1791316484
„ცხიმი კუნთად ხომ არ გადამექცევა?“ - უცნაური კითხვები და თხოვნები ფიტნეს ტრენერს და რჩევები, როგორ გავხდეთ სრულყოფილი
ცოტა დათბა და გაზაფხულის სურნელიც დატრიალდა. მალე პალტოებსა და ზამთრის ტანისამოსსაც მოვიშორებთ და ამ დროისთვის ყველას სურს, კარგ ფორმაში იყოს და გარენობით თავი მოიწონოს.
ადამიანების უმეტესობა საამისოდ ვარჯიშს მიმართავს და როგორც ჩვენი რესპონდენტი, ფიტნეს ტრენერი, ლიკა კირკიტაძე „პრაიმტაიმთან“ საუბარში ამბობს, წელს განსაკუთრებული მოთხოვნაა სპორტულ დარბაზებში.
„დაიწყო ახალი სეზონი და ასეთი მოთხოვნადი ალბათ არასოდეს ყოფილა ვარჯიში. 6 წელია ამ სფეროში ვმუშაობ მწვრთნელად და ასეთი „შემოტევა არ მახსოვს“. თავისუფალი ადგილი თითქმის არასდროს მქონია, მაგრამ ახლა განსაკუთრებული მოთხოვნაა. დარბაზშიც ძალიან მოიმატა ხალხმა - ზაფხული მოდის მიხვდნენ, რომ ცოტა ადრე იწყება სამზადისი ზაფხულისთვის.
შეიცვალა სავარჯიშო დროსთან დაკავშირებული მიდგომაც. ახლა დარბაზში მუშაობას ვიწყებ დილის 7 საათზე. ძალიან მოთხოვნადი გახდა დილის საათებში ვარჯიში. ადრე იყო პირიქით, შუადღის მერე იწყებდნენ მოსვლას.
სხვათა შორის, კიდევ ის შეიცვალა, რომ ადრე მოდიოდნენ უმეტესად წონაში დასაკლებად, მაგრამ ახლა ძალიან შეიცვალა ტენდენციები (ალბათ კორონა ვირუსმაც მიახვედრა ბევრი, რომ ვარჯიში არის ჯანმრთელობისთვის აუცილებელი) და ძალიან ბევრი უკვე მოდის არა წონის კლებისთვის, არამედ ტონუსში ყოფნისთვის.
ვისაც წონაში კლება უნდა, მათთვის საგანგები კვების რეჟიმიც მაქვს და მიმაჩნია, რომ სწორი კვება და ვარჯიში განაპირობებს ხარისხიან კლებას.
ხშირად მოდიან მომავალი პატარძლები - ქორწილისთვის რომ უნდათ წონის დაკლება და კიდევ უფრო ხშირად გოგონები, ვინც ორსულობისთვის ემზადებიან. შეიცვალა მიდგომა დედობის მიმართ, თანამედროვე ახალგაზრდები ორსულობას გეგმავენ, წინასწარ ემზადებიან.
საინტერესოა, როცა სასურველ წონას მიაღწევენ, მერე ვარჯიში და დიეტა თუ არ გააგრძელეს, ისევ იმატებენ დაკლებულ კილოგრამებს?...
წონის შენარჩუნების რამდენიმე გზა და ხერხი არსებობს და ამას ინდივიდუალურად გავდივარ ყველასთან. წონის შენარჩუნებაზე გადასვლა მიმდინარეობს ეტაპობრივად და ნელ ნელა. ამის შემდეგ წონაში აღარ მოიმატებს, თუ გადაჭარბებულად არ მოდუნდება და ძველ ცხოვრების წესს არ დაუბრუნდება.
ფოტოებში ჩანს, რომ ძალიან კარგი შედეგი აქვს ვარჯიშსა და დიეტას ერთდროულად.
ფოტოზე გამოსახული გოგონა შვეიცარიაში ცხოვრობს და ონლაინ ვარჯიშის კურსითა და კვების რეჟიმით დაიკლო 37 კილოგრამი, 6 თვეში. საოცარი შედეგი აქვს, მართლაც.

ონლაინ კურსიც ისეთივე შედეგიანია, როგორც დარბაზში ვარჯიში?
თავად ხედავთ შედეგს, ძალიან ეფექტიანია, ოღონდ სჭირდება გადაწყვეტილების მიღება და შემდეგ ნებისყოფა, რომ შედეგი დადოს.
ჩემი, როგორც პირადი მწვრთნელის რჩევა იქნება, რომ, აუცილებლად დაიწყონ ვარჯიში გადაწყვეტილების მიღებისთანავე და არ გადადონ მეორე ან მესამე დღისთვის.
ყოველთვის ვგრძნობ რომ საჭირო ვარ ჩემი გოგონებისთვის თუ ბიჭებისთვის, likufitt-ს მეძახიან ქუჩაში, უკვე ბევრი მცნობს, მაქვს ბევრი გათამაშება და უფასოდაც ვეხმარები გოგონებს, ვისაც არ აქვს საშუალება, იაროს დარბაზში ან იყიდოს ონლაინ პროგრამა. მაქვს უფასო მასტერკლასები და ლაივ ჩართვები. ასევე იქიდან გამომდინარე, რომ 1 წლის წინ თავად ვიმშობიარე, ჩემს ცოდნასა და გამოცდილებას ახლა სხვა ორსულებსა და ლაქტაციაზე მყოფ გოგონებს ვუზიარებ, ვავარჯიშებ ორსულებსაც, რა თქმა უნდა, ექიმის ნებართვით და გოგონებსაც, ვისაც ლაქტაციის პერიოდი აქვს. მე თვითონ 8 თვე ბუნებრივ კვებაზე მყავდა ბავშვი და ამას ხელი არ შეუშლია სწორი კვებისთვის და ვარჯიშისთვის.
მაბედნიერებს ის საქმე, რასაც ვაკეთებ და ამდენ ადამიანს ბედნიერებას ვანიჭებ. მათი შედეგებისთვის ყველაფერს გავიღებ. სასწაულ შედეგებს დებენ ონლაინ პროგრამით მოვარჯიშე გოგონები, თან ახალი სისტემით შემუშავებული ონლაინ პროგრამა მაქვს და მართლა თითქმის 100%-იან შედეგებზე გავდივართ
უცნაური თხოვნებიც აქვთ ხოლმე ჩემს გოგონებს. - ზედა ტანის ვარჯიშები არ მინდაო, მეტყვიან ხოლმე და მერე „ზედა ტანიც“ უნდებათ, „მხრებიც“ და „ტრიცებს ბიცებსიც“. და მეცინება ხოლმე, როცა მეუბნებიან, - არ მინდა დავიკუნთოო. ასე ადვილი რომ იყოს დაკუნთვა, კარგი იქნებოდა, მაგრამ დაკუნთვას და ხარისხიან კუნთს უნდა ძალიან დიდი და ბევრი შრომა. კიდევ მეკითხებიან ხოლმე - ცხიმი კუნთად ხომ არ გადამექცევა? ვფიქრობ, დარბაზში თვალსაჩინო ადგილზე გამოვაკრა ლოზუნგი: „ცხიმი კუნთად ვერ გადაიქცევა!“
კიდევ ერთი საყვარელი თხოვნა - „საჯდომი რომ იზრდება, ძუძუებიც გაიზარდოს, რაა...“
დასასრულ, მინდა ვუთხრა ყველას: სურვილი გადააქციეთ მიზნად და ეს მიზანი დროში გაწერეთ აუცილებლად, არავის და არაფერს მისცეთ საშუალება, ამ მიზნისკენ სვლაში შეგაფერხოთ.










