fbpx
22:45 | 2020-06-04 ავტორი: თორნიკე ყაჯრიშვილი

ორი შვილი დავმარხე.. ორი გასაზრდელი მყავს – მარტოხელა დედა დახმარებას ითხოვს

ორი შვილი დავმარხე.. ორი გასაზრდელი მყავს – მარტოხელა დედა დახმარებას ითხოვს

ორი შვილი და მეუღლე რამდენიმე წლის წინ მიწას მიაბარა. უსახსრობისა და ბინის არარსებობის გამო, შვილები ნათესავების საფლავებზე, სხვადასხვა სოფელში დაკრძალა.

 

შორენა მღვდელაძის ტრაგედია მხოლოდ ამით არ დასრულდა.

 

38 წლის ქალმა, წლები ქირით იცხოვრა. ერთი პერიოდი მიტოვებულ შენობაში თვითნებურად შესახლდა და იმის გამო, რომ კიბეებზე სიარული უჭირდა, იქიდან წამოვიდა. უკან მიბრუნებულს კი უკვე სხვა ოჯახი დახვდა შესახლებული.

 

წლებია მისი საფიქრალი ორი ობოლი და ასაკოვანი დედაა. თავად ჯანმრთელობის პრობლემები აქვს და ამის გამო ვერ მუშაობს.

 

როცა ინტერვიუს ჩასაწერად დავურეკეთ, სუნთქვა და საუბარი უჭირდა. უკიდურეს გაჭირვებაში მყოფი ახალგაზრდა ქალის ამბობს, რომ მისთვის ერთადერთი იმედი ახლა კეთილი ადამიანები არიან.

 

„ახლა დროებით სხვის ბინაში ვცხოვრობთ. გულისხმიერმა ადამიანებმა დროებით დაგვითმეს ფართი და როდის გაგვიშვებენ არ ვიცი.

 

სამზარეულოში წვიმა ჩამოდის, მაგრამ ამას ვინ დაობს, ქუჩაში არ გვიწევს ღამის თენება…

 

მთელი ცხოვრება ქირით ვცხოვრობდით. როცა თანხის გადახდა ვეღარ შევძელით, ისანში მდებარე სამხედრო ჰოსპიტალის შენობაში თვითნებურად შევედით.

 

კიბეებზე სიარული მიჭირდა. დროებით გამოვედით და უკან დაბრუნებულებს უკვე სხვა ოჯახი დაგვხვდა შესახლებული. წარმოშობით რაჭველი ვარ, მაგრამ რაჭა თვალით არ მინახავს.

 

დედაჩემმა შეიძლება ითქვას, რომ ქუჩაში გამზარდა. მამაჩემთან დაშორების შემდეგ ღია ცის ქვეშ აღმოჩნდა…

 

მეუღლის ოჯახმა ბინა იპოთეკაში დაკარგა, თვითონ იტალიაში წავიდნენ და მათთან საერთოდ კონტაქტი აღარ გვაქვს…

 

ოთხი შვილის დედა ვიყავი… ორი დამეღუპა. ერთი ლეიშმანიოზით გარდაიცვალა, მეორე გულის პრობლემით.

 

იმის გამო, რომ ჩემი არაფერი გამაჩნია, ერთი შვილი თეთრიწყაროში, დედამთილის დის საფლავზე დავასაფლავეთ და მეორე გურჯაანის რაიონში ისიც ნათესავის საფლავზე…

 

მეუღლეც რამდენიმე წლის წინ ავტოკატასტროფაში დაიღუპა, ტაქსაობდა და რაღაცას დაეჯახა…

 

მარნეულში ახალგაზრდები მარტოხელა დედას სახლს აუშენებენ
2020-05-30მარნეულში ახალგაზრდები მარტოხელა დედას სახლს აუშენებენ

 

მეორე შვილის გაჩენის შემდეგ დიაბეტი დამემართა. ინსულინზე ვარ, ნემსს დღეში ოთხჯერ ვიკეთებ. გარდა ამისა გულზე სამი სტენდი მაქვს გაკეთებული.

 

იმის გამო, რომ ბოლო პერიოდში უსახსრობის გამო გულის წამლებს ვერ ვყიდულობ, შაქარმა ამიწია და მდგომარეობა დამიმძიმდა…

 

შაბათს ექიმთან ვარ დაბარებული, გულზე ექოსკოპია უნდა გამიკეთონ და იმის გამო, რომ 50 ლარი არ მაქვს, ალბათ ვერ წავალ.

 

ვსარგებლობ უფასო სასადილოს სერვისით. ჩვენი შემოსავალი სოციალური დახმარება და დედაჩემის პენსიაა. ეს თანხა ძირითადად მედიკამენტებში და საჭმელში იხარჯება.

 

 

ბავშვთა სახლში გაზრდილმა ბიჭმა 38 წლის შემდეგ, სამსახურში მისი გაშვილების შესახებ დედის განცხადება იპოვა
2020-05-04ბავშვთა სახლში გაზრდილმა ბიჭმა 38 წლის შემდეგ, სამსახურში მისი გაშვილების შესახებ დედის განცხადება იპოვა

 

 

ინსულინს უფასოდ ვიღებ ჯანდაცვის სამინისტროდან. ამის გარდა, თვეში 1500-მდე ლარი მჭირდება წამლებში… ჩემმა უფროსმა შვილმა ორი კვირის წინ მოიხადა სამხედრო სავალდებულო. გოგონა 6 წლისაა.

 

გამოუვალ მდგომარეობაში ვარ. ორი შვილი მყავს გასაზრდელი და გზაზე დასაყენებელი. მე თუ ჯანმრთელად არ ვიქნები, მათ არავინ მიხედავს…

 

კეთილო ადამიანებო, ვიცი ბევრი გაჭირვებული ადამიანისთვის გაგიწვდიათ დახმარების ხელი… ახლა მე მჭირდება თქვენი გვერდში დგომა. ჩემს შვილებს დედა სჭირდებათ, მე მათთან ერთად ყოფნა.

 

მჯერა, რომ კიდევ არსებობენ გულისხმიერი ადამიანები…“- ამბობს შორენა მღვდელიძე.

ავტორი: თორნიკე ყაჯრიშვილი

0
კომენტარი - +

X