fbpx
19:25 | 2020-09-11 ავტორი: თამარ გონგაძე

“პირდაპირ ეთერში დაგანახებთ, როგორები არიან ეს ადამიანები” – ლელა წურწუმია თავის ახალ გადაცემაზე

“პირდაპირ ეთერში დაგანახებთ, როგორები არიან ეს ადამიანები” – ლელა წურწუმია თავის ახალ გადაცემაზე

ლელა წურწუმია 17 სექტემბერს პირდაპირ ეთერში გადაცემას წაიყვანს. “მხოლოდ ლელასთან” ასე ჰქვია გასართობ შოუს “მთავარზე”, რომელშიც ცნობილი ადამიანები თავიანთ ცხოვრებაზე ისაუბრებენ.

 

ეს გადაცემა ლელასთვის პირველი არ არის. მომღერალს ამავე არხზე, თანაწამყვანებთან ერთად, პირდაპირ ეთერში, მიჰყავდა გადაცემა “სხვა შუაღამე”. სწორედ მაშინ გაუჩნდათ პროდიუსერებს იდეა, რომ ლელას დაახლოებით იგივე ფორმატის შოუ წაეყვანა.

 

ერთ საათიან გასართობ შოუს მუსიკალურად გააფორმებს ბენდი “ნონსტოპი”. როგორც ლელა “პრაიმტაიმს” უყვება, იქნება სიცილიც, ცრემლიც, უცნობი ისტორიები… სურს, რომ მაყურებელთან გულწრფელი იყოს და იმ ისტორიებმა, რომლებსაც საკუთარ სამზარეულოში ისმენს, პირდაპირ ეთერში გაიჟღეროს.

 

 

 

ლელა წურწუმია: – პრაიმტაიმში, ღამის 11 საათზე, პირდაპირ ეთერში წავიყვან გადაცემას. ეს ჩემი სურვილი იყო. ძალიან მინდოდა, რომ პირდაპირ ეთერში ყოფილიყო შოუ. ამას ემოციური დატვირთვა აქვს. ეს იქნება ჩემს მაყურებელთან პირდაპირი შეხება ისევე, როგორც კონცერტზე.

 

ისეთი ადრენალინი მაქვს და ისე ვნერვიულობ, ვერ აგიხსნით. მე ჩემი კონცერტების წინაც ვნერვიულობ. რაც დრო გადის, პასუხისმგებლობაც ხომ მეტია. მე ხომ მთელი ცხოვრება პასუხისმგებლობას ვკიდევ საკუთარ თავს. ამით არის ჩემი ცხოვრება საინტერესო. მე მომწონს პროცესი. როგორც კი შედეგამდე მივდივარ, მომენტალურად ახალი რაღაც მჭირდება, რომ ფორმაში და მოტივირებული ვიყო. რა ვქნა, საჯარო და შემოქმედი ადამიანი ვარ, რომლის ცხოვრებას ბევრი ადამიანი უყურებს. როდესაც პასუხისმგებლობას იღებ და შენ ხდები მათ ცხოვრებაზე ნაწილობრივ პასუხისმგებელი, უკვე თავს მოდუნების უფლებას ვეღარ აძლევ.

 

სტუმრად მეყოლებიან ძალიან საინტერესო, არაჩვეულებრივი ადამიანები. ვეცდები, სხვა მხრიდან დავანახო მაყურებელს ისინი. იქნება საუბარი წარმატებაზე, წარუმატებლობაზე, სევდიან თუ სახალისო ამბებზე. ყველაფერზე, პოლიტიკის გარდა.

 

 

მალე მთავარ არხზე! 😎 “მხოლოდ ლელასთან” ყოველ ხუთშაბათს, 23:00

მალე მთავარ არხზე ! 😎“მხოლოდ ლელასთან” ყოველ ხუთშაბათს, 23:00 🎉

Posted by მხოლოდ ლელასთან on ხუთშაბათი, 10 სექტემბერი, 2020

 

 

მინდა ძალიან გულწრფელი ვიყო ჩემს მაყურებელთან. “სხვა შუაღამეში” მაყურებელს მოსწონდა ეს გულწრფელობა. როდესაც საზოგადოებას მისი პოზიციიდან ესაუბრები, მოსწონს. მეც მომწონს, როდესაც წამყვანი ჩემს აზრს და დამოკიდებულებას ითვალისწინებს.

მოკლედ, საავტორო გადაცემაა და ამდენად დიდი გამოწვევაა ჩემთვის. მოგეწონა პრომო?

 

– მომეწონა და დამაინტერესა. მაყურებელი გეყოლება. “არ შეგეშინდეს მარცხის” – პრომოში ისმის ასეთი ფრაზა. როგორ ფიქრობ, მარცხზე გახსნილად ისაუბრებენ ცნობილები?

 

– აუცილებლად ისაუბრებენ. წარმატება მარცხისა და წარუმატებლობის გარეშე არ არსებობს. პრობლემებს რა გამოლევს. რესპონდენტს სურვილს გავუჩენ ის ისტორია მოვაყოლო, რომელზეც ფიქრობს, არასდროს მოვყვებიო. მოუნდეს დაცლა და გათავისუფლება.

 

ჩვენს ირგვლივ ძალიან ბევრი პოლიტიკაა, დავისტრესეთ. მე კი მინდა ჩემს გადაცემაში ცნობილი ადამიანები ჩემი კუთხიდან დავანახო მაყურებელს.

 

 

 

– ის ფაქტი, რომ ბევრი მეგობარი გყავს შოუბიზნესში დაგეხმარება იმაში, რომ ისინი შოუს სტუმრის რანგში გახსნილები იყვნენ და უცნობი ფაქტები მოგიყვნენ პირდაპირ ეთერში?

 

– მხოლოდ დამეხმარება, კი. მე ხომ მიყვარს ჩემს მეგობრებთან ერთად განმარტოვებით ყოფნა სამზარეულოში, ყავასთან, სადილზე და ასე შემდეგ. ჩვენ ბევრ საინტერესო თემაზე ვსაუბრობთ. იქ ემოციაც არის, სიცილიც, ცრემლიც. ამიტომ მე მათთან პირდაპირ ეთერში საუბარი არ გამიჭირდება. უბრალოდ ახლა თქვენ დაგანახებთ ჩემი სამზარეულოს გარეთ, როგორები იქნებიან ეს ადამიანები.

 

სტუმრებთან წინასწარ თემას არ ვათანხმებ. ცოცხლად, იქვე წარვმართავ დიალოგს. არ შევეხები თემებს, სადაც ვიცი, რომ წითელი ხაზებია გავლებული. მე ხომ ჟურნალისტი არ ვარ. ჟურნალისტიკა სხვა სითამამე და სხვა გამბედაობაა.

 

მინდა, რომ ეს იყოს გადაცემა სულისთვის, გულისთვის. ჩემმა უახლოესმა მეგობარმა მითხრა, ყოველ ოთხშაბათს და ხუთშაბათს გაღიმებული ვიძინებო. მეც ასე მინდა, ხუთშაბათს ეთერის შემდეგ გაღიმებულმა დავიძინო მეც და მაყურებელმაც.

 

 

პანდემიის დროს “ინსტაგრამის” და “ფეისბუქის” გვერდიდან ლაივჩართვები მქონდა და ერთდროულად 120 ათასი მაყურებელი მიყურებდა. მახსოვს, მაკიაჟს ვიკეთებდი და თავისუფალ თემებზე მოწესრიგებული ვსაუბრობდი. ბევრი მაყურებელი მყავდა. ესეც იყო იმის დასტური, თუ რატომ უნდა გამეკეთებინა ეს გადაცემა.

 

ერთხელ დასავლეთში მივდიოდი და “ინსტაგრამზე” ჩართვა მქონდა. უცებ ვთქვი, ახლა უნდა გამოვრთო, მანქანა გადავაყენო, “სმარტში” უნდა შევიდე და მერე ჩაგერთვებით-მეთქი. შევედი და რიგი იყო დიდი. უცებ ვხედავ, მორბის თანამშრომელი და მეუბნება, ქალბატონო ლელა, ახლა გიყურებდით და მოვრბივარ, თქვენთვის სალარო უნდა გავხსნაო (იცინის). დიდხანს რომ არ შევყოვნებულიყავი მაღაზიაში, უცებ მომემსახურა. ადამიანებთან ურთიერთობა ისეთი ადრენალინი და კაიფია, ძალიან მომწონს. მე თუ ამით ბევრ ადამიანს გავაბედნიერებ, რატომაც არა? ვიცი, ელოდებიან და ამას უფრო მეტი პოზიტივი აქვს, ვიდრე ნეგატივი. ყველასთვის ყველაფერ მოსაწონს ნამდვილად ვერ გავაკეთებ, რა ვქნა? იდიალურები არც თვითონ არიან თავიანთი ოჯახის წევრებისთვის.

 

– როგორ შეაჯამებ შენთვის საკმაოდ დატვირთულ ზაფხულს?

 

– პანდემიის დროს ოთხი თვე მორალურად ძალიან მძიმე მდგომარეობაში ვიყავით ყველანი. მერე ყველაფერი ეტაპობრივად ამუშავდა, ჩვენი სფერო ყველაზე ბოლოს. ხელოვანი ადამიანის გამოკეტვა არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება. პროფესიული შიმშილი რომ დაეწყება, ხელოვნება ხარისხს კარგავს. მეც საშინელი შიში მქონდა. ველოდებოდი ბათუმში ჩასვლას და ღია სივრცეში კონცერტებს.

 

 

გაგვიმართლა და ივლისის მეორე ნახევარში მთელი სეზონი ვიმუშავე “სოჰო”-ში. ამ კლუბის მენეჯერი ჩემი წლების მეგობარია. გია გუმბერიძემ (რომელიც ტელევიზიაშიც მუშაობდა, აშუქებდა შოუბიზნესს, მიჰყავდა სხვადასხვა გასართობი და მუსიკალური გადაცემები) და მისმა გუნდმა მოგვცა ცოცხალი კონცერტების გამართვის საშუალება. წელს რეკორდული რაოდენობის მაყურებელი მყავდა კლუბში და ყველასი მადლობელი ვარ.

 

წელს ძალიან ბევრი ივენთი და კონცერტი გამიუქმდა. ახლა სეზონური გრიპები იწყება, მხოლოდ კოვიდი ხომ არ არის. სტრესული მდგომარეობა და მოჭიმულობა ჩვენ უკვე გავიარეთ. ადამიანები ხომ ყველაფერთან ვახერხებთ ადაპტირებას. ზაფხულში მოვეშვით და საერთოდ დაგვავიწყდა ეს პრობლემა. თუმცა უნდა ვიცოდეთ, რომ ეს ვირუსი აუცილებლად შეგვახსენებს თავს. ცოტა გაგვიჭირდება. მაგრამ მთელ მსოფლიოში ასეა. კოვიდინფიცირებულებთან ერთად სეზონური გრიპით დაავადებულებით კოლაფსი რომ არ მოხდეს, დავიცვათ რეგულაციები, პირბადით, ხელების ხშირი დაბანით, ანტისეპტიკის გამოყენებით. ამჯერად არანაირი პანიკი აღარ მაქვს. მშვიდად ვუყურებ. ამ რეალობაში ვცხოვრობთ და ესეც გაივლის.

ავტორი: თამარ გონგაძე

0
კომენტარი - +

X