23:15 | 2020-06-01 ავტორი: თამარ გონგაძე

“პატრიარქმა ჩემს ქმარს უთხრა, ხომ იცი, ცოლად ვის ირთავო?” – თამარ ივერი პირადი ცხოვრების დეტალებს იხსენებს

“პატრიარქმა ჩემს ქმარს უთხრა, ხომ იცი, ცოლად ვის ირთავო?” – თამარ ივერი პირადი ცხოვრების დეტალებს იხსენებს

სოპრანოს, თამარ ივერის ტყუპები ექვსი წლის გახდნენ. მომღერალი “პრაიმტაიმთან” იხსენებს, 19 წლიანი კარიერის თავზე, როგორ მივიდა ქორწინებამდე და რა უზომო სიხარული მიანიჭა ტყუპების – ნინა-ლიზას და უგო-ავთანდილის ამქვეყნად მოვლინებამ.

 

თამარ ივერი: – ჩემს ცხოვრებაში იყო მხოლოდ კარიერა. ქორწინებას წინ უძღოდა 19 წლიანი კარიერა, შემოქმედების აქტიურ ფაზაში ვიყავი. ჩემმა მეუღლემაც იცოდა, ცოლად ვის ირთავდა (იცინის). მახსოვს, პატრიარქმაც უთხრა ქორწინების დღეს, შენ ხომ იცი, ცოლად ვის ირთავო? მასთან გვქონდა მიღება და ეს უთხრა. ჩემი მეუღლე ამაზე დაიბნა, დაიზაფრა. ხელი უნდა შეუწყოო, ეს იგულისხმა უწმინდესმა.

 

მაინცდამაინც ოჯახის შექმნას არ ვფიქრობდი. იმაში დიდი როლი, რომ ჯვარი დაგვეწერა და შვილი გვყოლოდა, ჩემმა მეუღლემ ითამაშა. მე იმითაც კმაყოფილი ვიყავი, რომ ურთიერთობა გვქონდა, მე ჩემთვის ვმღეროდი, რაული ჩემთან ერთად იყო.

 

ბუნებით “აძინოკი ვოლკი” ვიყავი (იცინის). ასე რომ, რაული შეეცადა, რომ დავოჯახებულიყავით.

 

2020-06-01"ქმარმა მიატოვა, სამი მილიონი მოიპარაო" - მარინა ბერიძე ყოფილ ქმარსა და დანგრეულ ოჯახზე

 

ძალიან დიდი შოკი და საოცარი შეგრძნება იყო, როდესაც გავიგე ტყუპებს ველოდებოდი. ეს იყო რევოლუცია! ვაიმე, ამიერიდან რა იქნება, მერე როგორ ვიმღერებ? როგორ იქნება ჩემი კარიერა? ეს “მერე” სულ თან დამდევდა…

 

ცხოვრება ისეა აწყობილი, რაღაცის სანაცვლოდ რაღაც მოგეცემა, რაღაცას დათმობ, მაგრამ იმასაც გაგრძნობინებს, რომ ასეა საჭირო! მე ტყუპების სანაცვლოდ, გარკვეული პერიოდით, ჩემი კარიერა დავთმე. ერთი შვილით კიდევ შეგიძლია იარო თეატრში და იმღერო, მაგრამ ორ შვილთან ერთად ამას ვერ გააკეთებ.

 

Nana Glurjidze-ს ფოტო.

 

არ მინდოდა, რომ ჩემს შვილებს ჩემთვის “თამრიკო დეიდა” დაეძახათ და ძიძა უფრო ყვარებოდათ. ამიტომ იშვიათად გამოვდიოდი კონცერტებზე. კარიერის საზიანოდ უარი ვთქვი სპექტაკლებზე, რომელსაც ერთთვიანი რეპეტიციები უძღვის წინ.

 

მე მაინც ვფიქრობ, შემდეგ წელს აქტიურ შემოქმედებას დავუბრუნდები. ეს პაუზა კარგია ჩემთვისაც და ჩემი შვილებისთვისაც. ბევრი რამ ავწონ-დავწონე. ფასეულობები გადავაფასე. ცხოვრებას სხვა თვალით ვუყურებ.

 

ყველა ხელოვანი – გინდა კალასი და გინდა კარუზო აიღოთ, “პუბლიკის ჯამბაზები” ვართ. ჩვენ ვართობთ ადამიანებს, რომლებიც საღამოს დაღლილები მიდიან თეატრში, რომ დაისვენონ. ბევრი მომღერალი ვიცი, ადამიანების გართობაში-გართობაში თავიანთი ცხოვრება გასდით…

 

2020-06-01"დედა, მამას გარდაცვალების შემდეგ, სრულიად დაბრმავდა" - თაკო ჩარკვიანი დედის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე

 

ცხოვრობენ ჩემოდნებზე. მამაკაცებისთვის ეს კიდევ ადვილია, ცოლის ხარჯზე. ქალისთვის კი რთულია. იშვიათია ქმარი ისე დაგყვებოდეს თეატრიდან თეატრში, რეპეტიციებზე, სპექტაკლებზე, როგორც მე და ანიტა რაჭველიშვილს დაგვყვება… ძალიან იშვიათია. დედა რომ ხდები, ეს კარიერისთვის დიდი მუხრუჭია. ამის გამო ბევრი ვარსკვლავი ჩემოდნებზე ცხოვრობს, პირადი ცხოვრების გარეშე…

 

მე მიხარია, რომ ჩემს ოჯახსაც დავთმე დრო. და კარიერას დრო მოვპარე. მე არ ვნანობ. თუმცა არ ვიტყვი, რომ ჩემი მოწოდება მხოლოდ დედობა და დიასახლისობაა. არამც და არამც. მე შემოქმედების ადამიანი ვარ. ხელოვნების და აქტიური საზოგადოებრივი ცხოვრების გარეშე მე არ შემიძლია, მხოლოდ სახლში ჯდომა ჩემი არ არის. ვფიქრობ, შვილებისთვისაც დასაფასებელი ვიქნები, როდესაც მათი დედა “რაღაცას” წარმოადგენს.

 

და როგორები არიან ტყუპები?

 

– ბიჭი იმპულსური და ბავშვურია, გოგონა მიხვედრილი და ჩამოყალიბებული. ბიჭი რომ მიდის, გოგო უკვე მოდის (იცინის). ნაზი ხმები აქვთ, სიმღერა უყვართ. მინდა თავი სცადონ სპორტშიც, სიმღერაშიც, ხელოვნებაშიც… მერე თვითონ მიხვდებიან, რაც უნდათ… შევხედავ.

ავტორი: თამარ გონგაძე

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები