საქართველოს ეროვნული ლიგის ჩემპიონი „იბერია 1999“ გახდა

იბერია 1999

საქართველოს ეროვნული ლიგის ჩემპიონი ზედიზედ მეორედ და ისტორიაში მესამედ „იბერია 1999“ გახდა. გუგა ნერგაძის გუნდმა ბოლო ტურში „გაგრა“ 2-1 გიორგი ჯინჯოლავასა და გიზო მამაგეიშვილის გოლებით დაამარცხა. ყველაფერი 36-ე ტურში გადაწყდა, რადგან ჩემპიონობის შანსი გორის „დილასაც“ ჰქონდა, რომელიც საკუთარ მოედანზე თბილისის „დინამოს“ 2-2 დაუზავდა და სეზონი ვიცე-ჩემპიონის სტატუსით დაასრულა. ეროვნული ლიგიდან ფოთის „კოლხეთი“ გავარდა, ხოლო პლეი-აუტში გადარჩენისთვის ბრძოლას „გარეჯი“ და „თელავი“ გააგრძელებენ.

„იბერიამ“ გამარჯვებით ჩემპიონთა ლიგის, ხოლო გორის „დილამ“, „ტორპედომ“ და დინამო „თბილისმა“ კონფერენს ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე გამოსვლის უფლება მოიპოვეს.