ვახტანგ გომელაურმა პოლიციელის დღეზე 112-ის ოპერატორი დააჯილდოვა, რომლის სწორი და ეფექტური რეაგირების შედეგად ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა მოხერხდა

მაშველი

შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა, პოლიციელის დღესთან დაკავშირებით გამართულ საზეიმო ღონისძიებაზე, მედალიონით „განსაკუთრებული დამსახურებისათვის“, საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი - „112“-ის ცვლის უფროსის თანაშემწე იამზე მუმლაძე დააჯილდოვა. როგორც ირკვევა, საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ 112-ში დარეკა 30 წლამდე ასაკის მამაკაცმა, რომელიც შეტყობინებაში ამბობდა, რომ მაღალსართულიანი კორპუსის სახურავზე იმყოფებოდა და სიცოცხლის სუიციდით დასრულებას აპირებდა.

ზარის მიმღებმა - იამზე მუმლაძემ შეძლო აღელვებულ მოქალაქესთან საუბრის წარმართვა, უმოკლეს დროში მოიძია მისამართი და ოპერატიულად მიაწოდა ყველა შესაბამის სამსახურს. იამზე მუმლაძემ შეძლო არ შეეწყვიტა ზარის ინიციატორთან საუბარი შესაბამისი სამსახურების მისვლამდე, პარალელურად მომიჯნავე სამსახურებს ეკონტაქტებოდა, რომ საჭიროების შემთხვევაში, მნიშვნელოვანი ინფორმაციის მიწოდებით, დახმარებოდა ადგილამდე დროულად მისვლაში. შეტყობინებაზე დროული და ეფექტური რეაგირების შედეგად ახალგაზრდა მამაკაცის სიცოცხლის გადარჩენა მოხერხდა.