fbpx
17:52 | 2020-12-18 ავტორი: Prime Time

ნიგერიაში ბავშვთა მასობრივი გატაცება კვლავ გრძელდება

ნიგერიაში ბავშვთა მასობრივი გატაცება კვლავ გრძელდება

გასულ კვირას, ასობით ნიგერიელი სტუდენტი სკოლა-ინტერნატიდან გაიტაცეს. ინფორმაციას CNN ავრცელებს.

 

მას შემდეგ, რაც კაცინას შტატში, ერთ-ერთ სკოლას თავს დაესხნენ, სკოლის 344 მოსწავლე, თითქმის ერთი კვირის განმავლობაში დაკარგულად ითვლებოდა.

 

 

გავრცელებული ინფორმაციით, გამტაცებლები ისლამური ტერორისტული დაჯგუფების – “ბოკო ჰარამის“ სახელით მოქმედებდნენ. შტატის გუბერნატორის – ამინუ ბელო მასარის დელეგატის ცნობით, გამტაცებლები სულაც არ იყვნენ თალიბანის აფრიკული ფრთის წარმომადგენლები, არამედ ისინი ადგილობრივ ბანდიტურ დაჯგუფებას წარმოადგენდნენ.

 

გამტაცებლებმა ვიდეო ჩაწერეს, სადაც თეთრებში გამოწყობილ ერთ-ერთ მოსწავლეს ათქმევინეს, რომ ნიგერიის მთავრობამ ყველა ის სკოლა უნდა დაკეტოს, რომელიც „დასავლურ განათლებას“ ავრცელებს.

 

ვიდეოში ისმის მამაკაცის ხმაც, რომელიც ირწმუნება, რომ „ბოკო ჰარამის“ ლიდერი – აბუბაქარ შეკაუა, თუმცა მასარიმ CNN-თან განაცხადა, რომ კაცი, რომელიც ვიდეოში საუბრობს, იტყუებოდა და აფრიკული ტერორისტული დაჯგუფების ლიდერს უბრალოდ ბაძავდა. მიუხედავად ამისა, საგულისხმოა ისიც, რომ დაზუსტებული ინფორმაცია იმის შესახებ თუ ვინ გაიტაცა მოსწავლეები, ამ დროისათვის, ჯერ კიდევ არ არსებობს.

 

ეს კაცანას შტატში, ბავშვთა გატაცების პირველი შემთხვევა არაა. 2014 წელს, ჩიბოკის ინტერნატიდან 276 გოგონა გაიტაცეს, რომელთაგან 100, ჯერ კიდევ უკვალოდაა დაკარგული. ასევე, 2018 წელს, „ბოკო ჰარამის“ სეპარატისტულმა ფრაქციამ (ISWAP) 100 გოგონაზე მეტი ქ. დაპჩიდან გაიტაცა (რამდენიმე კვირის შემდეგ, ისინი მოლაპარაკებების შედეგად გაათავისუფლეს).

 

#BringBackOurGirls მოძრაობის ერთ-ერთი დამფუძნებლისა და ნიგერიის ყოფილი განათლების მინისტრის – ობიაჯელი იზიკვაზილის თქმით, საკვირველია, თუ როგორ დაუშვა მთავრობამ, კიდევ ერთი მსგავსი თავდასხმა.

 

update:  გვიან ხუთშაბათს, ნიგერიულმა სამხედრო ბრიგადამ ყველა მოსწავლე გამტაცებლებისაგან უსაფრთხოდ დაიხსნა.

 

ავტორი: ამუკა ქორიძე

ავტორი: Prime Time
X