fbpx
23:06 | 2020-08-26 ავტორი: თამარ ბუჩუკური

პანდემიის მიუხედავად, ერთ სკოლას 12 მედალოსანი აბიტურიენტი ჰყავს

პანდემიის მიუხედავად, ერთ სკოლას 12 მედალოსანი აბიტურიენტი ჰყავს

მითი, რომ კერძო პედაგოგებისა და ძვირადღირებული კერძო სკოლის გარეშე, მოსწავლეს კარგი განათლების მიღება არ შეუძლია, წელს ონის საჯარო სკოლამ დაამსხვრია.

 

რაჭაში, სიმონ სხირტლაძის სახელობის საჯარო სკოლიდან 12 აბიტურიენტი მედალზე წარდგენილები არიან.

 

ეს ყველაფერი პანდემიის პირობებში ხდება. მაშინ, როცა თითქმის მთელი სემესტრი ჩავარდა და ვირუსის გავრცელების პრევენციის გამო, სასკოლო ღონისძიებები შეწყდა, სწავლება ონლაინ რეჟიმში გადავიდა.

 

„პრაიმტაიმი“ ამ მიღწევებზე და უნიკალურ შემთხვევაზე დალი რაზმაძეს ესაუბრა. ონელი პედაგოგები განსაკუთრებულ ყურადღებას და დროს აბიტურიენტებს უთმობდნენო, ამბობს სკოლის დირექტორი.

 

ყველა ბავშვს უფასოდ ვასწავლი, დაესწარით გაკვეთილებს - „მოხალისე“ მასწავლებლის ისტორია
2020-05-28ყველა ბავშვს უფასოდ ვასწავლი, დაესწარით გაკვეთილებს - „მოხალისე“ მასწავლებლის ისტორია

 

ის ახლა, ერთიანი ეროვნული შედეგების გამოქვეყნებას ელოდება. თითოეული მედალოსანი მართლაც იმსახურებს ამ ჯილდოს, რადგან გამოცდებზეც უმაღლესი ქულები მიიღესო, აღნიშნავს.

 

„მიმდინარე წელს, ჩვენს სკოლაში, დამამთავრებელ კლასში 52 მოსწავლე იყო. მათგან 12 მედალზეა წარდგენილი.11 ოქროს, ერთი კი – ვერცხლის მედალს მიიღებს.

 

სავარაუდოდ, ყველა მათგანი ეროვნულ გამოცდებზე სრულ დაფინანსებას მიიღებს და გრანტით მოეწყობიან. ჩვენი სკოლის ორი მოსწავლე ფლექსის პროგრამით გაცვლითი პროგრამაა ასეთი, ამერიკაში იმყოფებოდა.

 

ჩვენი სკოლის მოსწავლეა ის გოგონა, რომელმაც ინგლისურის გამოცდაში 80-დან 80 ქულა მიიღო. ძალიან მაღალი ქულები აქვთ ისტორიაში, ქართულსა და მათემატიკაში. როცა პანდემიის გამო, სასწავლო პროცესი შეწყდა და ონლაინ რეჟიმზე გადავედით, პედაგოგები უამრავ რესურს ხარჯავდნენ აბიტურიენტებზე, მათზე განსაკუთრებულად ზრუნავდნენ და შედეგმაც არ დააყოვნა.

 

ჩვენი პედაგოგების მიზანია, თითოეულმა მოსწავლემ მაქსიმუმი წაიღოს სკოლიდან. ჩვენი მოვალეობა ბავშვების აღზრდაა და ვცდილობთ, პირნათლად შევასრულოთ. ჩვენი ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგი თეონა შერაზანიშვილი საქართველოს მასწავლებელთა საუკეთესო ათეულში შედის. საუკეთესო და პასუხისმგებლობით სავსე, მაღალკვალიფიციური პედაგოგების მთელი არმია გვყავს.

 

შესაძლოა, იფიქრონ, რომ სკოლაში ქულები ნაცნობობით დაიწერა, მაგრამ ამ ეჭვს ჩვენი მოსწავლეების მიღწევები ფანტავს და ამტკიცებს, რომ მათ ნამდვილად ღირსეულად დაიმსახურეს მედლებით დაჯილდოება.

 

მსმენია, რომ თბილისსა და სხვა დიდ ქალაქებში აბიტურიენტებს კერძო რეპეტიტორებთან ამზადებენ. მშობლები ცდილობენ, რომ ეროვნული გამოცდების ტესტების გამსწორებლებთან მიიყვანონ ბავშვები. მათ ვეტყვი, რომ ბავშვს თუ სწავლა უნდა, ყველგან ისწავლის.  ვისაც სწავლა უნდა კი, მოგვმართონ ონის საჯარო სკოლაში.

 

ჩვენ გვიმართლებს იმაში, რომ პროფესიონალიზმთან ერთად საუკეთესო თვისებები აქვთ ჩვენს ადმინისტრაციასა და დირექციას. ჩვენ ბავშვებს არ ვატყუებთ, ამიტომ, შედეგებიც იდება შესაბამისი.

 

ონში პროფესორები და გამსწორებლები არ გვყავს იქ რომ ემზადებოდნენ ჩვენი აბიტურიენტები. ეს მიღწევები სრულად სკოლის ბაზის დამსახურებაა.

 

რაც შეეხება სასკოლო ინფრასტრუქტურას, ამერიკელების მიერ რეაბილიტირებულია, გვაქვს კომპიუტერების კლასიც. აოცებს ყველას ისეთი გარემოა, ონში რომ არ ელოდებიან, ისეთი…“ – ამბობს დალი რაზმაძე.

ავტორი: თამარ ბუჩუკური

0
კომენტარი - +

X