fbpx
14:34 | 2020-05-06 ავტორი: თამარ გონგაძე

პირველად „პრაიმტაიმში“! – ოთარ მიქელაძე თინეიჯერი გეგა კობახიძისა და ირაკლი ჩარკვიანის უცნობ ისტორიებზე

პირველად „პრაიმტაიმში“! – ოთარ მიქელაძე თინეიჯერი გეგა კობახიძისა და ირაკლი ჩარკვიანის უცნობ ისტორიებზე

რეჟისორი და მსახიობი, რომლის სახელსაც ყოფილ საბჭოთა კავშირში, მეორე მოსწავლე-ახალგაზრდული დამოუკიდებელი თეატრ-სტუდია უკავშირდება, ოთარ მიქელაძე გახლავთ. პირველი მოსკოვში იყო.

 

„მანამდე როგორ არ იყო მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეო? ამბობენ და პიონერთა სასახლეს გულისხმობენ, სადაც მეც დავდიოდი. მაგრამ ჩემი სტუდია იყო პირველი დამოუკიდებელი თეატრ-სტუდია” – “პრაიმტაიმთან” ამბობს ბატონი ოთარი.

 

მაშინ 22 წლის იყო, ენთუზიაზმით სავსე, ენერგიული, განსხვავებული გარეგნობითა და წიგნის მოჭარბებული სიყვარულით.

 

Otar Mikeladze-ს ფოტო.

 

 

როგორც ამბობს, ბევრი მსახიობი და რეჟისორი გაიზარდა მის ხელში. თუმცა სანამ ამ სტუდიას გახსნიდა, 53-ე სკოლაში გახსნა თეატრალური სტუდია. სწორედ აქ გაიცნო მან გეგა კობახიძე და ირაკლი ჩარკვიანი, რომლებიც კლასელები იყვნენ და ოთარის სტუდიაში, სამსახიობო კუთხით, პირველი ნაბიჯები გადადგეს.

 

ოთარ მიქელაძეს, აქამდე, საჯაროდ არასდროს უსაუბრია კობახიძესა და ჩარკვიანზე. ამდენად, „პრაიმტაიმის“ მკითხველი პირველად ეცნობა მერვე-მეცხრე კლასელ გეგასა და ირაკლის.

 

Otar Mikeladze-ს ფოტო.

 

ოთარ მიქელაძე: – მე მათ მოყვარულის დონეზე ვასწავლიდი მსახიობის ოსტატობას. ორივე ძალიან ნიჭიერი იყო, მაგრამ ირაკლი მრავალმხრივ ნიჭიერი გახლდათ.

 

მახსოვს, დავდგი „ძველი ვოდევილები“. ერთ-ერთ ვოდევილში – „ოინბაზში“, ტიგრანას როლი, რომელსაც მარჯანიშვილში ვასო გოძიაშვილი თამაშობდა, ირაკლის მივეცი. კოსტიუმის ესკიზი თვითონ გაამზადა, მოიტანა, რეკვიზიტი წარმოადგინა. ბრწყინვალედ ითამაშა.

 

სკოლის დამთავრების შემდეგ მე ირაკლი აღარ მინახავს. გეგამ ჩემთან მეგობრობა გააგრძელა. დაახლოებით ათი წლით უფროსი ვიყავი მათზე.

 

გეგამ მერე თეატრალურ უნივერსტიტეტში ჩააბარა. ინტელიგენტი ბავშვი იყო, კეთილშობილი, ყველაფერში დახვეწილი…

 

ჩემი დაბადების დღე იყო და დაემთხვა, რომ მე საავადმყოფოში ვიყავი. რკინიგზის სავადმყოფოში ვწევარ, იღება კარი და შემოდის გეგა. მისი ნახვა ყოველთვის მიხაროდა, ღვთიური იყო, ზოგჯერ ვამბობდი, მზე არის-მეთქი.

 

ხელში შეფუთული დიდი რაღაც ეჭირა. ნახატს რომ გავდა, მიახლოებით კი მივხვდი. გეგა ხატავდა… მომიკითხა და საჩუქარი მოგიტანეო, მითხრა. გამიკვირდა. გახსნა და ვხედავ, ახალგაზრდა ბიჭი ხატია, დიდი თვალებით, დიდი შუბლით, დიდი ცხვირით. ტილოა! ეს შენ ხარ და გჩუქნიო. ეს მე ვარ-მეთქი? ეს მე როგორ ვარ-მეთქი? გავიოცე დახატული მახინჯი ბიჭის შემხედვარემ.

 

დაიცა, შენ გინდოდა ზუსტად გმსგავსებოდა? ფოტოები სახლში გაქვს, ეს ნახატიაო.

 

ნახატი გადმოვაბრუნე და ეწერა „გზაზე“. ეს შენი სახელია, მთელი ცხოვრება გზაზე ხარო, მითხრა.

 

გეგამ ჩემი სული დახატა. ჩემს დაუდგრომელ ხასიათს ხედავდა, ჩემი ფორიაქი იცოდა და ნახატს დაარქვა „გზაზე“. სპექტაკლის დადგმისას ვცოცხლობდი, პრემიერის მერე ვკვდებოდი… ეს იცოდა.

 

 

მერე ის საშინელი ამბავი მოხდა, თვითმფრინავის ისტორია… მე გეგა აღარც მინახავს. ჩვენი ბოლო შეხვედრა ის აღმოჩნდა, საადმყოფოში.

 

კაგებეს არაფერი ეპარებოდა, არც ჩემი და გეგას მეგობრობა გამოპარვია. ჩემთანაც ჰქონდათ გასაუბრება, რაღაცები მკითხეს… მერე გავიგე, რომ მითვალთვალებდნენ.

 

დედამ ეს რომ გაიგო, გეგას ნახატი გადამალა. ძალიან ემოციური ქალი იყო, „პანიკიორი“. დედა, სად არის ნახატი-მეთქი, ვკითხე. ნუ გეშინია, სადაც საჭიროა შევინახე, ჩაიაროს ყველაფერმა და გამოვაჩენო, “დამამშვიდა”.

 

მერე, როგორც გაირკვა, ეს ნახატი მეზობელთა ჰქონია დამალული. აღმოჩნდა, რომ კობახიძის ნახატი დაკარგა.

 

ვერ დავაბრალებ ამ მეზობელს, მომპარა და გადამალა-მეთქი, ან გეგა რა იცოდა, ან ნახატის რა გაეგებოდა? ბერძნები იყვნენ და საბერძნეთში წავიდნენ. იმ ნახატს გაჰყვა მთელი ჩემი სული… კაცმა ჩემი სული დახატა, რისი დანახვაც ვერავინ შეძლო, საავადმყოფოში მომიტანა, მაჩუქა და მე ვერ გავუფრთხილდი…

 

აი, ეს იყო მიზეზი, რომ მას შემდეგ მე გეგას ფოტოებსაც აღარავის ვაჩვენებდი და არც მასზე ვსაუბრობდი…

 

 

შეიძლება ითქვას, რომ გეგას მსახიობად ჩამოყალიბებაში წვლილი მიგიძღვით?

 

– მე ამას როგორ ვიტყვი, როცა გეგას დედა მსახიობი ჰყავს და მამა მსოფლიო დონის რეჟისორი ყავდა. ვერც იმას ვიტყვი, რომ მე შევაყვარე მსახიობობა. მე ამის თქმა მიშა კობახიძის შვილზე შემიძლია? ჩემს სტუდიამდე მას ლაზარე უკვე ნათაშები ჰქონდა… ხედავთ? ის უკვე მსახიობი იყო…

 

ოთარ მიქელაძეს თავისი ახალგაზრდული თეატრ-სტუდიის გარდა დადგმული აქვს სპექტაკლები – მარჯანიშვილის თეატრში, ვაჭრობის კულტურის სახლში… ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში დადგმული აქვს სატირულ-მუსიკალური შოუ-წარმოდგენა „ჰელოუ, სიცილია“, სილამაზის კონკურსი, არჩილ კერესელიძის ხსოვნის საღამო.

 

ნათამაშევი აქვს ფილმებში: „ქაღალდის ნავი“, „კვენტინის სათვალე“, „აქ თენდება“, „30 სანტიმეტრი ზღვის დონიდან“, „გარიგება 2“… ბოლოს გამოჩნდა სერიალშიც „ჩემი ცოლის დაქალები“, სადაც ნინო კასრაძის გმირს გამოძიებაში ეხმარებოდა.

 

ასევე ითამაშა გოგა ხაინდრავას მრავალსერიან ფილმში „ჰეროკრატია“, სადაც მან ლადო ბედუკაძის პროტოტიპი განასახიერა. მოგვიანებით კი ექსპრეზიდენტ, მიხეილ სააკავშილს ამ ფილმში მონაწილეობისთვის ბოდიში მოუხადა.

 

Otar Mikeladze-ს ფოტო.

„რასაც გადაღებებზე ვხედავდი, ისე მოქმედებდა ჩემზე, რომ სტრესში ვიყავი, მიუხედავა იმისა, რომ მსახიობი და რეჟისორი ვარ. ყოველთვის მეპარებოდა ეჭვი, რომ იქ რასაც ვიღებდით, ნუთუ ნამდვილად ხდებოდა ციხეებში?…“ – „პრაიმტაიმთან“ აცხადებს რესპონდენტი.

 

როგორც ამბობს, ფილმებში გადაღებაზე მეტწილად უარს ამბობს იმ მარტივი მიზეზით, რომ უბრალოდ სიტყვებს ვერ იმახსოვრებს.

 

ოთარი: – ზაზა ურუშაძე მიღებდა ფილმში „დარჩი ჩემთან“. ფოკუსნიკს ვთამაშობ და ნატა მურვანიძის გმირისთვის მაქვს სათქმელი სამიოდე სიტყვა – “დაინგრა, ქალო, დარბაზი”. ვერაფრით თანმიმდევრობით ვერ დავიმახსოვრე და 40 დუბლის გადაღება დასჭირდა ზაზას.

 

 

ყველას ვეუბნები, ვინმეს თუ გინდათ ჩემი გადაღება, დამიძახეთ მუნჯის როლში – დავგლიჯავ!

 

ამბობს რომ, პანდემიურმა თვითიზოლაციამ ძალიან დათრგუნა, რადგან მის საყვარელ ადამიანებთან ვერ ურთიერთობს. აცხადებს, რომ სიკვდილის არ ეშინია.

 

ოთარი: – ცხოვრებას მაძლებინეს და ძალას მმატებს ის, რომ ყოველთვის მახსოვს სიკვდილი. იმ ქვეყნის უფრო მწამს, ვიდრე აქაური ცხოვრების. მწამს ჩემებურად, ეკლესიური არ ვარ. ყველაფერი უტრირებული და ფანატური ჩემთვის მიუღებელია. მე უფრო რეინკარნაციისკენ ვიხრები.

 

ვინ იყავით წინა ცხოვრებაში, როგორ გგონიათ?

 

– ვიყავი ან ძალიან ლამაზი, ან ძალიან მდიდარი. ღმერთმა მომცა ყველაფერი, მაგრამ მე ვერ შევიფერე. ვიყავი ამპარტავანი ადამიანი და ჩავთვალე ის ყველაფერი არა ღმერთის ნაბოძები, არამედ ჩემი მონაპოვარი იყო. დიახაც! ჩემია და მე მეკუთვნის-მეთქი. აი, ამ ამპარტავნების გამო ვისჯები ახლა და ეს ყველაფერი წამერთვა.

 

რითი ისჯებით ახლა? ან რის დეფიციტს განიცდით?

 

– თვითრეალიზაციის. აქ არ ვგუულისხმობ იმას, რატომ არ ვარ ძალიან ცნობილი მსახიობი და რეჟისორი-მეთქი. არა, მე სიკეთის გაკეთებაში რელიზებას ვგულისხმობ. სიკეთის მქმნელ პროფესიებს და მათში რეალიზებას ვგულისხმობ.

 

ვეცდები აგიხსნათ. ძალიან მიყვარს ცხოველები, განსაკუთრებთ ძაღლები. ხანდახან მაგასაც ვფიქრობ, წინა ცხოვრებაში ძაღლი ხომ არ ვიყავი-მეთქი. მათ ვაჭმევ, ველაპარაკები. თითქოს მათთან ურთიერთობაში მე რეალიზებული ვარ. ეზოს ძაღლს, ზარბაზანას სახლიდან ჩატანილ სოსისს რომ ვაჭმევ, ლამის ბედნიერებისგან ცაში გავფრინდე.

 

ბავშვობაში მსახიობობის პარალელურად ვოცნებობდი გავმხდარიყავი ექიმი. ჩვენს ექიმებს რომ ვუყურებ ახლა, მათი თეთრი შურით მშურს. მათ ახლა სიკეთის ქმნის დიდი საშულება აქვთ. აი, ასეთი სიკეთის ქმნა მინდოდა… ადამიანების დახმარება.

 

ეგზიუპერის ფრაზა იყო ჩემი დევიზი – „ერთადერთი ფუფუნება დედამიწაზე ადამიანთან ურთიერთობაა“.

 

პანდემიის დროს რაც მანგრევს, ეს თვითიზოლაციაა. ეს სიტყვა უკვე მაღიზიანებს. ადამიანებთან ურთიერთობა წაგვართვეს და ამიტომ.

 

შიმშილს მეტნაკლებად, რაღაც პერიოდი გავუძლებ, იზოლაციას – ვერა. მე ურთიერთობის გარეშე არ შემიძლია.

 

ახალი წელი რომ მოდიოდა, იცით, რას ვაკეთებდი? ვიყიდდი მისალოც ბარათებს, ბლომად, 200-300 ცალს. ეს, ბუნებრივია, არ იყო მხოლოდ ნათესავებისთვის და მეგობრებისთვის, უბრალო ნაცნობებსაც ვუწერდი მილოცვას და ბედნიერებას ვუსურვებდი. მერე ამ ბარათებს საფოსტო ყუთში რომ ჩავყრიდი, სახლში მოსული ბედნიერი ვიყავი.

 

ამის შემდეგ რა მეწყებოდა იცით – დღეს ის მიიღებდა ჩემს მისალოც ბარათს და ხვალ ის… ეს დიდ ბედნიერებას მანიჭებდი, უსაზღვროს… ამ ბედნიერებისგან ახლაც მაჟრჟოლებს.

 

ახლა გამოკეტილ ხალხს ფეისბუქზე „ტიკ-ტოკის“ ვიდეოებით ვამხიარულებ.

 

ექიმი ვერ გამოვედი, რეჟისორი და მსახობი გახლავართ. კოტე მარჯანიშვილი ამბობდა, ხელოვნების დანიშნულება ძალიან უბრალოა, მიანიჭო ხალხს ბედნიერებაო. ეს მე არ მყოფნის.

 

ძალიან ბევრს ვკითხულობდი. იმ დოზითაც კი, რომ ოჯახის წევრები დამცინოდნენ. დედასაც რამდენჯერ უთქვამს, ეს წიგნები შენ გაგაგიჟებსო.

 

ხანდახან მგონია, რომ უცხოპლანეტელი ვარ. ისეთ რამეებზე ვფიქრობ, რაზეც არ ფიქრობენ ადამიანები. ადამიანის ცნობიერი არ მაინტერესებს, ქვეცნობიერი მაინტერესებს. შიგნიდან როგორია, განათლების კუთხით, და კიდევ არის თუ არა კეთილი?

 

ადრე დედა მსაყვედურობდა, შენ არ ხარ ამ ქვეყანაზე, არც ოჯახზე ფიქრობ, არც რამე ყოფითი განაღვლებსო… ახლა მეუღლეს აქვს ეს პრეტენზიები…

 

არ მიყვარს ჩაცმა, ტანსაცმელებზე ყურადღების გამახვილება. არც ადამიანებს ვაფასებ მათი ჩაცმულობისა და ქონების მიხედვით.

 

მეუბნებიან, ისე ჩაიცვი ქუჩაში გამოსულმა საზოგადოებას ეცი პატივიო. ეს რას ნიშნავს? მაგალითად, ერთ-ერთი გადაღების დროს ჩემი დაბადების დღე დაემთხვა. ჯგუფმა ფული შეკრიბა და ფეხსაცმელი მიყიდა.

 

დახეული ეცვა და ვუყიდეთო, რომ უთხრეს დედაჩემს, ის გაგიჟდა. გარდერობის კარი გააღო და გადმოყარა ჩემი ფეხსაცმელები.

 

აი, რამდენი აქვს და ასე მარცხვენს, ხალხს გონია არ აქვსო… არ ვიცვამდი. ერთხელ ჩაუცმელი ფეხსაცმელი გამოვიღე, ვიფიქრე, ჩავიცვამ-მეთქი. ავიღე და ლანჩი გაძვრა, უცმელად დებისაგან დაიშალა.

 

– ბატონო ოთარ, როგორ გგონიათ, რითი შეიცვლება სამყარო პანდემიის შემდეგ?

 

– რაღააცები ვისწავლეთ – დისციპლინა, პატივისცემა. ადამიანებმა ისწავლეს რიგში დგომა, მუჯლუგუნებს აღარ კრავენ ერთმანეთს, ისწავლეს ხელების დაბანა…

 

მაგრამ მეშინია იმის, რომ ადამიანები არ გაცივდნენ. ღმერთმა ქნას, რომ ადამიანებმა უფრო შეიყვარონ ერთმანეთი.

 

ფეისბუქზე მიდევს ჩემი და ჩემი მეგობრის ფოტო, სადაც ფიალებით ვახტანგურად ვსვამთ ღვინოს და მიწერია: მეშინია, რომ აღარ დაბრუნდება ქეიფი, ურთიერთობა, ვახტანგური… ამის მეშინია.

Otar Mikeladze-ს ფოტო.

ავტორი: თამარ გონგაძე

0
კომენტარი - +

X