1746007492
საქართველო თურქეთს ბოლომდე პრესავდა. ბოლო წამებზე გოლის გაშვება სისასტიკე იყო ნაკრების მიმართ, რომელიც არანაირად არ იმსახურებდა - უცხოური მედია საქართველოს ნაკრებზე

ევრო 2024-ის პირველ მატჩში საქართველოს ნაკრები თურქეთთან 1:3 დამარცხდა. მსოფლიო მედიის საერთო შეფასებით, ეს I ტურში საუკეთესო მატჩი იყო. vavel.com-მა ანალიტიკური სტატია მიუძღვნა მატჩს - "ოთხი რამ, რაც ვისწავლეთ თურქეთის დრამატული გამარჯვებით საქართველოზე".
ოთხიდან ორი გამარჯვებულ თურქეთის ნაკრებს ეძღვნება. პირველი არდა გიულერს და მეორე კი თურქეთის ნიჭიერი ფეხბურთელებით დაკომპლექტებული ნაკრების მოგებით დაწყებულ ტურნირს. დანარჩენი ორი კი დამარცხებულ გუნდს შეეხება.
საქართველო ევროპის ჩემპიონატზე მხოლოდ სიის შემსების როლში არ არის
საქართველოს ნაკრები ფიფას რეიტინგში 75-ე პოზიციაზეა და ისტორიაში პირველად ასპარეზობს ევროპის ჩემპიონატზე. მათ არავინ ელის, რომ შორს გააღწევენ ევრო 2024-ზე. მაგრამ გერმანულ ტურნირზე კვალიფიკაციამ და ამ თამაშმაც სულ სხვა რამ დაგვანახა - ისინი მზად არიან მეტი ისტორიის დასაწერად, მეტი წარმატების მისაღწევად.
ისინი მტკიცედ იცავდნენ თავს ბურთის გარეშე და ცხოვრებას ურთულებდნენ ოპონენტს ხისტი 5-4-1 სისტემით. როცა ბურთი ჰქონდათ, საკმაოდ პოზიტიურები იყვნენ და თურქეთის ნაკრების უკანა ხაზის დაპრესვას ცდილობდნენ.
გიორგი მიქაუტაძის საპასუხო გოლი 32-ე წუთზე იყო ჯილდო მათი გმირული პირველი 45 წუთისთვის.
მეტიც, როცა მათ მეორე გოლი გაუშვეს, სანიოლის ბიჭებმა არაერთხელ სცადეს გათანაბრება და ამასთან ახლოსაც იყვნენ. გიორგი ქოჩორაშვილის შესანიშნავი შესვლა საჯარიმოში დასრულდა იმით, რომ ბურთი ხარიხას მოხვდა და მეტოქე გოლს გადაურჩა.
ბოლო წამებზე მესამე გოლის გაშვება უკვე სისასტიკე იყო საქართველოს ნაკრების მიმართ, რომელიც ამას არანაირად არ იმსახურებდა. ეს გოლი არ შეეფერებოდა ბოლო წუთების დრამატულ ხასიათს. საქართველო თურქეთს ბოლომდე პრესავდა.
ტურნირის წინ, წერდნენ, ხვიჩა კვარაცხელიაზე, ნაპოლის ტალანტზე. გარემარბი ქვეყნის ყველაზე ცნობილი ფეხბურთელია და ალბათ, ნაკრების მომავალ დადებით შედეგებში ცენტრალურ როლს ითამაშებს, რაც კი შეიძლება ამ გუნდმა უკვე ამ ევროზე მიაღწიოს.
მიუხედავად ამისა, თურქეთის წინააღმდეგ მან მოლოდინი ვერ გაამართლა და მატჩში თავი ვერ გამოიჩინა.
ორივე ტაიმში მას ცოტა ნახევარშანსი ჰქონდა, მისმა გუნდელებმა გიორგი მიქაუტაძემ და გიორგი ქოჩორაშვილმა მეტი შემოგვთავაზეს 90 წუთის განმავლობაში.
თუმცა ორი მნიშვნელოვანი თამაში რჩება, დრო არის საქართველოს თილისმანისთვის, რომ ტურნირზე თავისი სიტყვა ხმამაღლა თქვას და დაეხმაროს ქვეყანას კარგი ასპარეზობა მოგებებში გარდასახოს".
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრების მომდევნო მატჩს 22 ივნისს ჩეხეთის წინააღმდეგ გამართავს, რომელმაც ასევე მარცხით დაიწყო ევროპის ჩემპიონატი.