„გამიხარდებოდა, ბაბუა ჩემს რჩეულს რომ მოსწრებოდა. რამდენ რამეზე დაველაპარაკებოდი...“ - რას უყვება რამაზ ჩხიკვაძის შვილიშვილი „პრაიმტაიმს“

ramaz

რამაზ ჩხიკვაძე რომ გარდაიცვალა, მისი სახელმოზიარე შვილიშვილი 14 წლის იყო... შესაბამისად, კარგად ვერ მოასწრო ბაბუის მოსიყვარულება. 

14 თებერვალს რამაზი უმცროსი 26 წლის გახდა. როგორც "პრაიმტაიმთან" ამბობს, ეს მისთვის არის ასაკი, როდესაც წინ ბევრი რამ ელოდება - საქმეც, თავგადასავალიც, ცხოვრებისეული გამოცდილებებიც... აქვს თავისი ფროდაქშენ სტუდია და ბარ-ტერასა. ფიქრობს, რომ სახალხო არტისტი საქმიანი შვილიშვილით ნამდვილად იამაყებდა.

რამაზიკოს დაბადების დღის საინტერესო დეტალი იყო ტორტი, რომელზედაც ლუდის ბოთლებით გარემოცული იუბილარი იწვა.

რამაზ ჩხიკვაძე: უკვე რამდენიმე წელია, რაც ჩემი დიზაინერი და, თავისი დიზაინით უკვეთს ტორტს ჩემთვის. რაც შეეხება წლევანდელი ტორტის დიზაინს, ის სავარაუდოდ ნატალიამ "სქაი ტერასის" გახსნას მიუძღვნა, გართობა თემატურად შემირჩია. ჩეხეთში დაბადებულისთვის, ბუნებრივია, ლუდი საყვარელი სასმელია, თუმცა გადარეულიც არ ვარ. საინტერესო იყო ის, რომ საკმაოდ მიმამსგავსეს ფიგურა, რომელიც ტორტზე იყო. რომ ვუყურებდი, ჩემი თავი მეგონა. ცვილის ფიგურების მსგავსად პროფესიონალური ნამუშევარი ჰქონდა კონდიტერს.

გოგონა, რომელიც რამაზს გვერდს უმშვენებს, ჟურნალისტი ანა ბარათაშვილია. წყვილი შვიდწლიანი ურთიერთობის გაოფიციალურებას ჯერჯერობით არ ჩქარობს.

რამაზი: ანა საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტია. უკვე წლებია ერთ ჭერქვეშ ვცხოვრობთ. ბევრი რამ გამოვიარეთ. ერთმანეთი ახალი გაცნობილი გვყავდა, მე რომ ბრიტანეთში მომიწია წასვლა ჯერ სასწავლებლად, შემდეგ - სამუშაოდ. განშორების პერიოდიც გვაქვს გავლილი. ამან გაამყარა ურთიერთობა. როდესაც ჩამოვედი, მალევე გადავედით ერთად საცხოვრებლად.

ბევრ ოფიციალურ ცოლ-ქმარზე მყარი ურთიერთობა გვაქვს. ურთიერთობის გაოფიციალურებას არ ვჩქარობ, არ ვგეგმავთ, თუმცა შესაძლოა, ეგეც მალე იყოს. ყველაფერს თავისი დრო აქვს, მოვა ქორწინების დროც.

ანასგან ბევრი რამ ვისწავლე. დამასერიოზულა. საერთო სფეროში ვართ, მე ტელე რეჟისორი ვარ, ის ტელე ჟურნალისტია. გვერდში მიდგას, მეხმარება. 

ტელე სარეჟისორო ფაკულტეტი ბრიტანეთში დავამთავრე. ვმუშაობდი "იმედში", "ფორმულაზე", "მთავარზე", "ტვ პირველზე"... როგორც რეჟისორს გამოცდილება დაგროვილი მაქვს.

მივხვდი, რომ ჩემ ფროდაქშენ კომპანიაში მუშაობა მირჩევნია, სადაც კეთდება სატელევიზიო ტრანსლაციები, ლაივსტრიმები, ვიღებთ შეკვეთებს და შემდეგ კლიპებს და სარეკლამო რგოლებს ვამზადებთ. რეჟისორი და პროდიუსერი ვარ. მუშაობის გამოცდილება მაქვს ბრიტანულ "სქაიში". 

წინ ბევრი გეგმაა. ბევრ შესაძლებლობას ვხედავ საკუთარ თავში. წინასწარ აღარ ვისაუბრებ. 

 

რამაზი ამბობს, რომ ბოლო დროს, ხშირად იხსენებს ბებოს და ბაბუს. აქვს სინანულის განცდა, რომ დიდი ხანი ვერ გაატარა მათთან, ნატაშა და რამაზი ადრე წავიდნენ...

28 თებერვალს დიდი არტისტი 95 წლის გახდებოდა... 

რამაზი: ბავშვობაში მინდოდა მსახიობობა, ბაბუს კი არ სურდა, რომ მეც მისი პროფესია ამერჩია. თუმცა, მიუხედავად ამისა, მასთან ერთადაც მითამაშია "კავკასიურ ცარცის წრეში", მიუზიკლშიც ვითამაშე, მაგრამ მერე მივხვდი, რომ რეჟისურაში უფრო ვხედავდი თავს.

რასაც არ ელოდებოდი, იმას გეტყოდა, გირჩევდა, მიგითითებდა.

გაუხარდებოდა, რომ ბევრ რამეს ჩემით მივაღწიე. თვითონაც ასე იყო და ამას დააფასებდა. 

ამ ბოლო დროს, ხშირად ვფიქრობ, რომ რამდენ რამეზე დაველაპარაკებოდი...

ის, რომ რამაზ ჩხიკვაძე ვარ, მაკისრებს პასუხისმგებლობას. ყველა მიყურებს მაღალი სტანდარტით, მადარებენ და ბუნებრივია, ვერ ვიქნები ამ სახელის შეუსაბამო. უფლება არ მაქვს ეს სახელი შევბღალო.

საქართველოში ხომ იცით, უყვართ იარლიყების მოწებება. ჰგონიათ, რომ იმიტომ მივაღწიე ამდენს, რომ რამაზ ჩხიკვაძის შვილიშვილი ვარ. ასე არ არის, მე ჩემი შრომით მივაღწიე ყველაფერს, მაგრამ რაიმეს მტკიცებას აზრი არ აქვს. ან რატომ უნდა ვამტკიცო?

ერთ თვეში ვართ დაბადებული და მიხარია ესეც, მე 14 თებერვალს, ბაბუა - 28-ში...

მთელი ბავშვობა (რაც მოვასწარი) ვუყურებდი, როგორ უნდა იქცეოდეს მამაკაცი საყვარელ ქალთან. ეს განსაკუთრებული იყო და მეც გამიჯდა ეს თვისებები. 

გამიხარდებოდა, ბაბუ ჩემს რჩეულს რომ მოსწრებოდა. ალბათ, ანაც მოეწონებოდა.

მეამაყება, რომ რამაზ ჩხიკვაძე ბაბუაჩემია. სანამ სწავლას დავიწყებდი, ლონდონში მე და მამა შევხვდით ერთ-ერთი თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელს, რომელიც "რიჩარდ მესამის" გასტროლს მოესწრო და ისეთი სითბოთი იხსენებდა რუსთაველის თეატრის გასტროლს და რამაზის ფურორს... ბევრი თბილი სიტყვა გვითხრა. დღემდე ახსოვთ რამაზი. ეს განუზომელი სიამაყით მავსებს.

როგორ მინდოდა, რომ უფრო მეტი დრო გამეტარებინა მასთან... 

✕