისი არ მქონია ამის გამო, რადგან ახალი თაობების არზრდაზე ვმუშაობ.

 

– ქმარმა მოგთხოვათ პოდიუმის დატოვება?

 

– ულტიმატუმი არ წაუყენებია. მოდელი სიცოცხლის ბოლომდე პოდიუმზე ვერ იქნება, როცა გავთხოვდი 17 წლიანი სამოდელო კარიერა მქონდა, მეც აღარ ვაპირებდი ამ საქმის გაგრძელებას, თან მეუღლესაც არ სიამოვნებდა და წავედი.

 

– სად გაიცანით მომავალი მეუღლე?

 

– არაჩვეულებრივია ის 16 წელი რაც ერთად ვართ. სანამ გავთხოვდებოდი, ორი წელი შეყვარებულები ვიყავით. 18 წელი გავიდა და ისე სწრაფად გადის დრო, მგონია ყველაფერი გუშინ მოხდა.

 

როდესაც ორ ადამიანს ერთმანეთი უყვარს, შემდეგ პატივისცემაც ჩნდება ურთიერთობაში და წლებთან ერთად სიყვარული უფრო მყარი ხდება.

 

გია საერთო მეგობრის ოჯახში გავიცანი, თავიდანვე გაგვიჩნდა სიმპატიები და ზუსტად იქედან დაიწყო ყველაფერი.

 

– სიურპრიზებს გიწყობდათ?

 

– კი, კი, ძალიან ბევრ სიურპრიზს მიწყობდა. ხშირად მიგზავნიდა 100 ვარდს, ოღონდ თვითონ არ  მოჰქონდა, ვიღაცას ატანდა.

 

ერთხელ ახალ წელს კარზე ზარი დაირეკა, კართან დამხვდა თოვლის ბაბუა, რომელსაც ხელში ეჭირა ასი ვარდი.

 

ერთხელ გავიღვიძე და ფანჯრიდან, როცა გავიხედე ქუჩის განათებაზე ენთო წითელი გული. ღამე განათება როცა ირთვებოდა ეს გულიც ინთებოდა.

 

– რა შეცვალა კარანტინულმა ცხოვრებამ თქვენს ურთიერთობაში?

 

– კარანტინმა გაამყარა ჩვენი ურთიერთობა. სტატისტიკას ვკითხულობდი, რომ ჩინეთში ამის გამო, ოჯახები დაინგრა.

 

მე ძალიან კარგად ვიცნობ ჩემს ქმარს, როცა გიყვარს ქმარი, იმასთან რაც უფრო მეტ დროს გაატარებ უფრო კომფორტულია.

ავტორი: თამარ ბოჭორიშვილი

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები