fbpx
21:58 | 2020-10-03 ავტორი: Prime Time

„ორჯერ იყო აჭარის ჩემპიონი, 35 და 40 კგ კატეგორიაში გამოდიოდა“ – მეწყერის დროს დაღუპულ ბავშვს მწვრთნელი იხსენებს

„ორჯერ იყო აჭარის ჩემპიონი, 35 და 40 კგ კატეგორიაში გამოდიოდა“ – მეწყერის დროს დაღუპულ ბავშვს მწვრთნელი იხსენებს
1 ოქტომბერს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში განვითარებულ მოვლენებს თედორაძეების ოჯახის სამი წევრი ემსხვერპლა, მათ შორის ერთი არასრულწლოვანი მურმან თედორაძე.
მურმან თედორაძე სპორტსმენი იყო. ის ძალოსანთა ნაკრების წევრი და არაერთი ჯილდოს მფლობელი იყო. როგორც „პრაიმტაიმთან” ძალოსნობის ფედერაციის აჭარის ნაკრების მთავარი მწვრთნელი ბესო ბასილია აცხადებს, მურმან თედორაძე ნიჭიერი ახალგაზრდა და პერსპექტიული სპორტსმენი იყო.
„პირველ რიგში მინდა სამძიმარი გამოვუცხადო გარდაცვლილთა ოჯახის წევრებს და ნათესავებს. საშინელი ტრაგედია დატრიალდა. სიტყვებს ვერ ვპოულობ, რა შეიძლება ასეთ დროს ვთქვა. მიჭირს მურმანზე წარსულში საუბარი. ჯერ კიდევ ვერ ვიჯერებ მწარე რეალობას. არაჩვეულებრივი ბავშვი იყო, ზრდილობიანი, თავაზიანი, ნიჭიერი. მესამე წელია შეჯიბრებებში მონაწილეობდა. ორჯერ იყო აჭარის ჩემპიონი, 15 წლამდე ასაკის, 35 და 40 კგ კატეგორიაში გამოდიოდა. საქართველოს პრიზიორი იყო 15 წლამდე ასაკში. ძალიან პერსპექტიული სპორტსმენი იყო. რომ არა ეს ტრაგედია, არაერთხელ ასახელებდა აჭარასა და მთელ საქართველოს”- განაცხადა ბესო ბასილიამ.
საქართველოს ძალოსნობის ეროვნული ფედერაცია სამძიმრის წერილს აქვეყნებს.
„საქართველოს ძალოსნობის ეროვნული ფედერაცია მწუხარებას გამოთქვამს პატარა ძალოსნის, 15 წლის მურმან თედორაძისა და მისი მშობლების ტრაგიკულად გარდაცვალების გამო, რომლებიც ხელვაჩაურში საკუთარ სახლში მეწყერმა მოიყოლა”- ნათქვამია წერილში.
შეგახსენებთ, 1 ოქტომბერს ქვედა ჯოჭოში განვითარებული მოვლენების დროს ერთი ოჯახის სამი წევრი, მათ შორის არასრულწლოვანი დაიღუპა. აღნიშნული ოჯახის მეორე არასრულწლოვანი შვილი შემთხვევის დროს სახლში არ იმყოფებიდა. ის ბებიასთან ხულოში სტუმრად იყო.
ავტორი: ნაირა ქობულაძე

ავტორი: Prime Time

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები

X