"...თუ არ დამირეკავს, მეორე ნათესავის ნომერიც მიწერია საცხა... კიდო მყავს ერთი..." - ცნობილი ჟურნალისტი ემოციურ პოსტს აქვეყნებს

მოხუცი

მწერალი და ჟურნალისტი ნანა აკობიძე სოციალურ ქსელში სულის შემძვრელი ისტორიის შესახებ წერს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ. 

"ჩვენ რომ შევედით, ის გამოდიოდა ექიმის კაბინეტიდან. ჩია, ხანშიშესული კოდალა კაცი. რაჭვულ-ლეჩხუმური იერის. აბა, ხვალ 9-ზეო, ექიმმა დააწია, არ დალიო, არ შეჭამო არაფერი - პირდაპირ ოპერაციაზე შეგიყვანთ.

ამაღამ დასარჩენი ხომ გაქვსო. კი, კაცო, ნათესავების მეტი რა მყავს, თან გავივლი ცოტას, 20 წელია, თბილისში არ ვყოფილვარო. მოვრჩით ჩვენც სადღაც ერთ საათში და გამოვედით. ვხედავ - მისაღებში ზის. მობილურს ჩაჰყურებს.

სად მიდიხართ, ხომ არ გაგიყოლოთ-მეთქი. ნათესავის ზარს ველოდები, თვითონ არ ეცალა და ბოვშს უნდა დაარეკიოს, რო მითხრას მისამართიო.

თუ არ დამირეკავს, მეორე ნათესავის ნომერიც მიწერია საცხა. თუ მაგასაც არ ეცალა, კიდო მყავს ერთი, მისამართი მახსოვს და მივადგები პირდაპირო.ექიმს უთქვამს, წინა დღით ჩამოდი, დაგაწვენთო.

უცებ გაირკვა, რომ ადგილი არაა კლინიკაში და დარჩა ასე.არ ურეკავს ნათესავი. წუხს ეს - თან ერიდება, თან არ ვემეტებით გასაშვებად. აქედან გამიჭირდება გაგნება, მეტროსთან თუ ჩამომსვამთ სადმე, მერე კი გავერკვევიო. მოვიგონე საქმე - აქ ვართ კიდევ ცოტა ხანს, არაა პრობლემა-მეთქი.

გადარეკა ისევ - არ პასუხობენ.ის მისამართი კი მახსოვს, იეთიმ გურჯის ქუჩა იყო, მარა ტელევიზორში თქვეს, ანგრევენ მანდ სახლებს და თუ არ დაანგრიეს ისიცო, - ხმამაღლა ფიქრობს თავისთვის.დაურეკეს ამასობაში და: აჰა, მირეკავს!! ამაყად ატრიალებს ეკრანს ჩემკენ.

არიქა, შე კაცო, მითხარი დროზე მისამართი, ხალხს ვალოდინებო - ჩაჰყვირის. იქედან ხმა მესმის: მე არ ვარ ქალაქშიო, ვიღაცის სახელს ეუბნება, ალბათ საერთო ნათესავის, მაგას მივეცი შენი ნომერი, დაგირეკავს და მაგასთან წადიო.ჩაქრა ეს. მოიკუნტა ისევ. კაი, კაიო, გაუთიშა. წადით თქვენ და ვიზამ მე რაცხასო, - გვეუბნება. რა ვქნა ახლა - მებზარება ხმა და აღარ ვიცი, რა შევთავაზო. წამობრძანდით ჩვენთან ვუთხრა? ვერ გამოვა -იუხერხულებს, ვიცნობ მე ამათ: „რა მჭირს სამადლოდ სხვასთან დასარჩენი"...

ჩაჰყურებს ისევ ტელეფონს. ლოყაზე ნაკაწრები აქვს - ძაან მოინდომა, ეტყობა პარსვისას. როგორც შეძლო, ისე გამოიწკიპა ქალაქში წამოსასვლელად, ვერ ვკითხავ, რატომაა მარტო, შვილები სად არიან, ცოლი...

დაურეკეს და გაიშალა ისევ წელში. გისმენ, გისმენო, ჩასძახა. ის ეუბნება, მისამართს დაგიმესიჯებო. მიკარნახე, კაცო, რა ვიცი მე მესიჯიო, მაგრამ გაუთიშა იმან.

ველოდებით მესიჯს, თან დავიძარით მანქანისკენ. დაწკაპუნდა ტელეფონი და - აბა მაჩვენეთ მისამართი - მეთქი. წინა მესიჯებს ვხედავ: ყველა ლიბერთი ბანკისგანაა. ბოლო მესიჯია: თქვენ დაგიმტკიცდათ სესხი...საპენსიო სესხი აქვს ახალი აღებული. ოპერაციას სავარაუდოდ კი უფინანსებს დაზღვევა- ალბათ არასრულად და თან მხოლოდ დაზღვევის იმედად ხომ ვერ წამოვიდოდა საოპერაციოდ ამხელა ქალაქში. ან რა იცი, რაში დასჭირდა.ორი ლარიო, ავტოსადგომის კაცი გვეუბნება.

აწვდის ჩემი ქმარი ათლარიანს. უი, ხურდა არ მაქვს, თუ გინდათ, ბარათითაც არის გადახდაო- აპარატი მოაქვს მანქანასთან. და სანამ ჩვენ მოვძებნით ბარათს - აგერ, მე მაქვს ბარათი, ეს არ გამოდგებაო? აჩვენებს საპენსიო ბარათს. აცადე- მეთქი, ჩემს ქმარს ვანიშნებ - უხარია, რომ გადავახდევინეთ. 2 ლარი რაღაა შეკაცო.

მივიყვანეთ. დახვდა ნათესავი ძირს - გადავიდა მანქანიდან ათასი მადლობით, მხრებშიგამართული, გადარჩენილი.

გადარჩა დღეს გულისდაწყვეტას, გაწბილებას.

რაც მთავარია, სირცხვილს გადაურჩა საკუთარი თავის და უცხო ადამიანების წინაშე - რომ დახვდნენ, მიიღეს, არ დატოვეს მისიანებმა სხვის სამადლოდ.

აწი ოპერაცია როგორც ჩაივლის, ჩაივლის. „ჩემი საცხოვრებელი ქე ვიცხოვრე და სხვისი კუთვნილი არ მდომებია არასდროსო“.ასე თქვა",- წერს ნანა აკობიძე.