10:40 | 2020-06-30 ავტორი: თამარ ბუჩუკური

პაციენტი ამბობს, რომ მედიკამენტები ერთ ლარად დეფიციტშია – რას პასუხობს მომხმარებელს ჯანდაცვის სამინისტრო

პაციენტი ამბობს, რომ მედიკამენტები ერთ ლარად დეფიციტშია – რას პასუხობს მომხმარებელს ჯანდაცვის სამინისტრო

ჯანდაცვის სამინისტრომ პროგრამა წამლები ერთ ლარად, ქრონიკული დაავადებების მქონე პირებისთვის პრეპარატების ხელმისაწვდომობის მიზნით შექმნა.

 

თუმცა, „პრაიმტაიმის“ რესპონდენტი ამბობს, რომ აფთიაქებში პროგრამის წამლები ან არ არის, ან თუ იყიდება, საწყის ფასად და არა ერთ ლარად.

 

82 წლის დოდო გელაშვილს გულ-სისხლძარღვთა დაავადება აქვს, ის მუდმივად მედიკამენტებს იღებს. თუმცა, დანიშნული ოთხი პრეპარატიდან აფთიაქში არცერთი არ არის.

 

„82 წლის ვარ, აქამდე იმით მოვაღწიე, რომ ჯანმრთელობის მდგომარეობას დიდ ყურადღებას ვუთმობ.

 

გულ-სისხლძარღვთა ქრონიკული დაავადება მაქვს, მაწუხებს გული და სისხლის ცირკულაცია დარღვეული მაქვს, ამიტომ ოჯახის ექიმმა ოთხი პრეპარატი დამინიშნა.

 

ოთხივე მოხვდა იმ ნუსხაში, რომლიც ჯანდაცვის სამინისტრომ დაამტკიცა პროგრამად, რომლის მეშვეობითაც 1 ლარად უნდა ვყიდულობდე.

 

ერთ სააფთიაქო ქსელში საერთოდ არ იყიდება. ხოლო მეორეში მეუბნებიან, რომ ლარიანი წამლები ლიმიტირებულად შედის და ლიმიტი უკვე ამოწურულია, ამიტომ ჩვეულებრივ ფასად ვყიდულობ.

 

მხოლოდ ჩემი პრობლემა არ არის ცხადია, ჩემი მეგობრებიც იგივეს ამბობენ, მათაც იგივე ჩივილები აქვთ.

 

აფთიაქში გულის წამლების ანალოგები შემომთავაზეს, მაგრამ ლარად ყიდვა არ შეიძლება, რადგან რეალურად კი არის შემცვლელი პრეპარატები, მაგრამ სპეციალურ ნუსხაში თუ შეტანილი არ არის და გამოწერილი არ გაქვთ, სხვა სახელდებით ლარად არ გაიცემაო, ამბობენ.

 

მართლა არ მესმის, რისთვის ქმნიან პროგრამებს, რომელიც ხალხისთვის არ არის. თავს რაღას იღლიან?

 

წამლები სიმბოლურ ფასად კი არა, აფთიაქის თაროებზეც არ არის, ან თუ არის, მაინც ჩვეულებრივ, საბაზრო ფასი უნდა გადავიხადო.

 

ამას რა აზრი აქვს და რა შეღავათს გვაძლევს ჩვენ, პენსიონერებს?

 

მინდა, მოხუცების სახელით ჯანდაცვის სამინისტროს მივმართო და მოვუწოდო, რომ ეს პროგრამა გაამარტივონ და ანალოგი წამლების ყიდვა შევძლოთ თუ ლიმიტის ამოწურვის ან სხვა პრობლემის გამო, აფთიაქებში არ იქნება ჩვენთვის საჭირო პრეპარატები.

 

ამ ოთხ წამალში ოთხ ლარს უნდა ვიხდიდე, მაგრამ 78 ლარს ვიხდი.“ – ამბობს დოდო გელაშვილი.

 

რამდენად ხელმისაწვდომია პრეპარატები და როგორ სარგებლობენ მოქალაქეები ამ შეთავაზებით? – ამ კითხვებით „პრაიმტაიმმაჯანდაცვის სამინისტროს მიმართა.

 

უწყებაში აცხადებენ, რომ სააფთიაქო ქსელებში მედიკამენტების მარაგი საკმარისია. ხოლო 1 ლარად შესაძენ წამლებს თავად აფთიაქები ანაწილებენ და ამის შემდეგ, ბიუჯეტი აფინანსებს.

 

დექსამეტაზონმა კოვიდინფიცირებულებში სიკვდილიანობა შეამცირა - ყველაფერი ამ პრეპარატის შესახებ
2020-06-22დექსამეტაზონმა კოვიდინფიცირებულებში სიკვდილიანობა შეამცირა - ყველაფერი ამ პრეპარატის შესახებ

 

„პრეპარატები სააფთიაქო ქსელებში საკმარისია. დღეს მხოლოდ ერთ პრეპარატზე შეიქმნა აფთიაქებში დეფიციტი, ეს პრეპარატია საფლუტინი.

 

რეალურად პრეპარატი უკვე საქართველოშია, მას მხოლოდ 2 ან მაქსიმუმ სამი დღე დასჭირდება აფთიაქებში მოსახვედრად.

 

მედიკამენტები ფინანსდება და ბენეფიციარებზე გაიცემა საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის მედიკამენტებით უზრუნველყოფის კომპონენტით განსაზღვრული ფარმაცევტული პროდუქტის ნუსხის ფარგლებში.

 

ასეთი ლიმიტი არ არსებობს. სააფთიაქო ქსელები ჩვეულებრივ, დამოუკიდებლად ანაწილებენ საკუთარ ქსელში პროგრამით გათვალისწინებულ წამლებს, ისევე როგორც ნებისმიერ სხვა პროდუქტს, რომელიც ნებისმიერი მომხმარებლისთვის არის განკუთვნილი.

 

აფთიაქი, მოთხოვნის არსებობის შემთხვევაში გასცემს მედიკამენტს ბენეფიციარზე ხოლო სახელმწიფო შემდეგ ამ პროგრამის ფარგლებში ანაზღაურებს ღირებულებას.

 

„მედიკამენტები 1 ლარად“ პროგრამის ფარგლებში და ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში მედიკამენტები მინიმუმ ერთხელ მაინც მიიღო 141 519 – პირმა.

 

მოთხოვნა პრეპარატებზე მზარდია. წამლების ხელმისაწვდომობის მიზნით, მიდგომა შეიცვალა.

 

უკვე, მოქალაქეებს შეუძლიათ იყიდონ ოჯახის ექიმის მიერ დანიშნული მედიკამენტები საყოველთაო ჯანდაცვის ფარგლებში, თუ „მედიკამენტები 1 ლარად“ პროგრამის ფარგლებში ამოწურულია.

 

ახალი პროგრამით, სახელმწიფო წინასწარ აღარ ყიდულობს წამლებს, მოქმედებს, როგორც კერძო სადაზღვეო კომპანია, გასცემს მედიკამენტს და ამის შემდეგ ანაზღაურდება.” – აცხადებენ უწყებაში.

 

ავტორი: თამარ ბუჩუკური

0
კომენატარი - +

X