ზუგდიდში ქალთა მკვლელობები მდუმარე აქცია-პერფორმანსით გააპროტესტეს

საპროტესტო

"არ მომიკლა დედა", "შენი სიჩუმე კლავს", "არ გაწირო, არ გაჩუმდე", - ამ შინაარსის ტრანსპარანტებით, სიმბოლურად შავებში ჩაცმულმა მოქალაქეებმა, არასამთავრობო ორგანიზაციის და პარტიის წარმომადგენლებმა ფემიციდი გააპროტესტეს. მათივე განმარტებით, მნიშვნელოვანია ერთის მხრივ საზოგადოების ცნობიერების ამაღლება ოჯახში ძალადობის ფაქტებზე, მეორეს მხრივ კი კანონის ქმედითობის უზრუნველყოფა.

აქციის ორგანიზატორი, ქალთა ასოციაცია "გვირილას" დამფუძნებელი ეთო ალმასია ამბობს, რომ ისინი დღეს აქ სწორედ ქალის სიცოცხლის უფლების ხელშეუხებლობის მხარდასაჭერად გამოვიდნენ, რათა კიდევ ერთხელ ხმამაღლა განაცხადონ და მოქალაქეებს, მათ შორის გუშინ, 21 მაისს, ტრანსპორტში მომხდარი მკვლელობის შემსწრეებს მიაწვდინონ ხმა, რომ ასეთ დროს გაჩუმება არ შეიძლება, რომ გულგრილობაც დანაშაულია.

"რაღაცნაირად, ჯაჭვური რეაქციით მივედით იმ ფატალურ შედეგამდე, რასაც ჰქვია, რომ სოფოს სიცოცხლე დასრულდა. კანონი უნდა იყოს კანონი როგორც ოჯახში, ისე ოჯახს გარეთაც. დღეს არ არის დაცული ქალთა უფლებები და ჩვენ გვიწევს ამაზე ხმამაღლა საუბარი, რომ საზოგადოების იმ ნაწილში ცნობიერება ავამაღლოთ და ქალის სიცოცხლის უფლება ხელშეუხებელი იყოს", - აღნიშნა ეთო ალმასიამ.

აქციის კიდევ ერთი მონაწილის, ასოციაცია "მერკურის" სოციალური მუშაკის, ანა თოდუას თქმით, აქ დღეს ორი მიზეზით მოვიდა. პირველი - როგორც პროფესიონალს, ევალებოდა მდგარიყო იმ მოქალაქეებთან, რომლებიც გმობენ ქალთა მკვლელობის გახშირებულ შემთხვევებს. მეორე - თავადაც ქალია და ორი გოგოს დედა. ამიტომ ფიქრობს, აქციაზე დგომით საკუთარი შვილების სიცოცხლესაც იცავს.

"ალბათ მეტი საუბრები უნდა დაიწყოს ადრეული ასაკიდან თანასწორობაზე, გენდერულ თანასწორობაზე, ოჯახში როლების გადანაწილებაზე. თუმცა ამის გამკეთებლებს ჯერ ვერავის ვხედავ", - განმარტა ანა თოდუამ.

ზუგდიდის გარდა, აქციები დღეს თბილისსა და ბათუმშიც დაიგეგმა.

თბილისში, საზოგადოებრივ ტრანსპორტში ზუგდიდელი ახალგაზრდა ქალი შვილების თვალწინ მოკლეს. ბრალდებული მისივე ქმარია, რომელიც შემთხვევის ადგილას დააკავეს.

შსს-ს ინფორმაციით, ეჭვიანობის ნიადაგზე ქმარმა ცოლს ცივი იარაღით მრავლობითი ჭრილობა მიაყენა, რის შედეგადაც ის ადგილზე გარდაიცვალა.

დანაშაული 13-დან 17 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.