თბილისის მერია აუტიზმის სპექტრის დარღვევის მქონე 1850 ბავშვს და მოზარდს საჭირო სეანსებს დაუფინანსებს

kakha kaladze

თბილისის მერია „აუტიზმის სპექტრის დარღვევის მქონე ბავშვთა აბილიტაციის პროგრამაში“, მარტიდან დამატებით 300 ბავშვს და მოზარდს ჩართავს და საჭირო სეანსებს ჯამში 1850 ბავშვს და მოზარდს დაუფინანსებს, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

მისივე თქმით, პროგრამის მოსარგებლეთა ზრდის პარალელურად, სერვისის მიმწოდებელი დაწესებულებების რიცხვიც გაიზარდა და დღეისათვის პროგრამას ცხრა დაწესებულება ემსახურება.

„პროგრამის ფარგლებში ფინანსდება ინდივიდუალური გეგმის მიხედვით განსაზღვრული, მინიმუმ, ერთსაათიანი თერაპიული სეანსები. ამ მიზნით ერთი ბენეფიციარისთვის წელიწადში 4 800 ლარია გათვალისწინებული.

აღსანიშნავია, რომ „აუტიზმის სპექტრის დარღვევის მქონე ბავშვთა აბილიტაციის პროგრამის“ დაწყებისას, 2015 წლის ივლისში, პროგრამაში სერვისის მიმწოდებელი ორი დაწესებულება და 325 ბავშვი იყო ჩართული, ხოლო ბიუჯეტი ნახევარი მილიონი ლარი იყო. დღეისათვის „აუტიზმის სპექტრის დარღვევის მქონე ბავშვთა აბილიტაციის პროგრამის“ ბიუჯეტი 7 383 000 ლარს შეადგენს“, - განაცხადა კალაძემ.