ევრო 2024 - Sky Sports-ის მკითხველთა შეფასებით, საქართველოს ნაკრები ფეხბურთელთა საშუალო რეიტინგით მესამე ადგილზეა

ნაკრები

ბრიტანული გამოცემის, Sky Sports-ის მკითხველების შეფასებით, ევრო 2024-ის ჯგუფური ეტაპის პირველი წრის დასრულების შემდეგ საქართველოს ნაკრები ფეხბურთელების საშუალო რეიტინგით მესამე ადგილზეა.

პირველ წრეში ყველაზე მაღალი საშუალო შეფასება, 7.94 სლოვაკეთის ნაკრების მოთამაშეებმა მიიღეს. მეორე ადგილზეა რუმინეთის ნაკრები (6.94), ხოლო საქართველოს ეროვნული გუნდი მესამე პოზიციას 6.89 ქულით იკავებს.

ინდივიდუალურად, ფეხბურთელებს შორის პირველ წრეში ყველაზე მაღალი შეფასება ინგლისის ნაკრების ნახევარმცველმა, ჯუდ ბელინგემმა დაიმსახურა – 8.3. ინგლისმა სერბეთის ნაკრები სწორედ მადრიდის „რეალის“ ფეხბურთელის მიერ გატანილი ერთადერთი გოლით დაამარცხა.

რაც შეეხება საქართველოს ნაკრებს, ვილი სანიოლის გუნდმა სადებიუტო ევროპის ჩემპიონატის პირველ წრეში თურქეთთან 1:3 წააგო. ჩვენი გუნდის რიგებიდან თავის გამოჩენა გიორგი მიქაუტაძემ მოახერხა.