09:59 | 2021-06-01 ავტორი: Prime Time

„ნუ ეძებთ კატას ბნელ ოთახში“- გახარიას პასუხები კითხვებზე, რომლებიც მისი პოლიტიკიდან გაუჩინარების შემდეგ დაგროვდა

„ნუ ეძებთ კატას ბნელ ოთახში“- გახარიას პასუხები კითხვებზე, რომლებიც მისი პოლიტიკიდან გაუჩინარების შემდეგ დაგროვდა

ყოფილი პრემიერის, გიორგი გახარიას პოლიტიკური პრემიერა უკვე გაიმართა. მმართველი პარტიის ყოფილი მეთაური პოლიტიკურ ბრძოლას ამჯერად უკვე ოპოზიციური პარტიის თავმჯდომარის რანგში იწყებს.

 

ახალი პარტიის ხელმძღვანელი 31 მაისს, ორი საათი ჟურნალისტების პირისპირ იყო. მმართველი გუნდის ერთ დროს გამორჩეულ ლიდერს, ყველა იმ კითხვის მოსმენა მოუწია, რომლებიც მისი პოლიტიკიდან გაუჩინარების შემდეგ დაგროვდა.

 

ყოფილი პრემიერ-მინისტრი ამბობს, რომ ოპოზიციურ ფლანგზე ყოფნა მეტი თავისუფლების ხარისხს ანიჭებს.

 

კალაძე არის კარგი მერი და ღირსეული ადამიანი - გახარია 
2021-05-31კალაძე არის კარგი მერი და ღირსეული ადამიანი - გახარია 

 

 

ერთ-ერთ მნიშვნელოვან პრობლემად ის კვლავ კორუფციას და ნეპოტიზმს ასახელებს, თუმცა კონკრეტულ კორუფციულ სქემებზე საუბარი არ ყოფილა.

 

„მე ვამბობ, რომ პრევენციის და სტრატეგიის მექანიზმები უნდა იყოს უფრო ეფექტური. საგამოძიებო მექანიზმები უნდა იყოს უფრო ეფექტური, უნდა იყოს ერთიანი მმართველობა. თუ ვინმემ ჩემი გუნდიდან ან მე დავაშავეთ, რა თქმა უნდა, ყველამ პასუხი უნდა ვაგოთ.

 

გიორგი გახარიას ყოფილმა თანაგუნდელებმა ღიად უთხრეს, რომ მის გულწრფელობაში ეჭვი ეპარებათ.

 

მმართველი პარტიის თავმჯდომარეს გახარიას პოლიტიკური გულწრფელობის არ სჯერა და მისგან დამატებით განმარტებებსაც ელოდება, თუ როდის იყო მართალი, როდესაც რამდენიმე თვის წინ “ქართული ოცნების” წარმატებაზე საუბრობდა თუ მაშინ, როდესაც უკვე ოპოზიციური პარტიის ლიდერის რანგში ქვეყნის არაერთ გამოწვევევას შორის კორუფცია დაასახელა.

 

მმართველი გუნდის მსგავსად, ყოფილი პრემიერის მისამართით კრიტიკა არ დაიშურეს პოლიტიკოსებმა ოპოზიციური ფლანგიდანაც.

 

მათ გიორგი გახარიას შეახსენეს, რომ ხელისუფლებაში ყოფნის დროს არაერთ საქმეზე პასუხი აქვს გასაცემი. პოლიტიკოსების ნაწილს იმაშიც ეპარება ეჭვი, რომ გახარია “ოცნებას” საბოლოოდ გაემიჯნა.

 

გახარიამ თქვა, რომ წარსულზე „ჭორაობას არ დაიწყებს“, რომ ყველა შეცდომა მისი პასუხისმგებლობაც არის და რომ ის იყო რეალური მმართველი.

 

“როდესაც მე ვიყავი პრემიერი, ისევე როგორც როდესაც მე ვიყავი შინაგან საქმეთა მინისტრი, ყველა ამ ინსტიტუტზე მე ვიყავი პასუხისმგებელი. რა თქმა უნდა, მე ვაღიარებ იმას, რომ ხშირ შემთხვევაში, ჩვენი გადაწყვეტილების მიღების მექანიზმი იყო გუნდური.

 

 

„ოცნებისთვის გახარია ტროას ცხენივითაა, რომელიც მას 43% ქვემოთ დატოვებს“ - უგულავა
2021-05-31„ოცნებისთვის გახარია ტროას ცხენივითაა, რომელიც მას 43% ქვემოთ დატოვებს“ - უგულავა

 

სანამ მე ამ გუნდური გადაწყვეტილების მიღების პროცესში შემეძლო მეთამაშა პოზიტიური როლი, რა თქმა უნდა, ხშირ შემთხვევაში კომპრომისის ხარჯზე, მე ამას ვაკეთებდი. როგორც კი მე დავეჯახე კედელს, აი, უბრალოდ კედელს, ყველანაირი განმარტებების და ლოგიკური ახსნის გარეშე და მივხვდი, რომ მე აქ პოზიტიური როლის შესრულების შესაძლებლობა არ მაქვს, რა თქმა უნდა, მე გადავდექი“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

 

პარტიის ”საქართველოსთვის” თავმჯდომარე, გიორგი გახარია ამბობს, ბიძინა ივანიშვილს “არც აქებს და არც აძაგებს.”

 

“ქვეყანაში რა თქმა უნდა, ფაქტია რომ ჩვენ მმართველობითი სისტემის სერიოზული პრობლემა გვაქვს. ყველგან ივანიშვილის ხელი ვერ იქნება გარეული. 20 ივნისი და ბიძინა ივანიშვილი, ან ანაკლიის პორტი და ბიძინა ივანიშვილი, კავშირი რა არის? მე ბიძინა ივანიშვილს, რომელიც პოლიტიკიდან წავიდა, ყოველ შემთხვევაში მან ასე განაცხადა, მე მას არც ვაქებ დღეს და არც ვაძაგებ,“ – აცხადებს გიორგი გახარია.

 

 

გიორგი გახარია მედიასთან შეხვედრაზე ნამახვანჰესის მშენებლობის საკითხსაც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ნამახვანის მშენებლობაზე ხელშეკრულება იმ დროს გაფორმდა, როდესაც ის შინაგან საქმეთა მინისტრი იყო.

 

„ეს კარგია თუ ცუდია, მაშინ უნდა გადაწყვეტილიყო – როდესაც გადაწყვეტილება 2019 წლის აპრილში იქნა მიღებული და ეს კონტრაქტი იყო გაფორმებული. სამწუხაროდ,  მაშინ მე საერთოდ შინაგან საქმეთა სამინისტროში ვიყავი,” – აღნიშნა გახარიამ.

 

გახარიას განცხადებით, ჰესების მშენებლობაზე დადებული კონტრაქტებიდან ნამახვანჰესის კონტრაქტი პირობების თვალსაზრისით ყველაზე  რთული კონტრაქტი არაა და  ჰესებზე  სახელმწიფოს მიერ დადებული  უფრო მკაცრი ვალდებულებების კონტრაქტებიც არსებობს.

 

“ეს არ ნიშნავს იმას და არ არის გარანტია, რომ ეს კარგია ან ცუდია. აქ მთავარი პრობლემა არის შემდეგში: ჩვენი ქვეყნის ეკონომიკა და ენერგოუსაფრთხოება პირდაპირ არის ჰიდრორესურსზე დამოკიდებული, მეორე მხრივ, ეს ჰიდრორესურსი ჩვენ ჩვენი მოქალაქეებისთვის გვჭირდება. ამიტომ, აქ პრობლემა არის ეს კომუნიკაცია ჩვენს  ხეობის დამცველებთან… ეს კომუნიკაცია თუ არ მოგვარდა და  დალაგდა, ასეთ ტურბულენტურ მდგომარეობაში, რა თქმა უნდა, ეს პრობლემა იქნება, “ – განაცხადა გახარიამ.

 

პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერმა ანაკლიის პორტის მშენებლობაზეც ისაუბრა.

 

“მე მაშინაც სიმართლეს ვამბობდი, ეს ობიქტური რეალობაა, ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის საინვესტიციო ხელშეკრულება, რომ ნახოთ რამდენჯერ არის შეცვლილი, რა იყო მისი საწყისი პირობები საერთაშორისო ტენდერის და რა გახდა ბოლოს, ეს ყველაფერი დანარჩენი ლირიკა და თავის მართლებაა.

 

დაგაინტერესებთ: ამნისტიას მხარს არ დაუჭერ, ეს მიუღებელია – გიორგი გახარია

 

 

ფაქტია ერთადერთი, რომ კერძო ინვესტორმა თავისი ვალდებულებები ვერ შეასრულა, მიუხედავად იმისა, რომ სახელმწიფოს მხარდაჭერა დამატებით გაიზარდა 4-ჯერ, თუ 5-ჯერ, არ მინდა ახლა ზუსტად აქ ციფრები, პროექტის დაწყების ეტაპი, საინვესტიციო კონტრაქტი დაახლოებით 10-ჯერ არის გადახედილი, რაც შეეძლო სახელმწიფოს, ყველაფერი გააკეთა და მამუკა ხაზარაძის ნაცვლად, სახელმწიფო პორტს ვერ ააშენებდა. თუმცა, კიდევ ერთხელ ვამბობ, ღრმაწყლოვანი პორტი საქართველოს სჭირდება და უნდა აშენდეს“, – განაცხადა გახარიამ.

 

გიორგი გახარიას პოზიციას დღეს მხოლოდ ყოფილი პრემიერის თანაგუნდელები იცავდნენ. მათი შეფასებით, ყოფილმა პრემიერმა სწორედ იმიტომ გადაწყვიტა ჯერ წასვლა, მოგვიანებით კი პოლიტიკაში მოსვლა, რომ ქვეყანაში არსებულ მდგომარეობაზე პასუხისმგებლობას გრძნობს.

 

 

ასევე ნახეთ: არჩევნებში, შესაძლოა, ჩვენი კანდიდატურა არ გვყავდეს და სხვა კანდიდატს დავუჭიროთ მხარი – გახარია

ავტორი: Prime Time

X

error: Content is protected !!