დოპინგ-სკანდალზე საბოლოო განაჩენი ცნობილია
1778585376
გიორგი გურგენაშვილი საბერძნეთში ცხოვრობს, უკვე წლებია. 1997 წელს დაიბადა და 14 წლისა იყო, როდესაც ემიგრაციაში წავიდა.
როგორც ის „პრაიმტაიმთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში ამბობს, ამის შემდეგ მისი ცხოვრება მთლინად შეიცვალა. გიორგი ხატავს, მღერის და ახლო მომავალში ქალისა და მამაკაცის ტანისამოსის ხაზის გაკეთებას აპირებს. მისი სასცენო ფსევდონიმია ჯორჯ გურენი.
– ჯერ დეიდაჩემი წავიდა საბერძნეთში, 30 წლის წინ. მერე, ჩვენს ოჯახსაც რომ გაუჭირდა, 2004 წელს დედაჩემი წაიყვანა. დედამ ცხოვრებისა და მუშაობის უფლება რომ მოიპოვა, მერე ჩემი ძმაც წაიყვანა. მამაც უნდა წაეყვანა, მაგრამ საბუთები ჰქონდა მოსაწესრიგებელი და დრო სჭირდებოდა. ჩემს ძმას საქართველოში შეყვარებული ჰყავდა.
ვერ გაჩერდა იქ, გადაწყვიტა, ჩამოსულიყო, ცოლი მოეყვანა და მეუღლესთან ერთად წასულიყო. მართლაც, ჩამოვიდა, დაქორწინდა და 3 თვის მერე ავარიით გარდაიცვალა. ავარია კასპის ხიდთან მოხდა. დედა კასპიდანაა, იქ სახლი გვაქვს და ჩემი ძმა სოფელში მიდიოდა. საჭესთან თავად იჯდა. სასწაული ის არის, რომ 3 თვით ადრე პაპა დაიღუპა ავარიით, ზუსტად იმ ადგილზე, სადაც ჩემი ძმა. ისიც თავად იჯდა საჭესთან და არ ვიცით, რა მოხდა. ეტყობა საჭე ვერ დაიმორჩილა. ასეთი დამთხვევა სასწაულს მივაწეროთ თუ იშვიათ შემთხვევითობას, არ ვიცი. ფაქტია, რომ იდუმალებითაა მოცული.
რაღა თქმა უნდა, დედა და დეიდა ჩამოვიდნენ და ერთი წელი აქ იყვნენ. ჩვენ თბილისში ვცხოვრობდით, მაგრამ ვინაიდან ჩემი ძმა კასპში დავასაფლავეთ, იქ დავრჩით. მე ძალზე მძიმედ გადავიტანე ძმის გარდაცვალება. საშინელ დღეში აღმოვჩნდი. დეპრესია მქონდა და კაი ხანი დამჭირდა, რომ ნორმალურ ცხოვრებას დავბრუნებოდი. ამასობაში 2008 წლის ომიც დაიწყო. ვინაიდან კონფლიქტის ზონასთან ახლოს ვიყავით, საფრთხის ქვეშ აღმოვჩნდით. გორში ვიყავით საბუთების გასაფორმებლად და ძალიან ახლოს ჩამოვარდა ბომბი. შევშინდით და გადავწყვიტეთ, იქაურობა დაგვეტოვებინა და კახეთში, ნათესავებთან შევაფარეთ თავი.
სიტუაცია ცოტა რომ დაწყნარდა, ყველანი საბერძნეთში წამოვედით, მხოლოდ მამა დარჩა საქართველოში და საბუთების მოწესრიგება დაიწყო, რაც ცოტა დროში გაიწელა. მამა ძალიან განიცდიდა შვილის სიკვდილს, უზომოდ დარდობდა და ძალიან მალე, გულის შეტევით გარდაიცვალა. წეღან გითხარით, რომ თავს ცუდადა ვგრძნობდი და სკოლაში სიარულზეც კი უარი ვთქვი. სამი წელი დამჭირდა გონზე მოსასვლელად და მერე დავასრულე სწავლა.
მამა კარგად ხატავდა, სკულპტურებს აკეთებდა და კარგადაც გამოსდიოდა. მეც ბავშვობიდან ვხატავდი და გადავწყვიტე, სამხატვრო აკადემიაში ჩამებარებინა, მაგრამ ვერ მოვხვდი. ავიცრუე გული ამ სფეროზე. პაპა გახლდათ პროფესიონალი მსახიობი, თამაშობდა მარჯანიშვილის თეატრში და კახი კავსაძესა და სხვა დიდი მსახიობებს უწევდა პარტნიორობას. საბერძნეთში მეც ვმონაწილეობდი სპექტაკლებში და „სამხატვროს“ მერე გადავწყვიტე თატრალურზე ჩაბარება, მაგრამ ვერც იქ მოვხვდი და ისევ გული ავიცრუე.
საბერძნეთში მუსიკალურ კონკურსებში ჟიურის წევრადაც მიწვევენ ხოლმე და სხვა, დიდ ვარსკვლავებთან ერთად ვმსაჯობ.
პირად ცხოვრებას რაც შეეხება, დაოჯახებული არ ვარ და არც ვაპირებ, რადგან ჯერ კარიერას უნდა მივხედო. არ არის საჭირო ცოლის მოყვანა ჩემს ასაკში, რადგან როცა ადამიანი არ არის ბოლომდე ჩამოყალიბებული აზრობრივად, ფინანსურად, ჯობია, დაოჯახებისგან თავი შეიკავოს. მყავს მეგობარი გოგონა – ამერიკელი ბერძენი, რმელთანაც თავს ვგრძნობ ძალიან კარგად და იცის, რომ ჯერ ოჯახის შექმნას არ ვაპირებ. ჯობს, თავიდანვე იყოს გარკვეული ურთიერთობები, რომ რაიმეს მოლოდინი არ ჰქონდეს. ვცხოვრობ დეიდასთან, დედასთან და ბებიასთან ერთად. ერთი მამაკაცი დავრჩი ოჯახში და ვერ მივატოვებ ჩემს ქალბატონებს. ოჯახი ჩემთვის უპირველესია.
ბერძნები საოცარი ხალხია და საოცარი ქვეყანაა. არ დაგჩაგრავენ იმის გამო, რომ სხვა ეროვნების წარმომადგენელი ან და სხვა რელიგიის მიმდევარი ხარ. მე ჩამოვაყალიბე ბენდი, სადაც წევრები არიან ბერძნები. ბიჭები ფულს არ მართმევენ, უხელფასოდ მუშაობენ და მეუბნებიან, – როცა მსოფლიო დონის ვარსკვლავი გახდები, მერე დაგვინიშნე ხელფასი, ახლა კი ეს ჩვენი ხელფასი ისევ შენს კარიერას მოახმარეო. ჩემი წინსვლა ძალიან უნდათ და მხარში მიდგანან, ყველანაირად. არა მგონია, ეს ვინმემ გაგიკეთოს.
გარდა სიმღერისა, ჩემს უახლოეს გეგმებში ქალისა და მამაკაცის ტანისამოსის ხაზის შექმნაც შედის. საბუთების მოწესრიგება უკვე დავიწყე და ბრენდის ლიცენზირებაზე თანხმობას ველოდები შესაბამისი სამსახურებიდან და შემოდგომისთვის უკვე ალბათ დავიწყებ კიდეც.
ჩემი სასცენო ფსევდონიმის ავტორი მამუკა ლიპარტელიანია. მან მოიფიქრა გურენი. სხვათა შორის, როცა ამ ფსევდონიმით გამოვჩნდი, ქართველებმა გამლანძღეს – ქართველობა დაივიწყაო. მამუკა არის „ჯორჯიან მუსიკ პროდაქშენის“ დირექტორი და მუსიკალური პროდიუსერი, რომელიც ყოველწლიურად აჯილდოვებს პროდუქტიულ და წარმატებულ ხელოვანებს, „ოქროს ნოტათი”. ამ ჯილდოს ავტორიც მამუკა გახლავთ. 2020 წელს ამ ჯილდოს მფლობელი მა გავხდი და ეს ძალიან მეამაყება.
თეატრალურზე რომ ვაბარებდი, იქ მჭირდებოდა გამოცდისთვის 2 სიმღერა და ვოკალის პედაგოგი იყო სალონიკში – მეგი ბოსტოღანაშვილი. ამ ქალბატონს ვუხდი მადლობას, რადგან პირველი ადამიანი იყო, ვინც ჩემი დაიჯერა ჩემი ხმისა და ჩემი შესაძლებლობების – მეუბნებოდა, რომ მხედავდა დიდ სცენაზე და დიდი მომავალი გაქვსო.
ქალბატონ მეგის დამთავრებული აქვს თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორია. საბერძნეთში გადააბარა ბერძნულ ენაზე, იონიოს მუსიკალურ უნივერსიტეტში, კუნძულ კერკირაზე და აქედან გამომდინარე, შეუძლია საბერძნეთის ნებისმიერ მუსიკალურ სკოლა-სტუდიაში ასწავლოს ან გახსნას მუსიკალური სკოლა, საგუნდო სადირიჟორო განყოფილება. ქალბატონი მეგი გიორგის ასე ახასიათებს: „პირველივე გაკვეთილიდან გამოავლინა ვოკალური მონაცემები, რომელსაც განვითარება სჭირდებოდა, მაგრამ გაოცებას იწვევდა მისი მიზანდასახულობა და მონდომება. სულ რაღაც 6 თვეში უკვე საკმაოდ ბევრი მეცადინეობის შედეგად, გაიარა საკმაოდ რთული პროგრამა. აქვს უამრავი გეგმები სამომავლოდ და წარმატებით ართმევს თავს ვოკალურ სიძნელეებს“.