ვიდეოსთან დაკავშირებით, რომელმაც სოცქსელში პანიკა გამოიწვია, თბილისის მერია განცხადებას ავრცელებს

skveri

სოციალურ ქსელში ვრცელდება მოქალაქის მიერ გადაღებული ვიდეო, სადაც ჩანს, რომ სპეციალისტები ეკიპირებით სკვერების შეწამვლაზე მუშაობენ.  

სოციალურ ქსელში ამ ვიდეოკადრებს ბევრი კრიტიკოსი გამოუჩნდა. ნაწილი ფიქრობს, რომ ამ გზით ვირუსების გავრცელების საფრთხეც არსებობს. ამ მოსაზრების გავრცელებას ხელი ვიდეოს სათაურმაც შეუწყო - "სავარაუდოდ, მაიმუნის ყვავილის ხელოვნურად გავრცელება, თბილისი."

რაც რა თქმა უნდა სიმართლეს არ შეესაბამება და საზოგადოებაში პანიკის დათესვას ემსახურება. 

"პრაიმტაიმი" თბილისის მერიას დაუკავშირდა და აღნიშნულ ინიციატივაზე ესაუბრა. უწყებაში განმარტავენ, რომ სეზონური გეგმური სამუშაოები მიმდინარეობს. 

„აღნიშნულმა ვიდეომ საზოგადოების ნაწილის ინტერესი გამოიწვია - იწვევს თუ არა შეწამვლის პროცესი ტერიტორიის დაბინძურებას.

გაცნობებთ, რომ მცენარეების შეწამვლა მსოფლიოში აპრობირებული პრაქტიკაა, რომელიც ბოლო წლებია დედაქალაქში რეგულარულად ხორციელდება. ეს ხე-მცენარეებსა თუ ბუჩქოვან მცენარეებს სხვადასხვა მავნებლებისგან და დაავადებებისგან იცავს.

წამლობის მეთოდიკა და შესაბამისი ნივთიერებები კვალიფიციური სპეციალისტების რეკომენდაციით შეირჩევა. ყველა პრეპარატი აპრობირებულია საერთაშორისო დონეზე, ასევე, სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ გამოქვეყნებული, საქართველოში რეგისტრირებული პესტიციდების ნუსხაშია წარმოდგენილი.

წამლობა ხორციელდება ღამის საათებში, როდესაც გამწვანებული ზონები დამსვენებლებისგან დაცლილია.

„ეკოსერვის ჯგუფის“ თანამშრომლები სამუშაოების წარმოების დროს იყენებენ სპეციალურ აღჭურვილობას, რადგან მათ ყოველდღიურად უშუალო შეხება აქვთ პრეპარატებთან, როგორც შეწამვლის დროს, ასევე გაზავებამდე, როდესაც ისინი მაღალი კონცენტრაციისაა.

„ეკოსერვის ჯგუფის“ მიერ თბილისის მცენარეული საფარის წამლობა, გარდა ზამთრის სეზონისა, მთელი წლის მანძილზე მიმდინარეობს. აქამდე არ დაფიქსირებულა ადამიანისა თუ ცხოველის ჯანმრთელობაზე ზემოქმედების არცერთი შემთხვევა.

ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ წამლობის პროცესის შეფერხება ან შეწყვეტა გამოიწვევს შეუქცევად პროცესებსა და თბილისის მცენარეული საფარის დიდი ნაწილის განადგურებას“,- ამბობენ მერიაში.