"დენმა დამარტყა, მითხრეს, ბებიაშენმა თავისი გარდაცვალებით შენ ჩაგანაცვლაო" - ონისე ონიანი

onise oniani

მსახიობი ონისე ონიანის ცხოვრებაში ბევრჯერ მომხდარა ისეთი რამ, რისი ახსნაც შეუძლებელია. ამის შესახებ მსახიობი "სარკესთან" საუბრობს:

"სანამ დედაჩემის დედა გარდაიცვლებოდა, უცნაური ამბავი მოხდა. აგვისტო იყო და რაჭაში, ჩემს სოფელ სადმელში ვისვენებდი. მეზობელმა ნათურის შეკეთება მთხოვა. ბრტყელტუჩა გაქერცლილი აღმოჩნდა და დენი ჩემზე გადმოვიდა. რაღაც ძალით ხელი გავუშვი და აივანზე დავეცი. რომ ავდექი, ფეხი ნაღრძობი მქონდა. ბებიაჩემი სახლში იყო და თითქოს რაღაც იგრძნოო, ჩემთან წამოვიდა. გზაში შემხვდა და გამოკითხვა დამიწყო, მაგრამ არაფერი ვუთხარი.

იმ საღამოს მე და ბებიამ დიდხანს ვისაუბრეთ, მეორე დღეს ჩვეულებრივად ადგა, წყლის მოსატანად ორი სათლი აიღო, უცებ დაიძახა, ცუდად ვარო, იქვე ჩაიკეცა და გარდაიცვალა… მერე მოხუცებმა მითხრეს, ბებიაშენმა შენ ჩაგანაცვლაო, მაგრამ მე მინდა, დავიჯერო, რომ ეს უბრალოდ დამთხვევა იყო.

– სიზმრების თუ გჯერათ?

– სიზმრის არ უნდა დაიჯერო, რადგან ამან ჩათრევა იცის. ორჯერ კი ძალიან უცნაური რამ მეზმანა. მაშინ, მოსკოვში სამხედრო სავალდებულო სამსახურს ვიხდიდი, 17-19 წლის ვიქნებოდი. დამესიზმრა, ვითომ ხელზე საღებავი დამეღვარა და ლაქად დამრჩა. მეორე დღეს დერეფანში მივდიოდი და შეღებილი ფანჯარა ღია დავინახე. გადავწყვიტე, დამეკეტა.შუშა ჩაიმსხვრა და მარჯვენა ხელი გამეჭრა. როგორც სიზმარში დამრჩა საღებავისგან ლაქა, მარჯვენა ხელზე დღემდე ზუსტად ისე მეტყობა იარა.

ჯარში დამესიზმრა გზაზე ხეივანი, სადაც ავტომანქანა იყო გაჩერებული. ცოტა მოშორებით ბავშვები ბურთს თამაშობდნენ. ერთ-ერთს ბურთი მანქანის ქვეშ შეუვარდა და მის გამოსაღებად რომ შეძვრა, ავტომობილი დაიძრა, ბავშვს თავზე გადაუარა. მძღოლმა ვერაფერი შეამჩნია და წავიდა. დაღუპული ბავშვი ხელში ავიყვანე და მისი სახლის და მშობლების ძებნა დავიწყე..

შემდეგ ტრიალ ადგილზე აღმოვჩნდი, სადაც ჩემი სოფლის ყველა გარდაცვლილი მოხუცი იჯდა. ამ მოხუცებში ბაბუაჩემის და შევნიშნე. მკითხა, აქ რა გინდაო და მეც ყველაფერი მოვუყევი. მითხრა, შენი საქმე გაგიკეთებია და ახლა აქედან წადიო, ჯოხი მომიქნია. მეც წამოვედი. გამეღვიძა.

ამ სიზმრიდან მეორე დღეს საამქროდან გამოვდიოდი, სადაც ჯარისკაცები რაღაც ნაწილებს ვაკეთებდით. გრეიდერი – მიწის სათხრელი ბორბლებიანი მისაბმელი მანქანა, დავინახე, ჩემკენ მოდიოდა, უცებ მოყინულ ბორცვზე ფეხი დამისხლტა და რომ წავიქეცი, ჩემი თავი ამ მანქანის საბურავთან აღმოჩნდა. მძღოლმა წამებში მოასწრო დამუხრუჭება, მანქანა გააჩერა, გადმოხტა, ხალხიც მოგროვდა, მაგრამ სრულიად უვნებელი ავდექი, ნაკაწრიც არ მქონდა. მაშინვე ჩემი სიზმარი გამახსენდა.

– ცრურწმენების გჯერათ?

– ადრე რაღაცების მიმართ პატარა ინტერესი მქონდა. ერთხელ სარკეში ჩავიხედე, მაინტერესებდა ჩემი საბედოს დანახვა, მაგრამ ვერავინ დავინახე. ჩემმა მეუღლემ კი მითხრა, პირველად სარკეში ჩახედვის დროს გნახე, წვერით იყავიო. ერთი პერიოდი მართლაც ვატარებდი წვერს. ნათიამ ჩვენი შეუღლებიდან 2 წლის შემდეგ აღმოაჩინა ფოტო, რომელზეც ზუსტად ისეთი ვიყავი, როგორიც სარკეში ჩახედვისას მნახა.