23:15 | 2020-07-23 ავტორი: რუსა ღვანიძე

„პატარძალი არ მყავს, რომ მოვაკრეფინო, თორემ კიტრიც მაქვს და მწვანილიც“ – ნიკა წულუკიძემ თბილისში ბოსტანი გააშენა

„პატარძალი არ მყავს, რომ მოვაკრეფინო, თორემ კიტრიც მაქვს და მწვანილიც“ – ნიკა წულუკიძემ თბილისში ბოსტანი გააშენა

თეატრმცოდნე, სცენარისტმა და გადაცემა „ავტოგრაფის“ წამყვანმა ნიკოლოზ წულუკიძემ, საკუთარი ხელით, თბილისში ბოსტანი გააშენა, სადაც ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტი მოჰყავს. „პრაიმტაიმთან“ ინტერვიუში ტელეწამყვანი ამბობს, რომ მისმა მრჩეველმა ზურა შევადნაძემ, შეხედა გახრიოკებულ მიწას და უთხრა -„ აქანე, არაფერი გამოვაო“:

 

ეს მიწა, დაახლოებით 30 წლის წინ, დიდ დიღომში შევიძინეთ. შემოვღობეთ, ვიყიდეთ წიწილები, იხვის, ინდაურის, ბატის ჭუკები, რომელსაც ჩემი შვილი და ჩემი დისშვილი უვლიდა, მაგრამ ძირითადად, მამაჩემი მუშაობდა.

 

გაიხსენა ძველი მეთოდი – როგორ კეთდება ქვიტკირის ღობე. მამკოდადან ჩამოვიტანეთ ქვები და ქვიტკირით შემოვღობეთ.

 

ამის შემდეგ, მიწაზე მუშაობა დავიწყეთ – დავთოხნეთ, დავბარეთ, დავყარეთ ორგანული სასუქი. გამოვიყვანეთ კიტრის, პამიდვრის, ბადრიჯნის ჩითილები, დავრგეთ მწვანილი, ნესვი, საზამთრო, გოგრა, წიწაკა. მოკლედ, კარგი მოსავალი მივიღეთ. დაიზარდნენ ქათმები და იხვები. ეს არ არის კონტაქტური ზოოპარკი – ნამდვილი სოფელია. პატარა სახლიც კი ავაშენეთ, მაგრამ იქ არ ვცხოვრობთ

 

პანდემიის გამო გაგიჩნდათ იდეა?

 

თქვენ წარმოიდგინეთ, არა – ეზო და ბოსტანი შარშანაც გვქონდა და შარშანწინაც, მაგრამ წელს, გაცილებით მეტი მოსავალი გვაქვს. თუ არ გავყიდით, ახლობლებს მაინც მოვიმადლიერებთ.

 

ისე ლამაზად გამოიყურება თქვენი ბოსტანი, თითქოს ამ საქმეში გამოცდილი ხართ…

 

ზურა შევადნაძე მივიყვანე და რომ შეხედა ამ გახრიოკებულ მიწას, მითხრა – აქანე, არაფერი გამოვაო. შენ გიჩვენებ, თუ არ გამოვა-მეთქი, „მოვიკალი“ თავი და კი გამომივიდა რაღაც. ზურა, ჩვენი დიდი კონსულტანტი და მრჩეველია.

 

 

 

გამომატანა „ხარისგულა“ პამიდვრის ჩითილები, დავრგე მოვუარე და მოსავალიც მივიღეთ. ახლაც რომ გესაუბრებით, ჩემი ბოსტნის კიტრს „ვახრაშუნებ“(იცინის).

 

განსხვავებული გემო აქვს ახლად დაკრეფილ კიტრს…

 

მართლაც საოცარი გემო აქვს. პატარძალი არ მყავს რომ მოვაკრეფინო, თორემ კიტრიც მაქვს და მწვანილიც (იცინის).

 

პატარა ვირუკელა საიდან ჩამოიყვანეთ?

 

ჩემმა მეგობარმა მაჩუქა, რომ მოვიყვანეთ 7 დღის იყო. ღამე ძალიან განერვიულდა, იტირა, იყროყინა. მამაჩემმა ჩაისვა მანქანაში და დედასთან წაიყვანა. ახლაც დედასთან არის და ცოტა ხანში დავიბრუნებთ, თან ლამაზ ფაეტონს გავუკეთებთ. ვირუკელა კი არა, ჯეირანია, ისეთი ლამაზია.

 

ამბობენ, ვირის რძე სასარგებლოა…

 

მამალია ჩემი ჩოჩორი და ვერ მოვწველი (იცინის), თორემ ვირის რძე, მართლაც უნიკალურია, 1 ლიტრის ფასი – 60 ლარია. დაახლოებით, 140 წლის წინანდელი წიგნი მაქვს სახლში – „ბავშვთა აღზრდა“, რომელიც 1883 წელს არის გამოცემული, სადაც წერია, რომ დედის რძესთან მიახლოებული, ერთადერთი, ვირის რძეა, რომელიც ყველა იმ სასარგებლო თვისებას შეიცავს, რომელიც ჩვილი ბავშვისთვის აუცილებელია.

 

ძალიან მშვიდი გარეგნობა გაქვთ…

 

არადა არ ვარ (იცინის). მშვიდი გარეგნობა მაქვს, მაგრამ იმპულსური და ფეთქებადი ვარ, მაგრამ როცა საჭიროა, სიმშვიდეს ვინარჩუნებ. თან როცა ისეთი გრაფიკი გაქვს, რომ დღეში ათასჯერ სხვადასხვა სამსახურში – ტელევიზია, ლექციები გიწევს მისვლა, ძალიან დიდი სტრესია.

 

რთულია, ყოველ დღე ეთერში ჯდომა, მაგრამ ვცდილობ, სიმშვიდე შევინარჩუნო.

 

ბ-მა კახი კავსაძემ, „მოხუცი ჯამბაზების“ რეპეტიციის დროს მასწავლა, დახუჭე თვალები, თუ გაქვს თავისუფალი 7 წუთი, დაიძინე, ოღონდ მიეცი ტვინს სიგნალი, რომ 7 წუთში გაგეღვიძოს. მართლაც 7 წუთში ისეთი ვიღვიძებ, თითქოს მთელი ღამე ბედნიერად მეძინა.

 

რამდენად მნიშვნელოვანია, ბუნებასთან კონტაქტი?

 

საოცრად მამაშვიდებს ბუნებასთან კონტაქტი. კორონავირუსის პანდემია, ჩვენ ფაქტიურად, არ გვიგრძვნია. ძალიან სასიამოვნოა, როცა შენი ნარგავები იზრდება, ნაყოფს ისხამს და შემდეგ, მოსავალს იღებ. როცა რამეს ვკრეფ, ზოგჯერ შეჭმა მენანება, მაგრამ ეს ერთგვარი თერაპიაა.

 

თოხით და ბარითაც მუშაობდით?

 

აბა რა, ისეთ დღეში მქონდა ხელები, ერთხელ პოსტკორონულ ეთერში რომ გავედი, თითებს ვმალავდი, რომ ჩამჯდარი მიწა არ გამოჩენილიყო, მაგრამ ვფიქრობ, რომ ეს ყველაზე ლამაზი ხელებია.

 

კორონავირუსის პანდემიამ, ბევრი დააბრუნა მამა-პაპისეულ მიწაზე, თითქოს მოდური გახდა მიწასთან მუშაობა…

 

დაიმახსოვრეთ ჩემი სიტყვები, დაიწყება ტენდენცია და ბევრი წავა სოფელში. ის ქალები, რომლებმაც კვერცხის შეწვა არ აციან და ხახვი რომელიას ამბობენ, სამარცხვინოები არიან.

 

მაგრამ უცებ, ისე მოდური გახდა, კერძის დამზადება, რომ „ყაურმის“ გაკეთებაც კი დაიწყეს. ასევე მოხდება, სოფლში დაბრუნების შემთხვევაშიც.

 

მიწიდან წამოსული ენერგეტიკა, დადებითად მუხტავს ადამიანს, ბევრმა ადამიანმა კი მიატოვა სოფელი და ქალაქში გადავიდა საცხოვრებლად…

 

რა თქმა უნდა, მაგრამ ჩემი აზრით, ახალგაზდები და თინეიჯერები, ჯერ არ დაბრუნდებიან უკან. უფრო 35 – წელს გადაცილებული ადამიანებს, გაუჩნდებათ სურვილი, სოფელს დაუბრუნდნენ და მიწასთან დაამყარონ კონტაქტი.

 

Posted by Nikoloz Tsulukidze on ორშაბათი, 20 ივლისი, 2020

ავტორი: რუსა ღვანიძე

0
კომენატარი - +

მსგავსი სიახლეები

X