19:04 | 2020-07-26 ავტორი: Prime Time

პატენტი დედა და პატრიარქის წინ მდუმარე მომღერალი – ეთერ კაკულიას გულახდილი ინტერვიუ გარდაცვალებამდე ცოტა ხნით ადრე

პატენტი დედა და პატრიარქის წინ მდუმარე მომღერალი – ეთერ კაკულიას გულახდილი ინტერვიუ გარდაცვალებამდე ცოტა ხნით ადრე

25 ივნისს, ყველას საყვარელი მომღერლის, ეთერ კაკულიას გარდაცვალებიდან 5 წელი გავიდა. მას სიცოცხლის ბოლომდე არ დაუკარგავს იუმორი, მადლირებისა და ყოველი დღით ტკბობის სურვილი.

 

ნანობდა, რომ არ წერდა დღიურებს. იმასაც ნანობდა, რომ ბევრი შვილი არ გააჩინა… ემადლიერებოდა შვილს, რომლისგანაც ამხელა მზრუნველობას ვერც წარმოიდგენდა.

 

„ახლა გავიცანი ჩემი შვილი, როცა დამჭირდაო“, – ამბობდა პოზიტიური, ხალისიანი და იუმორით სავსე ეთერ კაკულია „პრაიმტაიმთან“ ინტერვიუში, როცა პირადი ცხოვრების შესახებ ყვებოდა.

 

გთვაზობთ ამონარიდებს „პრაიმტაიმის“ საარქივო მასალებიდან

 

 

 დედის ქუსლებზე შემხტარი პრანჭია

 

 

– გგონია, მახსოვს ჩემი ბავშვობა? მე და ლენინი რომ გიმნაზიაში ერთად დავდიოდით ეგ ამბავი არ გეცოდინება, მაქედან დავიწყებ (იცინის)… კალანდაძის ქუჩაზე დავიბადე, ვერაზე.

 

ძალიან სიმპათიური ბავშვი ვიყავი, ეს კარგად მახსოვს. დედაჩემის „ჩერნაბურკას“ ჩავიცვამდი ხოლმე, მის შლაპას დავიფარებდი თავზე, მისსავე მაღალ ქუსლებზე შევხტებოდი და მიხაროდა.

 

მაშინ, ალბათ, სამი წლის ვიქნებოდი, ხომ წარმოგიდგენია რა პრანჭია ვიყავი. თავიდანვე მქონდა არტისტული მონაცემები. მერე დავკარგე. რატომ იცი? ორჯერ წამიყვანეს კინოსტუდიაში, სინჯებზე და ვერაფერი გავაკეთე.

 

– მშობლებზე რას მეტყვით?

 

– მამაჩემი, ირაკლი კაკულია გეპეის პროფესორი იყო. აბრაც არის ჩვენს სადარბაზოსთან, რომ ამ სახლში მამაჩემი ცხოვრობდა. ფოთში მისი სახელობის ქუჩაც არსებობს. მამაჩემის გაზრდილია ნახევარი საქართველო.

 

სტუდენტებს, რომლებიც ზარმაცობდნენ, არ სწავლობდნენ, ხეებს არგვევინებდა. ჩვენს ეზოში სულ მამაჩემის სტუდენტების დარგული ხეებია. მერე აჭმევდა, ღვინოს დაალევინებდა ხოლმე. არ არის სწორი? თუ ვერ სწავლობ, ხე მაინც უნდა დარგო.

 

– დედა რას საქმიანობდა?

 

– დიასახლისი იყო. მე და ჩემს ძმას მოგვიძღვნა მთელი ცხოვრება. მე ვფიქრობ, ქალი დიასახლისი უნდა იყოს, თუ ხელჩლუნგი არ არის ჩემსავით და კერძების მომზადება შეუძლია.

 

დედა საოცარი დიასახლისი იყო, ისეთ კერძებს ამზადებდა, თითებს ჩაიკვნეტდი. მე ვის დავემსგავსე, არ ვიცი. უნიჭო გამოვდექი.

 

– მშობლების კამათს თუ შესწრებიხართ, ძირითადად რა თემაზე კამათობდნენ?

 

– სასაცილო იყო მათი კამათიც კი. მამაჩემი დარეკავდა კათედრიდან და დედას ეუბნებოდა, ლოლა, ბიჭები მოვდივართ (75 წლისანი არიან ეს ბიჭები, არ დაგავიწყდეთ) და ხარჩო და ღომი გაგვიკეთეო, ლოლა სხვა კერძეს სთავაზობდა. ეს იყო მათი კამათის მიზეზი. ჩემი მშობლების სერიოზული ჩხუბი არ მახსოვს.

 

 

   პატენტი დედა

 

– თქვენ ვის ჰგავხართ ხასიათით?

 

– მამაჩემს ზღაპრული იუმორი ჰქონდა. ამაში დავემსგავსეთ მას მეც და ჩემი ძმაც. დედა ცოტა მკაცრად გვზრდიდა. სახლში თუ დავიგვიანებდი, რთულად იყო საქმე. ამაში ვერ დავემსგავსე ლოლას.

 

ერთხელ, უნივერსიტეტში წავიღე ჩემი ძმის ჩეხური ჟურნალები, რომელიც გამოწერილი ჰქონდა ალკაზარს. „ბიკინებიანი“ ქალების ფოტოებით იყო გადავსებული. დავდე სამასკაციან აუდიტორიაში და შემომეხვივნენ ბავშვები. ვიღას აინტერესებდა ჰიუგო, მოცვივდნენ და ვათვალიერებთ. ლექტორმა დაგვინახა, იქ ამბავი ატყდა…

 

დედაჩემი უნივერსიტეტში დაიბარეს. დედას ამას როგორ გავუმხელდი. უნივერსიტეტის ეზოში ვართ დამნაშავე დაქალები და ვფიქრობთ, რა ვქნათ. ვხედავთ, მოდის ქალი, სავარაუდოდ შვილიშვილს ასეირნებს ეტლით.

 

მივედით, ავუხსენით მგდომარეობა და ვთხოვე, ცოტა ხანს დედაჩემი იყავით-მეთქი. უარი არ უთქვამს, მიაჩეჩა ბავშვი ვიღაცას და გამომყვა. დედაჩემი ფუმფულა ქალი იყო, 102 კილო. ეს გამხდარი, დაბალი.

 

გააღო დეკანის კარი, ჩვენ უკან ვდგავართ. დეკანი, დათიკო ფანჩულიძე, იცნობს დედაჩემს, მამაჩემს. ორი კვირის წინ სუფრა გვქონდა სახლში, რომ მოვეწყვე, მოვიპატიჟეთ. მე ეთერის დედა ვარო, რომ უთხრა ქალმა, დათიკო წამოდგა სკამიდან, ავად ხართო, ჰკითხა. ქალმაც თანხმობის ნიშნად თავი დაუქნია.

 

აი, მე ჰიუგოს ვასწავლი ბავშვებს და თქვენი ქალიშვილი კი რას აჩვენებს სტუდენტებს, განაგრძო დათიკომ და გადაუშალა ჟურნალები პატენტ დედას. ამ ქალმა დაავლო ხელი ჟურნალებს და მთხლიშა სახეში.

 

ისე დავრეტიანდი  ვიღაცას მუხლებში ჩავუვარდი. დაწყნარდით ქალბატონო დედა, ძლივს ამოვილუღლუღე. ამიტომ მთხოვდი ფულს, არა, ესენი უნდა გეყიდა, ხომ, ყვირის დერეფანში.

 

აუდიტორიებიდან გამოცვივდა ხალხი. გარბის და თან ყვირის. მივყვებით უკან და ვაწყნარებთ. დათიკო სულ გადაირია. მგონი ჯობდა ნამდვილი დედისთვის მეთქვა ყველაფერი.

 

სასიყვარულო გამოცდილება…

 

– გათხოვება გახსოვთ?

 

– ისე რა, ბუნდოვნად (იცინის).

 

– რამდენი წლის გათხოვდით?

 

– 35-36-ის. გვიან გავთხოვდი, დრო არ მქონდა.

 

– ოჯახი თუ იყო თანახმა, მოსწონდათ სასიძო?

 

– არა, იმიტომ რომ ცოლშვილიანი იყო. ძალიან შევუყვარდი და მეც შემიყვარდა. ნამდვილად ძალიან კარგი კაცი იყო. მაგრამ ვერ გავუძელით ერთმანეთს. სულ გასტროლებზე ვიყავი, გადადგა კაცი ჭკუიდან. იმდენად ვუყვარდი, ჩემს სადღეგრძელოს რომ დალევდა, ტიროდა.

 

ბიზნესმენი იყო, კარგი შესაძლებლობების პატრონი. მახსოვს, ერთხელ, კიევში გვქონდა გასტროლი და ჩუმად გადავფრინდით მე და ნუნუ გაბუნია. მერე დავურეკე იქიდან.

 

მეორე დღეს ყვავილებით დამხვდა კიევში. ასეთი ლამაზი დღეებიც იყო. ბევრი დადებითი მახსოვს ცხოვრებიდან…

 

– ის ფაქტი, რომ თქვენს მეუღლეს მანამდე ჰყავდა ოჯახი, არ გაბრკოლებდათ?

 

ცოლშვილიან კაცს არ უნდა გაჰყვე. ისე განვიცდიდი ამას. ვდარდობდი მის ცოლზე, შვილებზე. არ არის სწორი, ასე მოქცევა არ შეიძლება. თან ამ დროს იმდენი თაყვანისმცემელი მყავდა… მაგრამ ამან შემაყვარა თავი.

 

– მარტო შვილის გაზრდა არ გაგიჭირდათ?

 

– არა. დამოუკიდებელი ცხოვრება დაწყებული მქონდა უკვე. დამოუკიდებელი ქალი ვარ და მომწონს ასეთი რომ ვარ. მეორედ გათხოვება საერთოდ ვერ წარმომედგინა.

 

მიკვირს ოთხჯერ რომ თხოვდებიან ქალები. ისე ვიყავი ჩემს საქმეში ჩართული, ყოველ წელს ფილარმონიაში კონცერტი მქონდა, სად მეცალა თაყვანისმცემლებისთვის, სიყვარულისთვის.

 

ერთადერთი, რასაც ვნანობ, ის არის, რომ ბევრი შვილი არ გავაჩინე. მივესალმები ქალებს, რომლებსაც 5 შვილი ჰყავთ.

 

მეორედ ვერ გავთხოვდებოდი, შეშლილი ვიყავი ჩემს შვილზე, ჩავკიდებდი ხელს და ყველგან დამყავდა.

 

– დაგიფასათ?

 

– იცი, როგორ მივლის? გაგიჟდები. გოგო ვერ მოგივლის ასე. გაოგნებული ვარ, როგორ მპატრონობს და მივლის ბიჭი, რომელსაც კოვზით ვაჭმევდი საჭმელს.

 

ახლა გავიცანი ჩემი შვილი, რომ დამჭირდა. ჩემი შვილიშვილი, ჩემი მარიამი ხომ საერთოდ მაგიჟებს. ცეკვავს, ჩემს სიმღერებს მღერის, ყოველდღე მაოცებს.

 

 

პატრიარქის წინ მდუმარე მომღერალი

 

 

– დღეს ვინ არის თქვენი ხშირი სტუმარი?

 

– უფალი და მთელი საქართველო. არ ვიცი რით დავიმსახურე ამხელა სიყვარული. ჯერ პატრიარქის სიყვარული როგორ დავიმსახურე ისე, რომ ჩემ სანახავად მეოთხე სართულზე ფეხით ამოვიდა.

Image may contain: 2 people

 

რომ დამირეკეს, თქვენ სანახავად მოდისო, მეგონა მეხუმრებოდნენ. ერთ საათში მოვიდა. გაოგნებული ვუყურებდი, ხმა წამერთვა. მდუმარე ვიყავი დიდხანს. ორი საათი გაჩერდა. როგორ დამემართა, რომ ერთი სიმღერა ვერ ვუმღერე.

 

– გთხოვათ?

 

– გიტარა გაქვსო, მკითხა. ვიღაცას ვაჩუქე. ფორტეპიანოზე მემღერა, მაგრამ გაოგნებული ვიყავი. თვეების განმავლობაში განვიცდიდი ამას. დიდი კონცერტი მინდა გავაკეთო სტადიონზე და იქიდან გადავუხადო მადლობა ყველას.

 

***

ძველი ლათინური გამოთქმაა, „მემენტო მორე“, გახსოვდეს სიკვდილი. ეს რომ გვახსოვდეს ყველას, კარგად ვიცხოვრებთ. მილიონებზე ფიქრობენ და ის კი არ იციან, რომ თან ვერ წაიღებენ.

 

თქვენ იცით, რომ სიტყვა „მეცენატი“ გვარიდან მომდინარეობს? გაიუს მეცენატი იყო ძველი რომაელი საზოგადო მოღვაწე, იმპერატორ აუგუსტინეს მეგობარი, რომელიც თავისი ქველმოქმედებით მეცნიერების, მწერლობის, ხელოვნების მფარველად იქცა. ასე რომ, დაეხმარეთ გაჭირვებულებს, ბიზნესმენებო, იქნებ თქვენი სახელი და გვარიც შემოინახოს ისტორიამ.

 

 

(2015 წელი 23 თებერვალი – არქივი)

ნინო მჭედლიშვილი

 

ავტორი: Prime Time

0
კომენატარი - +

მსგავსი სიახლეები

X