12:31 | 2020-04-02 ავტორი: მარი ჯაფარიძე

პანიკა საშინელებაა ადამიანისთვის – რას ჰყვება ნიუ იორკის მერიაში დასაქმებული ქართველი ეპიცენტრიდან

დიანა ბაგრატიონი ამერიკის მოქალაქეა. ის ნიუ ორკის მერიაში, კულტურის მიმართულებით მუშაობს.

 

როგორც „პრაიმტაიმთან“ ინტერვიუში ამბობს, ქველმოქმედება მისი საყვარელი საქმეა, მაგრამ არ უყვარს ამაზე ლაპარაკი.

 

მისი მეუღლე, ვალერი კორტი მუსიკალური პროდიუსერია და მისი ორგანიზებით, ნიუ იორკში ბარბარა სტრეიზანდის, ლარა ფაბიანის კონცერტები ჩატარდა. ასევე, ის მსოფლიო ლეგენდის, პოლ მაკარტნის კონცერტების ორგანიზატორია.

 

აქტიური და ქველმოქმედი ქალბატონი ამერიკიდან, ამ დღეებში განვითარებული მოვლენების ეპიცენტრიდან გვიყვება:

 

„ამჟამად ყოველ მესამე დღეს ვალანტიორად ვმუშაობ მერიაში, 24-საათიანი მორიგეობით, როგორც ამერიკის მოქალაქე.

 

ამავე დროს, ვცდილობ დავეხმარო ინფორმაციითა და მატერიალურად, ჩვენს ქართულ თემს და არა მარტო ამერიკაში მცხოვრებ, ქართველ ემიგრანტებს.

 

სადაზღვევოებს მძიმე პერიოდი აქვთ, მყავს ექიმები, რომლებიც უანგაროდ უწევენ დახმარებას ყველას, ტელეფონით, 24-საათიან რეჟიმში.

 

პანიკა საშინელებაა ადამიანისთვის. ამ დროს უქვეითდება იმუნიტეტი და ვერ ებრძვის ორგანიზმი ამ საშინელ ავადმყოფობას.

 

მთავრობებმა 24-საათიანი ცხელი ხაზები შექმნეს მოსახლეობის დასამშვიდებლად და სხვა საკითხების სწრაფად მოსაგვარებლად. მეც ასეთ რეჟიმში მიწევს მუშაობა“.

 

ქალბატონი დიანა ასევე აქტიურად თანამშრომლობს სხვადსსხვა სოციალურ ქსელში შექმნილ ჯგუფებთან:

 

„ნიკოლოზ ჩხეძესა და ინა ასანიძესთან ერთად სხვა და სხვა ფეისბუქ ჯგუფში ვეხმარები ჩვენს ემიგრანტებს, ვუგვარებ პრობლემებს მერიაში, მსოფლიოს ყველა ემიგრანტს. ცხელ ხაზზე ვპასუხობთ ყველა შეკითხვას.

 

არა მარტო ამერიკაში, არამედ ევროპის სხვადასხვა ქვეყნაში დარჩენილ ქართველებს, სრულიად უცნობ ადამიანებსაც ვეხმარები მატერიალურად.

 

მეკითხებიან, – საიდან? მე გპასუხობთ – საკუთარი დანაზოგიდან. პანდემიის დროს ყველა ერთმანეთს ვუდგავართ მხარში.

 

არც ერთი ქართველი არ უნდა დაგვრჩეს უყურადღებოდ! ვეხმარები ასევე ამერიკის მოქალაქეებსაც, 24-საათიან რეჟიმში.

 

მე და ჩემს გუნდს არ გვძინავს, ახლა ძალა მხოლოდ ერთად დგომაშია. სხვათა შორის, თქვენი კოლეგა, ლელა ნინუა, რომელიც ამერიკაში ცხოვრობს, თავის ოჯახთან ერთად მხარში გვიდგას.

 

მე ყველაფერს ვერ მოვასწრებ, ამიტომ მათი დახმარებით პროდუქტი შევიძინეთ და დავურიგეთ მოქალაქეებს.

 

ამ დღეებში აქტიურობა გაათმაგდება, ეს ქართველების ღირსებაა, არასდროს დავდგეთ ჩრდილში და არ შევუშინდეთ პრობლემებს.

 

იმედია, ყველაფერი მალე დასრულდება და მსოფლიო გაიმარჯვებს.

 

ფონდი – „დიანა ბაგრატიონი“ 2010 წელს, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია მეორეს ლოცვა-კურთხევით დაფუძნდა, რომელიც კიბოთი დაავადებულ ბავშვებს ეხმარება საქართველოსა და შეერთებულ შტატებში.

 

ეს არის არაკომერციული საქველმოქმედო ფონდი, რომლის მიზანი იმ ბავშვებისა და მოხუცების დახმარებაა, რომელთაც სიცოცხლისთვის საშიში დაავადებები აქვთ.

 

ფონდი მათ მკურნალობისთვის საჭირო დახმარებას უწევს. ორგანიზებას უკეთებს კონცერტებს და შემოსული თანხით ეწევა ქველმოქმედებას. სიცოცხლე ყველაფერია და მისთვის ყველაფერი ყველამ უნდა გავიღოთ“, – გვითხრა ქალბატონმა დიანამ.

 

„ჩვენ დავაარსეთ „საქართველოს დღეები“ ნიუ იორკში. დადებულია საქართველოს მხარესთან მემორანდუმი და იმედი გვაქვს, ჩაფიქრებულ გრანდიოზულ დღეებს კვლავაც ჩავატარებთ სექტემბერში“.

ავტორი: მარი ჯაფარიძე

0
კომენატარი - +

მსგავსი სიახლეები

X