fbpx
15:51 | 2020-08-21 ავტორი: მარი ჯაფარიძე

პირველი ეროტიკული ფილმის მსახიობი, რომელმაც მსოფლიო შეცვალა – მის აღმოჩენას ყოველდღიურად ვიყენებთ

პირველი ეროტიკული ფილმის მსახიობი, რომელმაც მსოფლიო შეცვალა – მის აღმოჩენას ყოველდღიურად ვიყენებთ

მსოფლიოში wi-fi და GPS არ იქნებოდა, რომ არ ყოფილიყო ჰედი ლამარი – ჰოლივუდელი ლამაზმანი, რომელიც მთავარ როლს ასრულებდა პირველ ევროპულ ეროტიკულ ფილმში, „ექსტაზი“. გარდა მსახიობისა, ის იყო გენიალური გამომგონებელიც.

 

ჰედი დაიბადა მდიდარ ებრაულ ოჯახში. მისი მამა ბანკის დირექტორი იყო, დედა კი პიანისტი. გოგონა პატარა პრინცესასავით გაიზარდა, მშობლებთან ერთად იმოგზაურა მთელ ევროპაში, სწავლობდა ენებს, ცეკვებს, მუსიკას.

 

იგი სწავლობდა ვენაში, ძალიან ძვირადღირებულ კერძო სკოლაში და იქ მთელი გულით შეუყვარდა მათემატიკა. ზუსტი მეცნიერებებისადმი ინტერესი და კინოს სიყვარული ერთმანეთს ხელს არ უშლიდნენ. 16 წლისა სახლიდან გაიქცა, რათა მშობლებს მისი გეგმებისთის ხელი არ შეეშალათ.

 

1930 წელს ჰედიმ ითამაშა გერმანულ ფილმში Girl in Nightclub, ხოლო სამი წლის შემდეგ ავსტრიულ ფილმში – „ექსტაზი“.

 

ფილმი გახდა სენსაცია: პირველად მსოფლიო კინოს ისტორიაში, მსახიობმა ორგაზმი გაითამაშა (ამბობენ, შესაბამისი ხმისა და მიმიკის მისაღებად რეჟისორი მას ქინძისთავით ჩხვლეტდა).

 

ამავე ფილმში საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში ტბაში, შიშველი ბანაობს.

 

ჰედი ფილმის გამოსვლისთანავე სუპერვარსკვლავი გახდა. ყველა მხოლოდ ამ ფილმზე ლაპარაკობდა. ევროპის ბევრ ქვეყანაში კინოთეატრებს მისი ჩვენება ეკრძალებოდათ და მხოლოდ რამდენიმე წლის შემდეგ დართეს გაშვების ნება.

 

 

ჰედის მშობლები შეშინდნენ: თუ მათი ბავშვი ამას 19 წლის ასაკში აკეთებდა, შემდეგ რას მოიმოქმედებდა? მათ მოუძებნეს შვილს ძალიან მდიდარი საქმრო, რომლის ქონებაც ევროპაში ერთ-ერთ უმსხვილსად ითვლებოდა.

 

ფრიც მანდლიც ებრაელი იყო, მაგრამ ის კათოლიციზმში გადავიდა, მხარს უჭერდა მესამე რაიხს და ვერსალის ხელშეკრულების დარღვევით იარაღით ვაჭრობდა, მათ შორის – უნგრეთსა და გერმანიაში, რითაც მილიარდები დააგროვა.

 

მას ზურგს უკან სიკვდილით მოვაჭრეს ეძახდნენ. ძალიან ცინიკური ადამიანი იყო.

 

ჰედი მშობლების შეთავაზებას დათანხმდა. ის ასევე მოექცა კათოლიკედ და იქორწინა 33 წლის მილიარდერზე.

 

მანდლები ლაღად ცხოვრობდნენ, მასპინძლობდნენ ცნობილი სახეებს, ფროიდიდან დაწყებული, მუსოლინის და ჰიტლერსაც კი. ჰედის უკვე ბუნდოვნად ახსოვდა, რომ ებრაელი იყო, მაგრამ მთელი გულით სძულდა ფაშიზმი და გრძნობდს, რომ ამ სიძულვილის ჩრდილი მის ქმარს ეცემოდა.

 

ის კი უცებ ფეთქდებოდა ეჭვიანობის გამო: აიძულა ცოლი, დაეტოვებინა სამსახიობო კარიერა და გააფთრებული, მთელ ევროპაში ყიდულობდა “ექსტაზის” ყველა ეგზემპლარს, რომ მის გარდა ჰედი შიშველი არავის ენახა.

 

 

ფილმისთვის კი უკეთესი რეკლამა არც შეიძლებოდა, ყოფილიყო. ყველას აინტერესებდა მისი ნახვა.

 

ჰედის ქორწინებამ ოთხ წელს გასტანა. შემდეგ მიხვდა, რომ ყველაფერი დამთავრდა და ცხოვრების ეს დღესასწაული მის გარეშე უნდა გაგრძელებულიყო.

 

მან მოახლეს ჩაიში საძილე ტაბლეტები ჩაუყარა, ტანისამოსი მოპარა, ჩანთა გამოტენა იმ სამკაულებით, რომელიც ქმარმა უყიდა და შინიდან გაიპარა. მარშრუტი წინასწარ იყო გაწერილი: ჯერ პარიზი (იქ ის დაელოდა განქორწინებას), შემდეგ ლონდონი და იქიდან ამერიკაში.

 

რასაკვირველია, ჰედს არც კი დასჭირვებია თხოვნა. მისი სახელი „ექსტაზიდან“ ძალზე შორს გავარდა და ჰოლივუდი დახვდა გაშლილი მკლავებით.

 

ჯერაც არ იყო ჩასული ამერიკაში, პირდაპირ გემზე ხელი მოაწერა ძალიან მომგებიან კონტრაქტს MGM სტუდიის დამფუძნებელთან, ლუი მეიერთან.

 

ჰედი თამაშობდა კაშკაშა ჰოლივუდის ვარსკვლავების გვერდით, ხოლო 1940-1949 წლებში 18 ფილმში ითამაშა და 30 მილიონ დოლარზე მეტი გამოიმუშავა.

 

 

ექვსჯერ დაქორწინდა და ყოველ ჯერზე ფრიც მანდლის ახალ მოდიფიკაციაზე: სულელ, ეჭვიან, მოძალადეზე, რომელსაც არ შეეძლო დაენახა მის გვერდით დამოუკიდებელი, ნათელი პიროვნება.

 

ევროპაში მეორე მსოფლიო ომი მძვინვარებდა. ჰედი ყველა სიახლეს ეცნობოდა და ფაშიზმისადმი სიძულვილი და მიტოვებული სამშობლოსადმი ნოსტალგია ეძალებოდა.

 

იგი ზოგჯერ იხსენებდა, რომ მისი მეუღლე მეცნიერებს ეუბნებოდა, თუ როგორ უნდა მართონ იარაღი რადიოს საშუალებით. საოცარია, რომ საუკეთესო გამომგონებლები ფიქრობდნენ ამ პრობლემის მოგვარებაზე და ჰოლივუდელმა მსახიობმა გადაჭრა.

 

ჰედი შეხვდა ავანგარდისტ მუსიკოსს, კომპოზიტორ ჯორჯ ანტელს. ისინი ფორტეპიანოზე ოთხი ხელით უკრავდნენ და საუბრობდნენ იმაზე, რაზეც ყველა: ომზე. ჰედიმ გაიხსენა პირველი ქმარი, რომელიც ჩიოდა, რომ რადიო სიგნალით ვერ ახერხებდა ტორპედოს მიზნისკენ მიმართვას, რადგან მტრის გემებიდან იმავე სიხშიორის რადიო სიგნალებით ახშობდნენ.

 

„მაგრამ თუ ერთი სიხშირით გააგზავნი სიგნალს, შემდეგ გადახვალ სხვაზე და გადასცემ სიგნალის ბოლოს? – ამბობდა ჰედი. – ასეთი სიგნალის გაფუჭება შეუძლებელი იქნება“.

 

ასე რომ, საუბრის შედეგად, შეძლეს და მოიფიქრეს ინფორმაციის გადაცემის თავისი სისტემა – ოპერაციული სიხშირის ფსევდო რეგულირება. 1940 წელს მათ თავიანთი სისტემა წარუდგინეს ამერიკის გამომგონებელთა ეროვნულ საბჭოს. თანაავტორებმა დააპატენტეს თავიანთი გამოგონება და ის აშშ-ს მთავრობას აჩუქეს, შესაბამის ჰონორარზე კი უარი თქვეს.

 

წლები გავიდა და ამ ტექნოლოგიის საფუძველზე შეიქმნა GSM, GPS, Bluetooth და Wi-Fi სისტემები.

 

ჰედი გარდაიცვალა 2000 წელს, ფლორიდის მოხუცთა სახლში. მისი სურვილით, ფერფლი ავსტრიის თავზე მოფანტეს – თავისი საყვარელი სამშობლოს მიწაზე.

ავტორი: მარი ჯაფარიძე

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები

X