„რთულია ჯგუფი, ადვილი ჯგუფი არც ერთი გუნდისთვის არ არის“ - ვილი სანიოლი

ვილი სანიოლი

საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა მსოფლიოს 2026 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის წილისყრა თურქულ მედიასთან შეაფასა.

როგორც მან აღნიშნა, ადვილი ჯგუფი არც ერთი გუნდისთვის არ არის.

„რთულია ჯგუფი, ადვილი ჯგუფი არც ერთი გუნდისთვის არ არის. მიუხედავად იმისა, რომ 5 თვე გავიდა, ჯერ კიდევ გვახსოვს თურქეთთან მატჩი ევროპის ჩემპიონატზე. თურქეთს შესანიშნავი ფეხბურთელები და მწვრთნელი ჰყავს. თუმცა, თანამედროვე ფეხბურთში პატარა გუნდებსაც შეუძლიათ ნებისმიერი მეტოქისთვის სირთულეების შექმნა“, - აღნიშნა სანიოლმა.

ფრანგი სპეციალისტის კომენტარი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრესსამსახურმაც გაავრცელა: „რთული ჯგუფია. ესპანეთი და ნიდერლანდები მსოფლიოს საუკეთესო გუნდებს შორის არიან. თურქეთის ნაკრებს, როგორც ევროპის ჩემპიონატზე ვიხილეთ, ბევრი ახალგაზრდა ფეხბურთელი ჰყავს, რომლებიც სწრაფად ვითარდებიან და წამყვან ევროპულ კლუბებში თამაშობენ. თურქეთში თამაში ყოველთვის რთულია, რადგან დიდი მხარდაჭერა აქვთ გულშემატკივრებისგან. ბულგარეთის ნაკრები კი არ არის ისეთი ძლიერი, როგორც 20 წლის წინ იყო, თუმცა მაინც რჩება ანგარიშგასაწევ გუნდად. რთული ჯგუფია, სადაც გამოკვეთილ ლიდერს თუ არ ჩავთვლით, სამივე გუნდს შეუძლია ერთმანეთთან ქულების დაკარგვა. მნიშვნელოვანია, როგორ ჩავატარებთ საშინაო შეხვედრებს, რადგან სწორედ საშინაო კედლებში ნაჩვენები შედეგები იქნება წარმატების ერთ-ერთი საწინდარი“.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრები E ჯგუფში მოხვდა, სადაც ასევე თურქეთი, ბულგარეთი და ესპანეთი-ნიდერლანდების წყვილის გამარჯვებული ითამაშებენ. საქართველოს ნაკრები შესარჩევ ეტაპს 2025 წლის სექტემბერში დაიწყებს და ნოემბერში დაასრულებს. თითოეული ჯგუფის გამარჯვებული პირდაპირ გავა მუნდიალზე, ხოლო მეორეადგილოსნები (12 ნაკრები) შანსს პლეი-ოფში მიიღებენ, სადაც მათ ერთა ლიგის ოთხი საუკეთესო ნაკრები შეუერთდება, ოღონდ ის ნაკრებები, რომლებიც ჩვეულებრივ შესარჩევ ეტაპზე ჯგუფებში პირველ-მეორე ადგილებზე ვერ გავლენ.