ილონ მასკის განცხადებით, Twitter-ზე ვერიფიკაციის სხვადასხვა ფერის ნიშანი გაჩნდება

ტვიტ

Twitter-ის მფლობელმა ილონ მასკმა განაცხადა, რომ სოციალურ ქსელში ვერიფიკაციის ნიშნების სხვადასხვა ფერის სისტემა ამოქმედდება. ამის შესახებ The Verge-ი წერს.

გამოცემის განმარტებით, ახალი სისტემა 2 დეკემბრიდან ამოქმედდება. ვერიფიკაციის ნიშანი ანგარიშის სანდოობას ადასტურებს. მასკმა კი განაცხადა, რომ ცისფერი ნიშნებით კვლავ ადამიანები ისარგებლებენ, კომპანიებს ოქროსფერი, სამთავრობო ორგანოებს კი ნაცრისფერი ნიშნები ექნებათ. მისი თქმით, თითოეული ანგარიში შემოწმდება.

მას შემდეგ რაც მასკმა Twitter-ი შეიძინა, კომპანიამ ვერიფიკაციის ნიშნების გაყიდვა დაიწყო, ამასთან, მომხმარებლებს არ ამოწმებდა. ამან დიდი რაოდენობით ყალბი ანგარიშის გაჩენა და კომპანიიდან რეკლამის გადინება გამოიწვია. ამის შემდეგ ნიშნების გაყიდვა შეჩერდა.