17:01 | 2020-10-19 ავტორი: Prime Time

პარლამენტში დავაყენებთ ეკლესიისთვის დაფინანსების შეწყვეტის და ქონების შესწავლის საკითხს – კორძაია

პარლამენტში დავაყენებთ ეკლესიისთვის დაფინანსების შეწყვეტის და ქონების შესწავლის საკითხს – კორძაია

გასულ თვითმართველობის არჩევნებზე „რესპუბლიკურმა პარტიამ“ საკუთარი კამპანიის ცენტრალურ თემად მართლმადიდებლური ეკლესიის, უფრო ზუსტად კი საპატრიარქოს კრიტიკა აირჩია.

 

პარტიამ წინასაარჩევნო კლიპიც კი მოამზადა, სადაც ლიდერები ეკლესიის შიგნით არსებულ მანკიერებებზე, რუსულ გავლენებსა და საბიუჯეტო დაფინანსების გაუქმების აუცილებლობაზე საუბრობდნენ.

 

თვითმართველობის არჩევნებისგან განსხვავებით, დღეს „ნაცმოძრაობასთან“ ერთად საარჩევნო ბლოკში წარმოდგენილი „რესპუბლიკური პარტიის“ ცენტრალური თემა ეკლესია აღარ არის.

 

ბევრმა ჩათვალა, რომ მიხეილ სააკაშვილის ირგვლივ გაერთიანებული ოპოზიცია წინასაარჩევნოდ ეკლესიასთან ღია კონფრონტაციას ერიდება, ვინაიდან ეს მათ მნიშვნელოვან ხმებს დააკარგვინებს, თუმცა „პრაიმტაიმთან“ საუბრისას „რესპუბლიკელი“ თამარ კორძაია არ მალავს, რომ გამარჯვების შემთხვევაში ეკლესიისთვის საბიუჯეტო დაფინანსების შეწყვეტისა და ქონებების გადაცემის შესწავლის საკითხს პარლამენტში დააყენებს.

 

– ქალბატონო თამარ, თვითმართველობის არჩევნებისგან განსხვავებით დღეს, რატომ აღარ არის თქვენი პარტიის ცენტრალური თემა ეკლესია და იქ არსებული პრობლემები?

 

– ეს ჩვენი პარტიის ცენტრალური თემა ნამდვილად არის და ყოველთვის იქნება, უბრალოდ როცა ბლოკში ხარ, სწორედ ბლოკთან გაქვს შეთანხმებული ცენტრალური თემები.

 

ამ შემთხვევაში ჩვენთვის პრიორიტეტულია, რომ ბიძინა ივანიშვილი წავიდეს ძალაუფლებიდან, თორემ საპატრიარქოსთან დაკავშირებით არცერთ განცხადებაზე და არცერთ კომენტარზე თავი არ შეგვიკავებია.

 

უბრალოდ, არსებობს პოლიტკური პარტნიორობის და ურთიერთობის გარკვეული წესები. ჩვენ ამ შემთხვევაში გაცხადებული გვაქვს მიზნები: დამარცხდეს ბიძინა ივანიშვილი, ჩავატაროთ სასამართლო რეფორმა, მოხდეს სამართალდამცველი ორგანოების დეპოლიტიზება და ა.შ.

 

ეს იმას არ ნიშნავს, რომ „რესპუბლიკელები“ პარლამენტში ამ თემებს დავივიწყებთ და ეკლესიის პრობლემებზე არ ვისაუბრებთ. სეკულარიზმი კვლავ რჩება „რესპუბლიკური პარტიის“ ძირითად იდეად, ორდონიანი თვითმართელობის სისტემის ჩამოყალიბებასთან ერთად.

 

რა თქმა უნდა, დღესაც ვთვლით, რომ ზედმეტად ჭარბი ძალაუფლება საპატრიარქოს არ უნდა ჰქონდეს და დიახ, თვითმართველობის არჩევნებისთვის გაკეთებულმა კლიპმა მოიტანა ის, რომ დღეს უკვე ყველა ლაპარაკობს ამ თემაზე – თვითმართველობები გადაყლაპული აქვთ იმ სასულიერო პირებს, რომლებიც ბოროტად სარგებლობენ თავიანთი ძალაუფლებით. ცხადია, ეს თემა ჩვენთვის იყო, არის და იქნება პრიორიტეტული. მიგვაჩნია, რომ თუ რამე აფერხებს ჩვენი ქვეყნის განვითარებას, ერთ-ერთი სწორედ ეს არის.

 

– ბლოკში შემავალი სხვა პარტიები იზიარებენ თქვენს ამ იდეას?

 

– ჯობია, ეს მათ ჰკითხოთ. ჩვენ გაცხადებული გვაქვს, რას ვაკეთებთ – ვამარცხებთ ივანიშილს, ვატარებთ სასამართლო და სამართალდამცავი სისტემის რეფორმას, ასევე პრიორიტეტულია ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესება. აი, ეს არის საკითხები, რაზეც შევთანხმდით.

 

– გასაგებია, ანუ საპატრიარქოს და ეკლესიის საკითხზე არ, ან ვერ შეთანხმდით?

 

– არა, იმიტომ რომ 5 სხვადასხვა პარტიაა. ეს შეთანხმება თავის თავში გულისხმობს, რომ ბლოკში შემავალი არცერთი პარტია არ ამბობს უარს საკუთარ ხედვებზე.

 

– დავუშვათ, თქვენმა ბლოკმა გაიმარჯვა და უმრავლესობა მოიპოვეთ, მოითხოვთ პარლამნტში იმას, რასაც თვითმართველობის არჩევნებზე ითხოვდით – შეუწყდეს საპატრიარქოს საბიუჯეტო დაფინანსება?

 

– რა თქმა უნდა. ეს ჩვენი თემებია და ამაზე უკან არავინ არ დაიხევს. ჩვენი პარტიის სახელით ჩვენ დავსვამთ ყველა ქონების გადაცემის შესწავლის, მათ შორის დაფინანსების საკითხს. მიხარია, რომ ამ საკითხზე დამიკავშირდით, რადგან ვისაც კითხვები აქვს ამ მხრივ, თქვენი გავლით შეუძლიათ ნახონ ჩვენი დამოკიდებულება.

ავტორი: Prime Time

X