12:52 | 2020-02-21 ავტორი: Prime Time

პირველი არხის ყოფილი თანამშრომელი სიბერეს ხანდაზმულთა პანსიონატში ატარებს

პირველი არხის ყოფილი თანამშრომელი სიბერეს ხანდაზმულთა პანსიონატში ატარებს

„ახლა ცოტა ხნით, ისევ ახალგაზრდობაში რომ დამაბრუნა, ბევრ რამეს შევცვლიდი. ფილმში მიღებდნენ და თეატრის რეჟისორმა სპექტაკლის გამო არ გამიშვა. ვნანობ დედა, ერთ ფილმში მაინც ვიქნებოდი გადაღებული და ისტორიას ასე მაინც შემოვრჩებოდი…“ – საუბარს ასე იწყებს  65 წლის მარიამ თოდიძე.

 

ერთ დროს წარმატებული მსახიობის მისამართი უკვე 15 წელია ქუთაისის ხანდაზმულთა პანსიონატია… ჯანმრთელობის პრობლემები აქვს, გადაადგილება უჭირს, თუმცა მაინც არ ჩერდება. პანსიონატში თეატრალური დასი ჩამოაყალიბა და რეჟისორობაც შეითავსა. რამდენიმე სპექტაკლი უკვე დადგეს, განსაკუთრებულად უყვარს „მოხუცი ბავშვები“.

 

გასახსენებელი და მოსაყოლი ბევრი აქვს. შავ-თეთრ ფოტოებზე შეჩერებულ წამებს ერთ ალბომში თავი მოუყარა. როცა განვლილი გზა ენატრება, ფოტოებს ათვალიერებს და წარსულში მოგზაურობს.

 

რა გითხრა შვილო, დიდი და გრძელი გზა გავიარე, აქამდეც მოვედი.

 

12 წლის იყო, როცა ავტოკატასტროფაში დედა გარდაეცვალა. დეიდამ გაზარდა. მძიმე ბავშვობა მქონდაო, ამბობს. პატარაობიდან მსახიობობა უნდოდა და ამ ოცნების ასასრულებლად დედაქალაქში ჩამოვიდა.

 

width=600

 

„სკოლის დამთავრების შემდეგ, თეატრალურ ინსტიტუტში ვერ ჩავირიცხე, მაშინ ლიმიტირებული იყო მოწყობა და ერთი წელი ინსტიტუტში თავისუფალი მსმენელი ვიყავი… მანამდე კი იყო ოჯახი. პირველი მეუღლე ჩემი თანაკლასელი გახლდათ. ბავშვობიდან გვიყვარდა ერთმანეთი. თუმცა, ჩვენი თანაცხოვრება დიდხანს არ გაგრძელებულა. ერთად ხუთი წელი ვიცხოვრეთ. მეორე მეუღლე ჩემი კოლეგა გახლდათ, მსახიობი იყო. მასთან მეორე შვილი გამიჩნდა…

 

ამაზე კარგ ადგილას სად მოვხვდებოდი, სახლი აღარ მქონდა და კარი. ჯანმრთელობა შემერყა და პატრონი არ მყავდა. მადლობა უფალს, რომ დღეს პანსიონატში ვცხოვრობ. სახლი დავკარგე, აღარ მინდა ამაზე საუბარი, მტკივნეული თემაა. ქალ-ვაჟის დედა ვარ. გოგონა ბათუმშია გათხოვილი, ბიჭი ახლა თბილისში მუშაობს. ოთხი შვილიშვილი მყავს. როცა აქ მოვხდი, ჩემმა შვილებმა კარგახნის შემდეგ გაიგეს. მოვიდნენ, მინახულეს. რძალმა მათთან გადასვლა შემომთავაზა, მაგრამ უარი ვუთხარი. მირჩევნია აქ ვიყო მშვიდად და კომფორტულად, ვიდრე ვინმეს მისახედი გავხდე. აქ დასი ჩამოვაყალიბე, რამდენიმე სპექტაკლი უკვე დავდგით…

 

სცენა ჩემი სამყაროა. ოზურგეთის სახელმწიფო თეატრში 15 წელი ვითამაშე, 20 სეზონი. შექმნილი გმირები, რომლებსაც სცენაზე ვაცოცხლებდი, დღემდე ჩემს განუყოფელ ნაწილად რჩება. განსაკუთრებულად მედეას როლი მიყვარდა. ალბათ, იმიტომ, რომ რაღაცნაირად ჩვენი ცხოვრება ერთმანეთს ჰგავს, ორივეს ტრაგიკული ბედი გვარგუნა გამჩენმა.

 

90-იან წლებში პირველ არხზე ვმუშაობდი. ანზორ და ზურაბ ერქომაიშვილები ჩვენი უშუალო ხელმძღვანელები იყვნენ. ძალიან დიდი გაჭირვების პერიოდში რეგიონებში სპექტაკლებს ვმართავდით. ბევრი კარგი და ცუდი დრო იყო ჩემს ცხოვრებაში.

 

ამ გადასახედიდან ბევრ რამეს ვნანობ, სულ სხვა გზით წარვმართავდი ცხოვრებას, მაგრამ ამას სინანული აღარ შველის. ახლა ცოტა ხნით, ისევ ახალგაზრდობაში რომ დამაბრუნა, ბევრ რამეს შევცვლიდი. ფილმში მიღებდნენ და თეატრის რეჟისორმა სპექტაკლის გამო არ გამიშვა. ვნანობ დედა, ერთ ფილმში მაინც ვიქნებოდი გადაღებული და ისტორიას ასე მაინც შემოვრჩებოდი

 

ახალგაზრდობაში ადამიანი სულ არ ფიქრობ იმაზე, როგორი სიბერე გექნება. ვერასდროს წარმოვიდგენდი, რომ ასეთი დასასრული იქნებოდა. ბედნიერი მაშინ ვიყავი, როცა თეატრში ვმუშაობდი. დღეს ეს ყველაფერი ლამაზ მოგონებად დარჩა. ეს წამები ფოტოებზეა შეჩერებული. ახლა ასეთ მდგომარეობაში ვარ, მაგრამ ისევ შემიძლია მეგობრობა, სიყვარული, გვერდში დგომაც, მაგრამ დღეს არც სიყვარული უნდათ და არც მეგობრობა. ირგვლივ ყველა და ყველაფერი გაციებულია. ასეთი დრო მოვიდაო ვამბობთ. ალბათ, ასეც არის, მაგრამ მე მაინც მჯერა, რომ სიყვარულით უნდა იცხოვროს ადამიანმა, სანამ ამქვეყნიურ ცხოვრებას არ დავტოვებთ“ – ამბობს მარიამ თოდიძე.

 

ავტორი: Prime Time

0
კომენატარი - +

მსგავსი სიახლეები

X