„შოუ-ბიზნესის მიმართ ინტერესი დავკარგე“ - ვალერი მელაძემ გაამხილა, რა სფეროში აპირებს საქმიანობის გაგრძელებას

meladze

56 წლის მომღერალი, ვალერი მელაძე წერს, რომ შოუ-ბიზნესის მიმართ ინტერესი დაკარგა და სამომავლოდ სამეცნიერო საქმიანობას აპირებს.

ქართული წარმომავლობის რუსული ესტრადის ვარსკვლავმა ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც ღიად გააკრიტიკა პუტინის პოლიტიკა და უკრაინაში წარმოებული ომი. მომღერალი ამბობს, რომ ზღვის წყლებიდან სხვადასხვა ქიმიური ელემენტების ამოღებით არის დაინტერესებული.

„თავისუფალ დროს ფიქრმა მიმიყვანა ყოფილ პროფესიაში დაბრუნების იდეამდე. ინსტიტუტის შემდეგ დავამთავრე ასპირანტურა და მეცნიერებით ვიყავი დაკავებული ღრმა წყლის გამწმენდის მიმართულებით. ახლახან, სადოქტორო დისერტაციისა და ამ სფეროში თანამედროვე მიღწევების შესწავლის შემდეგ, შევქმენი ინსტალაცია ზღვის წყლიდან პერიოდული სისტემის სხვადასხვა ელემენტების ამოღების მიზნით. ეს ძალიან პერსპექტიული მიმართულებაა. ახალი მიზანი შთამაგონებს, იწვევს შემოქმედებით აღფრთოვანებას.

მუსიკა ჩემს საყვარელ საქმედ რჩება, თუმცა შოუბიზნესის მიმართ ინტერესი დავკარგე. ჩემთვის მნიშვნელობა აღარ აქვს სიმღერის ფორმატებს, რადიოსადგურებზე ბრუნვის რაოდენობას და ტელეარხებზე გადაღებებში მონაწილეობას. ზუსტად ვიცი, რომ ჩემი სიმღერები დიდი ხანია ცხოვრობს და ჩემი მსმენელის წყალობით, კიდევ დიდხანს იცოცხლებს“, - განაცხადა მუსიკოსმა.