დიდი შიში ნახა იმ პერიოდში ჩვენმა ოჯახმა, თუმცა უფალმა გადაგვარჩინა - ინგა ბერაძე პირად ცხოვრებაზე

gigi

მომღერალი ინგა ბერაძე პატარა შვილთან, გიგი გეგელაშვილთან ერთად სცენაზე გამოჩენისთანავე შეიყვარა საზოგადოებამ. უნიჭიერესი დედა-შვილის ნამღერმა სრულიად საქართველო დაატყვევა. საქართველოში ეს დედა-შვილის პირველი დუეტი იყო. მათი სიმღერა "საბრძოლო" ნამდვილ ჰიტად იქცა და ის დღემდე ახსოვს ქართველ მსმენელს.

ინგა მედიასთან იშვიათად ჩანს. ცნობილი და ნიჭიერი მუსიკოსების პირად ცხოვრებაზე თითქმის არაფერია ცნობილი.

ჟურნალმა „თბილისელებმა“ მომღერალთან ბლიცინტერვიუ ჩაწერა.

გთავაზობთ ამონარიდს ინტერვიუდან:

- რთული პერიოდი...

– მქონდა, როცა ბავშვობაში გიგის ჯანმრთელობის პრობლემა შეექმნა. დაახლოებით, 6 წლის იქნებოდა, მისი ერთ-ერთი პირველი სატელევიზიო გამოსვლა იყო, ფეხი წამოკრა რაღაცას და წაიქცა, მოტყდა ხელი. როცა ექიმთან მივიყვანეთ და გადაუღეს, გვითხრეს, რომ სასწრაფო ოპერაცია სჭირდებოდა, ბავშვს ხელის ამპუტაცია უნდა ჩატარებოდა. აღმოჩნდა, ძვალში ჰქონდა კისტა. მაშინ ძალიან ცნობილ ტრავმატოლოგთან მივედით, რომელმაც დაიჩემა, რომ სასწრაფო ოპერაცია უნდა გაგვეკეთებინა. მერე ბევრმა გვირჩია, იქნებ სადმე გადაამოწმოთ დიაგნოზიო და წავიყვანეთ მოსკოვში, სადაც გაირკვა, რომ არ შეიძლებოდა ოპერაციის გაკეთება იქამდე, ვიდრე ზრდასრული არ გახდებოდა, ანუ არანაირი ოპერაცია არ იყო საჭირო. ონკოლოგიურშიც გაგვაგზავნეს გადასამოწმებლად და როცა იქ გვითხრეს, ეს ბავშვი ჩვენი პაციენტი არ არისო, სიხარულით მოვფრინავდით. თუმცა, ვიდრე ამ ყველაფერს გავარკვევდით, საკმაოდ რთული დღეები გავიარეთ, საბედნიეროდ, გადავრჩით, თორემ გიგისთვის ხელი უნდა მოეჭრათ და ბავშვი მთელი ცხოვრება ინვალიდი უნდა ყოფილიყო. ზუსტად მაშინ გამეხსნა გონება და ეკლესიაში მომინდა მისვლა. დიდი შიში ნახა იმ პერიოდში ჩვენმა ოჯახმა, თუმცა უფალმა გადაგვარჩინა“,- ამბობს ინგა ბერიძე.