fbpx
13:09 | 2020-10-04 ავტორი: Prime Time

„ორმხრივი კოვიდ-პნევმონია და ციტოკინური შტორმის ნიშნები“ – ექიმმა ზურაბ გურულმა კორონავირუსი გადაიტანა

„ორმხრივი კოვიდ-პნევმონია და ციტოკინური შტორმის ნიშნები“ – ექიმმა ზურაბ გურულმა კორონავირუსი გადაიტანა

მონტგომერის სახელობის ფედერალური კლინიკის ანესთეზია-რეანიმაციის დეპარტამენტის დირექტორმა, მისისიპის უნივერსიტეტის კლინიკური პროფესორმა, ზურაბ გურულმა კორონავირუსი გადაიტანა.

 

„12 ივნისი … დილიდან მტკივა მთელი სხეული და ყველა სახსარი. უსიამო წინათგრძნობამ შემიპყრო. შეგუებული ვიყავი რომ ვერ გადავურჩებოდი დაინფიცირებას. ძალიან ბევრ სარისკო სიტუაციაში მომიხდა ყოფნა და თანაც არავინ იცის ზუსტად ჩვენი ნიღბების დაცვის სრული პოტენციალი.

 

შუადღეზე საშინლად შემამცივნა. ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ თითქოს ყველა ძვალი გაყინული მიდევს სხეულში, არადა, გარეთ 35 გრადუსიანი სიცხეა. დაყოვნება აღარ ღირს. სადღაც გულის სიღრმეში ვიმედოვნებ რომ იქნებ გავცივდი, მაგრამ …

 

ტესტი გამიკეთეს, მაგრამ პასუხი მხოლოდ 48 საათის შემდეგ იქნება. სამსახურიდან ბრძანება მივიღე რომ მკაცრ თვითიზოლაციაში წავიდე. გაჭირვებით მივაღწიე სახლამდე და ჩავწექი. სიცხემ 39 გრადუსამდე ამიწია. ვცდილობ თავი დავიმშვიდო და არ ვიფიქრო შესაძლო გართულებებზე;

 

არადა, გონებამ თავისით ამოაგდო ყველა მძიმე შემთხვევა. ნეტავ ლაბორატორიული ტესტების გაკეთება მაინც შემეძლოს სახლში, რომ დაახლოებით მაინც ვიცოდე რას ველოდო. მივხვდი რომ კოლეგისა და მეგობრის გონება მჭირდებოდა დასამშვიდებლად. ჩემი სიცხიანი გონება ვეღარ ქაჩავდა რაციონალურ აზროვნებას.

 

მოვიკრიბე ძალა და ნანა გეგეჭკორს დავურეკე, ძალიან მაგარ ექიმს და კარგ მეგობარს. საოცარი სიმშვიდე მოდის ამ ადამიანისაგან. უცებ ჩამოაყალიბა ჩემი მკურნალობის გეგმა და დამაწყნარა. საუბრის მერე უკეთ ვიგრძენი თავი. -ბოლოსდაბოლოს, აბსოლუტურად ჯანმრთელი ვარ, რატომ უნდა გამირთულდეს, ვცდილობ დამშვიდებას და პრაგმატულად ფიქრს.

 

18 ივნისი … 48 საათმა გაიარა, რაც სიცხე არ მქონია. მგონი ვრჩები. მიხარია. – ჯერ ნუ იჩქარებ – მაფრთხილებს ნანა და მაიძულებს რომ მაქსიმალურად ვიაქტიურო ფიზიკურად. მიჭირს სიარული, სისუსტისაგან თავბრუ მეხვევა, მაგრამ არ მინდა თრომბის მსხვერპლი გავხდე და ვცდილობ ეზოში ვისეირნო, ყველასაგან მოშორებით.

 

შუადღეზე უცებ ამივარდა სიცხე და საშინლად შემამცივნა. ძალიან ცუდად ვარ. ვრძნობ რომ საუბარი მიჭირს, სუნთქვა აღარ მყოფნის.

 

– ველოდი ამ გართულებას – მაინც ოპტიმისტურად არის ნანა. რამდენიმე საათის შემდეგ სუნთქვა კიდევ უფრო მიჭირს; პირჩაღმა დავწექი და ცოტა შვება ვიგრძენი.

 

– საავადმყოფოში უნდა წახვიდე – მტკიცე ტონით მეუბნება ჩემი ექიმი.

 

ტაქსის გამოძახება არ მსურს. არ მინდა უცნობი ადამიანი საფრთხის ქვეშ ჩავაყენო, ველოდები სიცხის დაკლებას და მერე თავად ვჯდები საჭესთან.

 

-ორმხრივი კოვიდ პნევმონია და ციტოკინური შტორმის ნიშნები; უნდა დაგაწვინოთ – ოდნავ შეშფოთებას ვამჩნევ ხმაში ახალგაზრდა ექიმს, რომელიც ჩემი ყოფილი რეზიდენტი აღმოჩნდა.

 

საავადმყოფოს დერეფანში არავინაა. ვერავის სახეს ვერ ვხედავ. ყველა შეფუთულია და ორმაგი ნიღაბი უკეთია. არაფრის თავი არ მაქვს, პალატაში შემიყვანეს თუ არა, მაშინვე ჩავწექი. საშინლად მცივა. ექთანს ვთხოვე რამდენიმე საბანი მოეტანა. ყველა საოცრად თბილად მეპყრობა. ვცდილობ არაფერზე ვიფიქრო. უსიზმროდ ჩამეძინა.

 

ღამის 3 საათზე გამეღვიძა. სუნთქვა მიჭირს. მეცოდება ექთანი გამოსაძახებლად. მთელი აღჭურვილობა უნდა აისხას ჩემთან შემოსასვლელად. სიცხე გავიზომე, 40-ს გადასცილდა. მე კი ძალიან, ძალიან მცივა. პარაცეტამოლს ვიღებ მაგიდიდან და ვსვამ; მერე მუცელზე ვწვები…

 

… ბევრი რამ მასწავლა იმ დღეებმა. ყოველი სიცოცხლე ძვირფასია; ყოველი. ექიმი ამ პლატფორმიდან უნდა მოქმედებდეს მუდამ და არასოდეს, არასოდეს არღვევდეს საექიმო ეთიკას,“- წერს გურული.

 

 

„აბა სცადოს ვინმემ და ზუსტად გათვალოს რა მოუვა 74 წლის პრეზიდენტს შემდეგი 48 საათის განმავლობაში“ - ზურაბ გურული ტრამპის მდგომარეობაზე
2020-10-04„აბა სცადოს ვინმემ და ზუსტად გათვალოს რა მოუვა 74 წლის პრეზიდენტს შემდეგი 48 საათის განმავლობაში“ - ზურაბ გურული ტრამპის მდგომარეობაზე
   
ზურაბ გურული - მსოფლიოში ცნობილი პროფესორი, პულმონოლოგი, არაერთი ცნობილი ექიმის აღმზრდელი, შეიწირა ვირუსმა
2020-10-04ზურაბ გურული - მსოფლიოში ცნობილი პროფესორი, პულმონოლოგი, არაერთი ცნობილი ექიმის აღმზრდელი, შეიწირა ვირუსმა

 

ავტორი: Prime Time

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები

X