1791316484
„ეს ჩემი სხეულის ბუნებრივი ფორმა არ ყოფილა" - ტეილორ ლოტნერი ,,ბინდის" შიშველ სცენებს იხსენებს
„ბინდის" საგის ვარსკვლავი ტეილორ ლოტნერი კინოინდუსტრიაში სხეულის არარეალისტური სტანდარტების ჩვენების ტენდენციაზე საუბრობს. ლოტნერს, რომელმაც ბინდის სერიის ხუთივე ფილმში ერთ-ერთი მთავარი პერსონაჟი, ჯეიკობ ბლექი, განასახიერა, არაერთი შიშველი სცენის გადაღება მოუხდა. მსახიობს წინათაც აღუნიშნავს, რომ კამერის წინ შიშველი პოზირებისას თავი უხერხულად იგრძნო. თუმცა, ამჯერად, ტეილორი ხაზს უსვამს იმ ზიანს, რომელიც ბინდის საგის შიშველმა სცენებმა მას მოგვიანებით მიაყენეს. ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს.
„ფილმებში 16-დან 20 წლამდე ვთამაშობდი და ვასახიერებდი პერსონაჟს, რომელიც ყოველ ორ წამში ერთხელ მაისურს იხდის. არ ვიცოდი, რომ ეს მომავალში ჩემზე და ჩემი სხეულის წარმოჩენაზე გავლენას მოახდენდა. თუმცა, ახლა ვიაზრებ, რომ, რასაკვირველია, იქონია გავლენა.
პირველ ფილმში 64 კილომდე ვიწონიდი, „ახალ მთვარეში" კი 80 კილო ვიყავი. ასე რომ, ეს ჩემი სხეულის ბუნებრივი ფორმა არ ყოფილა. ამის მიღწევა ძალიან, ძალიან რთული იყო და დიდი მონდომება დამჭირდა",- ამბობს ის.
ლოტნერის თქმით, „ბინდის" საგის გადაღებების პერიოდში იძულებული იყო, სავარჯიშო დარბაზში კვირის ექვს დღეს და დღეში რამდენჯერმეც კი წასულიყო, ამიტომ, ფილმების დასრულების შემდეგ, ამ ადგილს უკვე ერიდებოდა. თუმცა, მსახიობი ამბობს, რომ მოგვიანებით მისმა სხეულმა უფრო ბუნებრივი ფორმის მიღება დაიწყო.
მიუხედავად ამისა, როცა ინტერნეტში მსახიობის სხვადასხვა დროის სხეულის ფორმების შედარება დაიწყეს, ამან ლოტნერის მენტალურ მდგომარეობაზე ცუდად იმოქმედა.
პოდკასტში კინოვარსკვლავმა ასევე აღნიშნა, რამდენად მნიშვნელოვანია საკუთარ თავზე და მენტალურ კეთილდღეობაზე ზრუნვა ფიზიკურ ჯანმრთელობასთან ერთად.










