„ვირეშმაკობაც კარგად იციან. ვითომ ვერ ხვდებიან. მთლიანობაში კეთილი და სტუმართმოყვარე ხალხია“ - რომელი კუთხის ქართველებს ახასიათებს ვანო იანტბელიძე

vano

თელავის სახელმწიფო თეატრის მსახიობი - ვანო იანტბელიძე 68 წლისაა და როგორც "პრაიმტაიმთან" ამბობს, სარკეში ჩახედვამდე ასაკი არ ახსოვს. ჯანმრთელობას არ უჩივის, თუმცა საამისოდ მაინცდამაინც არაფერს აკეთებს. 47 წელია თელავში გაატარა, თელაველებს კი შემდეგნაირად ახასიათებს.

ვანო იანტბელიძე: - მარტოობის დროს მოწყენილი ვარ. ვერასდროს ვიტანდი მარტოობას, არ შემიძლია. სულ პრობლემებზე მეფიქრება, იმას ის სჭირდება, ამას ეს უნდა... როგორც კი ვინმე გამოჩნდება, მაშინვე ორბივით გავჯეელდები. 

მახსოვრობას არ ვუჩივი, სცენაზე მით უფრო, მაგრამ კოვიდის გადატანის შემდეგ, ზოგჯერ ისეთი რამ ამოვარდება თავიდან, ვოცდები.

სახლში მიდევს ყველანაირი ტრენაჟორი. სანამ ვიყიდდი, ვერ მოვისვენე. ვიყიდე და შევხედავ, ჩემი შვილიშვილები ვარჯიშობენ. მეც ცოტას წავივარჯიშებ, მაგრამ დიდი ინტენსივობით - არა. 

უმეტესად ნაბახუსევზე ვარ და ხომ ვერ ვივარჯიშებ, რავალია, "პახმელიაზე" დადექი და ივარჯიშე. ასაკში სმა ვისწავლე. ადრე ბოლომდე ვსვამდი. ახლა ვქეიფობ, მოვდივარ სახლში და კარგად ვარ. კახეთი იმიტომ შემიყვარდა, რომ არავინ არაფერს გაძალებს. გინდა დალიე, გინდა - არა. სადღეგრძელო თქვი, მოსვი, დადე ჭიქა. არავინ გეუბნება, რატომ ბოლომდე არ დალიეო. არავინ გეჯიბრება. გენიალურია. 

პირდაპირები არიან. ვირეშმაკობაც კარგად იციან. ვითომ ვერ ხვდებიან. მთლიანობაში კეთილი და სტუმართმოყვარე ხალხია. ვისზეც გინდა მოუყევი ანეკდოტი, ყველას თავის თავზე, კახელებზე გადმოიტანენ და თავის თავზე ბოლომდე ღადაობენ. ყველა კახელი თავის თავზე ღადაობს. თელაველები კიდევ გურჯაანელებზეც ხუმრობენ. ყველას ვუყვარვარ, პატივს მცემენ. კარგი ხალხია. ასე რომ არ ყოფილიყო, 47 წელი იქ ვერ დავრჩებოდი. დედა, დედა, რა დრო გასულა...

კიდევ იმაზე ვატყობ დრო რომ გარბის, რომ მოვა კაცი და ჩამეხუტება, თქვენს ზღაპრებზე ვარ გაზრდილიო, ვფიქრობ, რაფერაა ახლა ეს ჩემს ზღაპრებზე გაზრდილი-მეთქი. მაგრამ ფაქტია. ძალიან დაჩქარდა და დაპატარავდა დრო...