23:03 | 2020-04-15 ავტორი: თამარ ბუჩუკური

Exclusive: კორონავირუსის თემაზე პირადად გავაკეთე კვლევა! – მეთიუ ბრაიზა პანდემიაზე, ბიოლოგიურ ომსა და ძალთა გადანაწილებაზე

Exclusive: კორონავირუსის თემაზე პირადად გავაკეთე კვლევა! – მეთიუ ბრაიზა პანდემიაზე, ბიოლოგიურ ომსა და ძალთა გადანაწილებაზე

ამერიკელი დიპლომატი, სახელმწიფო დეპარტამენტის ყოფილი მაღალჩინოსანი, ამჟამად „ატლანტიკური საბჭოს” უფროსი მკვლევარი მეთიუ ბრაიზა სპეციალურად „პრაიმტაიმისთვის“ მსოფლიოში პანდემიით გამოწვეულ განვითარებულ მოვლენებზე საუბრობს.

 

როგორც ბრაიზა ამბობს, თუ მსოფლიომ სწრაფად არ დაამარცხა კორონავირუსი, ეკონომიკურად ყველაზე მეტად ჩინეთი გაძლიერდება. მას ბიოლოგიური ომის წამოწყების არ სჯერა, სასაცილოდ კონსპირაციული თეორიააო, ამბობს.

 

მეთიუ ბრაიზა საქართველოში ლუგარის ლაბორატორიის მშენებლობის ისტორიასაც იხსენებს და 2020 წლის არჩევნებზეც საუბრობს.

 

მისი აზრით, საქართველო ნატოს წევრობისთვის უკვე ყველა პირობას აკმაყოფილებს, ნატოში ინტეგრაციის წინააღმდეგ კი, ზოგიერთი ევროპული სახელმწიფო გამოდის.

 

არის თუ არა ახალი კორონავირუსი ბიოლოგიური ომი, რომელიც ჩინეთმა წამოიწყო?

 

– არა, მე ვფიქრობ, რომ ეს სასაცილოდ კონსპირაციული თეორიაა.

 

თუ ყურადღებას მიაქცევთ რას ამბობენ მსოფლიოს მეცნიერები და მე ამას თვალყურს ვადევნებთ, არცერთი მათგანი არ საუბრობს, რომ ჩინეთმა ომი წამოიწყო.

 

მე ვნახე დეზინფორმაცია ამასთან დაკავშირებით, რომელიც მომზადებული იყო რუსული ტროლების მიერ, რომ ვითომ ერთ-ერთი უნივერსიტეტის ქიმიის დოქტორი მონაწილეობდა კორონავირუსის გავრცელებაში.

 

ამ დეზინფორმაციას ავრცელებდნენ რუსული და ჩინური სახელმწიფო ტელევიზიები და ამგვარი სასაცილო ტყუილებით მიზნად ისახავდნენ არასტაბილური ვითარების გამოწვევას გარკვეულ ქვეყნებში.

 

არსებობს ზუსტი მეცნიერული მტკიცებულებები, რომ ვირუსი გაჩნდა ღამურებისგან, რომელიც შესაძლოა ტრანსფორმირდა ღორებში და ამ უკანასკნელისგან გადავიდა ადამიანზე ვუჰანის ბაზარში გაყიდვის შედეგად.

 

კორონავირუსის თემაზე პირადად გავაკეთე კვლევა და არ არსებობს არანაირი ეჭვი ამ კონსპირაციულ თეორიასთან მიმართებით.

 

– როგორ და რა მიზნით გადაწყდა ლუგარის ლაბორატორიის მშენებლობა საქართველოში?

 

– ამ ლაბორატორიის მშენებლობა „ნანი-ლუგარის პროგრამას“ უკავშირდება. ნანი ჯორჯიის შტატის სენატორი გახდლათ, ხოლო სენატორი ლუგარი – ინდიანას შტატის და ამ ლაბორატორიების მშენებლობა ნანისა და ლუგარის ერთობლივი საფრთხის შემცირების პროგრამის ფარგლებში მოხდა.

 

საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, აშშ–ს კონგრესმა და პრეზიდენტის ადმინისტრაციამ გადაწყვიტეს დიდი თანხები ლაბორატორიების ასაშენებლად იმ პოსტსაბჭოთა ქვეყნებში გამოეყოთ, რომლებიც დამოუკიდებლები გახდნენ.

 

ამის მიზანი საფრთხის შემცირება იყო, რომელიც ქიმიურ, ბიოლოგიურ და ბირთვულ იარაღებს უკავშირდება. შესაბამისად, „ახალ“ ქვეყნებს ექნებოდათ შესაძლებლობა მოეპოვებინათ სტაბილურობა.

 

თუ ძლიერი კონტროლი არ დამყარდებოდა პოსტსაბჭოთა ქვეყნებზე, არსებობდა საფრთხე, რომ სახიფათო ნაერთები ხელმისაწვდომი იქნებოდა საბჭოთა კორუმპირებული მეცნიერებისთვის.

 

შესაძლებელი იყო, ეს ტერორისტული ჯგუფებისათვის მიეყიდა და შესაბამისად, ამგვარი კონტროლის არარსებობის შემთხვევაში, მსოფლიო ბაზარზე მოხვედრილიყო. ამიტომ, სენატორებმა ლუგარმა და ნანმა გამოყოფილი ფული ლაბორატორიების ასაშენებლად წარმართეს.

 

როგორც იცით, მე აზერბაიჯანში ელჩი ვიყავი და იქაც იყო მსგავსი ტიპის ლაბორატორია.

 

აზრი ის იყო, რომ აშშ–ს მთავრობას სურდა ეთანამშრომლა ყველა პოსტსაბჭოთა ქვეყნის ხელისუფლებასთან, რათა ყოფილიყვნენ დარწმუნებულნი, რომ ეს მომაკვდინებელი ნაერთები არასდროს მოხვდებოდნენ მათ ხელში, ვისაც სურდა ჩვენთვის ზიანის მიყენება.

 

კორონავირუსის პანდემიის შემდეგ, ბევრი თვლის, რომ ახალი პოლიტიკური წყობა დამყარდება. თქვენ როგორ წარმოგიდგენიათ მსოფლიო, ძლიერი ქვეყნები და ახალი პოლიტიკური ვითარება?

 

– თუ როგორ შეიცვლება გეოპოლიტიკური მდგომარეობა, ეს დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენ ხანს გაგრძელდება კორონავირუსთან ბრძოლა. ვშიშობ, რომ ქვეყანა რომელიც ამ მდგომარეობიდან ყველაზე ძლიერი გამოვა, ეს იქნება ჩინეთი.

 

ის პირველია, რომელმაც კორონავირუსი დაამარცხა და სავარაუდოდ, პირველიც სწორედ მისი ეკონომიკა აღდგება, ვიდრე სხვა რომელიმე ქვეყნის ეკონომიკა.

 

– როგორ შეძლო ჩინეთმა სწრაფი რეაგირება?

 

– ჩინეთმა შეძლო სწრაფი რეაგირება, რადგან ამ ქვეყანაში სახელმწიფოს მიერ საზოგადოების გადაჭარბებული კონტროლი ხორციელდება.

 

ჩინეთს შეეძლო სახის ამოცნობის ტექნოლოგიის გამოყენება, ციფრული ან სოციალური ქსელით we chat, მიყოლოდნენ ადამიანის კვალს, მოეხდინათ იდენტიფიცირება და ვინც სავარაუდოდ, ინფიცირებული იყო, დაედგინათ ჰქონდა თუ არა კონტაქტი სხვა ადამიანებთან.

 

დასავლეთის ქვეყნებს, მაგალითად საქართველოს ამგვარი ქმედება არ შეუძლია.

 

ჩინეთი პერსონალური დაცვის აღჭურვილობისა და სხვა ტექნოლოგიების მთავარი და ძლიერი მწარმოებელია.

 

– რა ელის ჩინეთის, რუსეთის და ამერიკის ეკონომიკას?

 

– ჩინეთი პანდემიამდეც ახორციელებდა ინფრასტრუქტურულ პროექტებს, რომლის მიზანიც იყო ჩინეთის მთავრობის მიერ სხვა ქვეყნების ეკონომიკის კონტროლირება.

 

ამიტომ, თუ ეს პანდემია დიდხანს გაგრძელდება, პრეზიდენტი ტრამპი და ევროკავშირის გლობალური ლიდერები გააგრძელებენ ბრძოლას კორონავირუსთან.

 

ევროპული სახელმწიფოები შეთანხმდებიან დაეხმარონ ისეთ სახელმწიფოებს, როგორებიცაა ესპანეთი და იტალია.

 

რაც შეეხება რუსეთს, ძალა აქვს რეგიონში, მაგალითად საქართველოში, თუმცა ის მსოფლიოს ლიდერი არაა, არ აქვს ფული და ავტორიტეტი.

 

ვშიშობ, თუ ეს პანდემია დიდხანს გაგრძელდება, ჩინეთი იქნება ყველაზე ძლიერი, მაგრამ თუ პანდემია მალე დამარცხდება, ამერიკა კვლავ სამყაროს დიდებულ ლიდერად დარჩება.

 

– როგორც იცით, საქართველოში მალე საპარლამენტო არჩევნები გაიმართება, როგორია თქვენი პროგნოზი?

 

– ვიმედოვნებ და ვლოცულობ, რომ ქართველ ხალხს ჰქონდეს შესაძლებლობა, აირჩიოს ის ხელისუფლება, რომელიც სურს.

 

შემაშფოთებელი იყო, როდესაც რამდენიმე თვის წინ, საქართველოს ხელისუფლებამ უარი თქვა საკუთარ დაპირებაზე – საარჩევნო სისტემის ცვლილების შესახებ.

 

თუმცა, ვითარება შეიცვალა. თუკი არჩევნები ჩატარდება თავისუფალ და სამართლიან გარემოში ხალხი დასავლეთში ინტეგრაციას მხარს დაუჭერს.

 

კონფერენციებზე ვრწმუნდები, რომ ქართველ ხალხს ატლანტიკური საბჭოს შემადგენელ ნაწილად, ნატოს წევრად ყოფნა სურს.

 

რუსეთს ყველაზე მეტად ამის ეშინია და ამიტომაც იჭრება საქართველოსა და უკრაინაში.

 

– საქართველო მრავალი წელია ცდილობს გახდეს ნატოს წევრი, არსებობს ამის პერსპექტივა?

 

– ვფიქრობ, თუკი თავისუფალი და სამართლიანი საარჩევნო გარემო იქნება, საქართველოს ნატოში ინტეგრაციის გზაზე შემაფერხებელი აღარაფერი უნდა იყოს.

 

ვფიქრობ, საქართველო უკვე ნატოს წევრი უნდა იყოს, რადგან სრულიად აკმაყოფილებს კრიტერიუმებს და ერთადერთი მიზეზი რატომაც საქართველო არ არის ნატოს წევრი არის ის, რომ გარკვეულ ევროპულ ქვეყნებს ეშინიათ, რომ რუსეთი განრისხდება და ვთვლი, რომ ეს სისულელეა.

 

მე არ შემიძლია პროგნოზირება ჩატარდება თუ არა ეს არჩევნები თავისუფალ და სამართლიან გარემოში.

 

ვიმედოვნებ და ვლოცულობ, რომ თავისუფალი და სამართლიანი გარემო იყოს, რადგან ჩვენ გვსურს ვიყოთ საქართველოსთან ერთად.

 

ავტორი: თამარ ბუჩუკური

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები