„ცელულიტი არასოდეს მქონია... ერთი პერიოდი იოგათი ვიყავი გატაცებული“ - ნანი ბრეგვაძე მომხიბვლელობის საიდუმლოს ამხელს

ნანი ბრეგვაძე

ესტრადის ცნობილი მომღერალი ნანი ბრეგვაძე საზოგადოებაში არა მხოლოდ მისი ვოკალური მონაცემებით, არამედ ჩაცმის სტილითაც ცნობილია. მომღერლის ბოლო დროს გავრცელებულმა ფოტოებმა კი მისი ნიჭის თაყვანისმცემლები, ახლა უკვე მომღერლის გარეგნობით აღაფრთოვანა.

„კვირის პალიტრამ“ მომღერალთან ვრცელი ინტერვიუ ჩაწერა, სადაც მან საკუთარი შემოქმედებიდან ბევრი საინტერესო დეტალი გაიხსენა. საუბარი 86 წლის მომღერლის გარეგნობასაც შეეხო. ჟურნალისტის კითხვაზე, როგორ ახერხებს, ასე საოცრად გამოიყურებოდეს, ნანი ბრეგვაძე პასუხობს:

„არ ვარ ადამიანი, რომელიც თავს არ უვლის - დღე არ არის, მოწესრიგებული არ ვიყო, მაგრამ მეტად არაფრით ვირჯები... ამ ბოლო დროს საშინელი უმადობა დამჩემდა, თორემ ჩემს სიცოცხლეში დიეტა არ დამიცავს. ძილის წინაც კი გემრიელად მივახშმია. ზოგჯერ გასტროლებზე "ორერას~ კონცერტები ყოველდღე იმართებოდა და კონცერტის წინ არასოდეს ვჭამდი. უკაცრავად, მაგრამ კონცერტზე მაძღარი სახით გასვლა არ შემეძლო. მუცელიც აუცილებლად შესუნთქულივით უნდა ყოფილიყო - ამას ძალიან დიდ ყურადღებას ვაქცევდი. სცენაზე გამართული, ლამაზად უნდა იდგე, მოშვებული კი არა! ჯანმრთელი ვარ და, ალბათ, ეს აისახება გარეგნობაზეც. ამბობენ, რომ კანიც კარგი მაქვს, რაც, ალბათ, გენეტიკურია. ცელულიტი არასოდეს მქონია. ერთი პერიოდი იოგათი ვიყავი გატაცებული, თავზეც კი ვდგებოდი... საერთოდ, შენს თავს პატივი უნდა სცე და როცა ამას ცდილობ, ღმერთიც გეხმარება!“  - ამბობს ინტერვიუში ბევრისთვის საყვარელი მსახიობი.

 

წყარო: