ილონ მასკის Starship-ის რაკეტა სატესტო გაფრენაზე მეექვსედ გაუშვეს (VIDEO)

რაკეტა

 ამერიკელი ბიზნესმენის, ილონ მასკის SpaceX-მა რაკეტა Starship-ის, ისტორიაში ყველაზე მძლავრი სარაკეტო სისტემის, რიგით მეექვსე სატესტო გაფრენა წარმატებით შეასრულა. რაკეტის გაშვებას ილონ მასკთან ერთად აშშ-ს ახლად არჩეული პრეზიდენტი, დონალდ ტრამპიც ესწრებოდა.

Starship ტეხასის SpaceX-ის კოსმოსური პორტიდან გაფრინდა. გეგმის თანახმად, წინა გაფრენის მსგავსად, რაკეტის მრავალჯერადი გამოყენების ბუსტერი უკან გამშვებ პუნქტზე უნდა დაბრუნებულიყო, თუმცა, გაურკვეველი მიზეზის გამო, ის გაშვებიდან რამდენიმე წუთში მექსიკის ყურეში ჩავარდა. რაკეტის ზედა ნაწილმა თავისი მისია წარმატებით შეასრულა და გაშვებიდან 1 საათსა და 5 წუთში ინდოეთის ოკეანეში დაეშვა.

ცნობისთვის,13 ოქტომბერს, Starship-ის რიგით მეხუთე სატესტო გაფრენის დროს პირველივე მცდელობაზე წარმატებით დაიჭირეს რაკეტის Super Heavy ბუსტერი, რომელიც რაკეტის ქვედა ნაწილს შეადგენს და მას გაფრენაში ეხმარება. რაკეტის ბუსტერი დაახლოებით 20 სართულიანი შენობის სიმაღლეა, რაც მის დაჭერას უფრო მეტად ართულებდა. აფრენის შემდეგ, ბუსტერი დედამიწაზე დაბრუნდა და სპეციალურ "მკლავებზე", რომლებიც გამშვები კოშკურის ნაწილს შეადგენს, წარმატებით დაეშვა.

ილონ მასკთან ერთად რაკეტის გაშვებას აშშ-ს ახალი პრეზიდენტი, დონალდ ტრამპიც აკვირდებოდა. მანამდე ტრამპმა თავის X-ზე დაწერა, რომ "დედამიწიდან ისტორიაში ყველაზე დიდი ობიექტის გაფრენის" საყურებლად "დიდებულ შტატ ტეხასში" მიემგზავრება.