პროფესიები, სადაც 2022 წლის ბოლოს ყველაზე მეტი ვაკანსიაა

ვაკანსია

2022 წელს, 2021 წელთან შედარებით, ვაკანსების რაოდენობა საშუალოდ, 7%-ით გაიზარდა. ინფორმაციას „ბიზნესპრესნიუსი“ ავრცელებს.

სააგენტო HR.ge-ს რეგიონული მენეჯერის ინგა შახბაზიანის კომენტარს ავრცელებს, სადაც ნათქვამია, რომ წლის ბოლოსთვის ყველაზე მეტი ვაკანსია გაყიდვების მიმართულებით არის, რომელსაც მოსდევს ჰორეკა სექტორი და კლიენტთა მომსახურება.

ამასთან, როგორც ინგა შახბანიანი აღნიშნავს, სამსახურის მაძიებელთა რაოდენობა წლის განმავლობაში იგივე დარჩა, რაც წინა წელს. თუმცა, გამოცხადებული ვაკანსიების მიმართ გამოხმაურებები შემცირდა, რაც შესაძლოა, ანაზღაურების ოდენობას და ქვეყნიდან მიგრაციას უკავშირდებოდეს.

„ვაკანსიებიც კუთხით, როგორც წინა წელს, 2022-ში პირველი სამი პოზიცია არ შეცვლილა. პირველ ადგილზეა გაყიდვების მიმართულება (24%), მეორეზე - ჰორეკა სექტორი (16%), მესამე ადგილზე კი კლიენტთა მომსახურება (11%).

რაც შეეხება დანარჩენ სექტორებს, მეოთხე პოზიციაზეა - სამედიცინო სფერო - 8%, IT მიმართულება - 6% (რომელიც წელს ერთ-ერთი მსხვილი კატეგორია გახდა), ამას მოსდევს საბანკო სფერო, რომელიც შემცირებულია, წინა წლებთან შედარებით და ამ ეტაპისთვის 4%-ს წარმოადგენს“,- ამბობს ინგა შახბაზიანი.

HR.GE-ს მონაცემებით, გამოცხადებულ ვაკანსიებიდან 72% დედაქალაქზე მოდის, დანარჩენი 28% კი, სხვა რეგიონებზე ნაწილდება. საერთო ჯამში, ამ ეტაპზე 4000-მდე ვაკანსია და 146 000 სამსახურის მაძიებელია.

„სამსახურის მაძიებლების რაოდენობა იგივე იყო, რაც წინა წელს, თუმცა აქ ერთი ტენდენცია გამოიკვეთა, მიუხედავად იმისა, რომ ვაკანსიები გაზრდილი იყო, მათ მიმართ გამოხმაურება შემცირებულია. პირობითად, თუ ადრე ერთ ვაკანსიაზე 100-120 CV შესდიოდა კომპანიას, დღეს 20-30 CV რომ ეგზავნება, უკვე მაგარი შედეგია. ამის მიზეზი ბევრი რამ შეიძლება იყოს, კერძოდ, სახელფასო თემა, კონკურენცია და ასევე მიგრაცია, რაც საკმაოდ სერიოზული პრობლემაა. ბევრი კომპანია აცხადებს, რომ გადინება აქვს.

საერთო ჯამში, ბოლო მონაცემებით, წელს სამსახურის მაძიებელი (ვინც HR.GE-ზეა დარეგისტრირებული) 146 000 ადამიანია. რაც შეეხება ვაკანსიების რაოდენობას, ამ ეტაპზე, 4000-ს შეადგენს“,- აღნიშნავს ინგა შახბაზიანი.

მთავარი სიახლეები