უჩვეულო სანახაობა მარტვილში, სადაც აფრიკული სირაქლემები, ხოხბები, დეკორატიული ქათმები მოაშენეს - ვის შეუძლია უსასყიდლოდ ულამაზესი ფრინველების ნახვა

ferma

35 წლის ფერმერი ლევან ფაღავა წინაპრების მიწას სამი წლის წინ დაუბრუნდა და პირველად სამეგრელოში სირაქლემების მოშენებას მიჰყო ხელი. მას სოფელში ფერმა აქვს - სახელწოდებით "ჯადოსნური ფრინველები", სადაც მსურველებს უსასყიდლოდ შეუძლიათ სირაქლემების გარდა, დეკორატიული ქათმები და ფარშევანგებიც ნახონ.

როგორია "ჯადოსნური ფრინველების" ქართული გარემო და როგორ შეეგუენენ შორეული აფრიკიდან სამეგრელოს ერთ სოფელში ულამაზესი ფრინველები გარემოს, რა გეგმები აქვს კრეატიულ ფერმერს და ვის შეუძლია იშვიათი ფრინველების ნახვა - ამ ყველაფერზე ლევან ფაღავა "პრაიმთაიმს" ესაუბრა.

"მყავს 18 ზრდასრული სირაქლემა და 10 წიწილა. რა თქმა უნდა, კვერცხებით გამოიჩეკნენ, რომლებიც საზღვარგარეთიდან ჩამოვიტანეთ მთელი ბიუროკრატიის გავლით... წლების წინ ვინმეს რომ ეთქვა, სირაქლემების და დეკორატიული ქათამ-ხოხბების ფერმა გექნებაო, არ დავიჯერებდი, თუმცა ასეა.

აქვე მყავს ჰოლანდიური ძროხები, ვიეტნამური ღორები, თხები და ხოხბები. ამჟამად, ინფრასტრუქტურის მოწყობით ვარ დაკავებული, მოგეხსენებათ სირაქლემებს სარბენად სივრცე სჭირდებათ, მარტვილის კლიმატს კარგად შეეწყვნენ.",-გვიყვება იგი.

"თოვლი მოეწონათ ჩვენს სირაქლემებს, ვისაც გაგიკვირდათ და არ იცით, რომ სირაქლემები გვყავს მარტვილში მოჰკიდეთ თქვენს ბავშვებს ხელი და დაათვალიერეთ ჩვენი ჯადოსნური ფრინველები სრულიად უფასოდ", - ამბობს ლევან ფაღავა.

გაზაფხულისთვის, ასევე გეგმავს კონტაქტური ზოოპარკის და კვების ობიექტის მოწყობას, სადაც ვიზიტორებს მხოლოდ სოფლის ნატურალური პროდუქტით გაუმასპინძლდებიან.

თავად ლევან ფაღავა რეპრესირებული ოჯახიდანაა და ის, როგორც მეოთხე თაობის წარმომადგენელი დაუბრუნდა თავის ფესვებს.

 

"დიდი ბაბუის მშობლები 1921 წელს დახვრიტეს, მერე გაწყდა თაობებს შორის ბმა სოფელთან. ჩემი დიდი ბაბუა ნათლიამ თბილისში გაზარდა... მე სოფელში სამი წლის წინ ჩამოვედი... ორი კვირა აქ ვარ ნახუნაოში და ორი კვირა თბილისში. მყავს მეუღლე და სამი შვილი.

საბოლოოდ ვაპირებ სოფელში დამკვიდრებას, დავიწყე ფერმის მოშენებით ჩემს ინვესტორთან ერთად და ამ მიწაზე სახლის აშენებსაც ვგეგმავ​. ამჟამად კი ძირითადად სირაქლემების მოვლით ვარ დაკავებული. 100 კვერცხიდან 12 გამოიჩეკა, ყველაფერს გამოცდილება სჭირდება. ვფიქრობ, მომავალ წელს მეტნი იქნებიან.

ფრინველის გაზრდა განსაკუთრებით ჭირს ორ თვემდე, ფეხები აქვთ სუსტი. დღეში 2-დან 5 კგ-მდე საკვები სჭირდებათ, რისთვისაც ადგილობრივ ბაზარზე ვყიდულობთ სიმინდს და ხორბალს. აფრიკული სირაქლემებისთვის 15 კომპონენტიანი საკვები მზადდება. მომავალი გვიჩვენებს რა როგორ მოხდება...

სირაქლემაზე მოთხოვნა დიდია, ორი ზოოპარკს მივყიდეთ. ცალკე გამოიყენება მისი ბუმბული და ქონი პარფიუმერიაში და ამ მხრივ გვაქვს შემოთავაზებაც",- ამბობს ლევან ფაღავა.

სირაქლემების მოშენებამდე ლევან ფაღავა 10 წელი მეღვინეობით იყო დაკავებული. ახლა გეგმავს მარტვილში ენდემური ყურძნის ჯიშების მოშენებასაც.