10:53 | 2021-10-14 ავტორი: Prime Time

ნიკოლოზ სამხარაძე ესტონეთის დიპლომატიური სკოლის მსმენელებს და ანალიტიკური ცენტრების წარმომადგენლებს შეხვდა

ნიკოლოზ სამხარაძე ესტონეთის დიპლომატიური სკოლის მსმენელებს და ანალიტიკური ცენტრების წარმომადგენლებს შეხვდა

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, ნიკოლოზ სამხარაძე,  ვიზიტის ფარგლებში, ესტონეთის თავდაცვისა და უსაფრთხოების საერთაშორისო ცენტრის, ესტონეთის საგარეო პოლიტიკის ინსტიტუტის და ესტონეთის ატლანტიკური ხელშეკრულების ასოციაციის წარმომადგენლებს შეხვდა.

 

საუბრის ძირითად თემას შავი ზღვის უსაფრთხოების გარემო წარმოადგენდა. მხარეებმა ასევე. მიმოიხილეს რუსეთიდან მომდინარე საფრთხეები, ყარაბაღის ომის შემდგომ სამხრეთ კავკასიაში შექმნილი ვითარება. ყურადღება გამახვილდა გლობალურ ჭრილში მათ შორის, ავღანეთიდან ნატოს ჯარების გაყვანის შემდეგ ჩვენი რეგიონის მნიშვნელობაზე.

 

შეხვედრისას, ესტონეთის ანალიტიკური ცენტრების წარმომადგენლები საქართველოს მიერ განხორციელებული რეფორმებით, დაინტერესდნენ. განსაკუთრებით კი, საქართველოს ნატოში წევრობასთან დაკავშირებით გადადგმულ ნაბიჯებზე გამახვილდა ყურადღება. ასევე, მათ კითხვები ჰქონდათ 2024 წელს საქართველოს მიერ ევროკავშირში გაწევრიანების თაობაზე განაცხადის გაკეთებასთან დაკავშირებით. ისინი დაინტერესდნენ რამდენად მოახერხებს საქართველო ასეთ გართულებულ გეოპოლიტიკურ და ეკონომიკურ ვითარებაში საჭირო რეფორმები განახორციელოს.

 

ნიკოლოზ სამხარაძე ესტონეთის დიპლომატიური სკოლის მსმენელებსაც შეხვდა, სადაც საქართველოს საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტები მიმოიხილა. მან ისაუბრა, ჩვენი ქვეყნის როგორც ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციაზე ასევე, სამხრეთ კავკასიის რეგიონის ქვეყნებთან ურთიერთობებზე. ყურადღება გაამახვილა სავაჭრო, ენერგეტიკული და ციფრული დამოუკიდებლობისკენ გადადგმულ ნაბიჯებზე და ხაზი გაუსვა ამ საკითხის მნიშვნელობას.

 

მსმენელები, კავკასიის რეგიონში არსებული ვითარებით და სამშვიდობო ინიციატივასთან დაკავშირებით, საქართველოს მიერ გადადგმული ნაბიჯებით დაინტერესდნენ.

 

 

ავტორი: Prime Time

X