თინათინ რუხაძემ საბავშვო ევროვიზიის მონაწილეებს მიმართა - თქვენი გამოსვლები ხიდებია ჩვენს ქვეყნებს, ენებს, კულტურებს შორის, დაე, თქვენი ოცნებები ახდეს აქ, საქართველოში

საბავშვო ევროვიზიის მონაწილეები

კულტურის მინისტრი თინათინ რუხაძე საბავშვო ევროვიზია 2025-ის ფარგლებში გამართულ მიღებას მოადგილესთან, გიორგი მირცხულავასთან ერთად დაესწრო.

მინისტრმა საბავშვო ევროვიზია – 2025-ის მონაწილეებს მიმართა და თქვა, რომ კონკურსზე თითოეული მონაწილის გამოსვლა არის ხიდი ქვეყნებს, ენებს, კულტურებს შორის.

„ჩვენთვის დიდი სიხარული და პატივია საბავშვო ევროვიზიის მასპინძლობა და 18 ლამაზი ქვეყნიდან მონაწილეების მიღება. დღეს ჩვენი სცენა თქვენ გეკუთვნით, თქვენს ხმებს, თქვენს ოცნებებსა და ამოუწურავ შემოქმედებითობას. თქვენ, ყველანი, უკვე გამარჯვებულები ხართ, რადგან გამოიჩინეთ გამბედაობა, რომ თქვენი ნიჭი და მუსიკა მსოფლიოსთვის გაგეზიარებინათ. თქვენი გამოსვლები მხოლოდ სიმღერა არ არის, ისინი ხიდებია ჩვენს ქვეყნებს, ჩვენს ენებს, კულტურებს შორის. საქართველო პატარა ქვეყანაა, მაგრამ ჩვენ დიდი გული გვაქვს და ნამდვილად გვიხარია, რომ აქ ხართ. იმედი მაქვს, თავს ისე იგრძნობთ, როგორც შინ; ახალ მეგობრებს შეიძენთ, აღმოაჩენთ ჩვენს კულტურას და დაუვიწყარი მოგონებები მთელი ცხოვრება გაგყვებათ. წარმატებებს გისურვებთ. დაე, თქვენი ოცნებები აქ, საქართველოში ახდეს“, – მიმართა თინათინ რუხაძემ საბავშვო ევროვიზია 2025-ის მონაწილეებს.

შეგახსენებთ, რომ 2025 წლის საბავშვო ევროვიზიის სიმღერის კონკურსის ფინალური შოუ 13 დეკემბერს, 20:00 საათზე თბილისში, ოლიმპიურ ქალაქში, ტანვარჯისის არენაზე გაიმართება.

ევროპის ყველაზე პრესტიჟული საბავშვო კონკურსის ფინალში მონაწილეობას მიიღებენ ევროპის 18 ქვეყნის წარმომადგენლები, მათ შორის საქართველოს წარმომადგენელი – „რანინას“ გამარჯვებული ანიტა აბგარიანი.

საბავშვო ევროვიზია 2025-ზე საქართველოს წარმომადგენლისთვის ონლაინ ხმის მიცემა შესაძლებელი იქნება საქართველოდან და მსოფლიოს ნებისმიერი ქვეყნიდან.

12 დეკემბრის ღამის 12 საათიდან ხმის მიცემა შესაძლებელი იქნება jesc.tv-ზე.

საქართველო საბავშვო ევროვიზიის სიმღერის კონკურსის ისტორიაში ყველაზე წარმატებული ქვეყანაა, რომელმაც კონკურსი ოთხჯერ მოიგო. საქართველო კონკურსს მეორედ მასპინძლობს, ამჯერად 2024 წლის საბავშვო ევროვიზიაზე ანდრია ფუტკარაძის გამარჯვების შემდეგ.

13 დეკემბერს ფინალური შოუს პირდაპირ ტრანსლაციას ღონისძიების მასპინძელი, საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელი შემოგთავაზებთ.