შესაძლოა საფრთხე შეუქმნას თქვენს სიცოცხლეს - რა საფრთხეზე მიგვითითებს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მოსახლეობას აფრთხილებს.

უწყების ცნობით, დაბალი ტემპერატურის გამო ტბების ნაწილი გაიყინა, ხოლო მის ზედაპირზე მოსახლეობის გადაადგილება შეინიშნება, რაც საფრთხის შემცველია.

„გაცნობებთ, რომ მთელი საქართველოს მასშტაბით, ტემპერატურის ვარდნის გამო, ტბებსა და წყალსაცავებზე არის ყინულის სხვადასხვა სისქის ფენა.

რამდენიმე ტბაზე, განსაკუთრებით კი, თბილისში, ლისისა და კუს ტბებზე ყინულის ზედაპირზე შეინიშნება მოქალაქეთა გადაადგილება. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მოგიწოდებთ, გამოიჩინოთ მაქსიმალური სიფრთხილე და არ გადახვიდეთ გაყინული წყლის ზედაპირზე. ყინულის ფენაზე ნებისმიერი ფორმით გადაადგილებამ შესაძლოა გამოიწვიოს მისი ჩატეხვა და საფრთხე შეუქმნას თქვენს სიცოცხლეს და ჯანმრთელობას“, - აღნიშნულია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

უწყების ცნობით, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მიერ ლისისა და კუს ტბის ტერიტორიაზე, უსაფრთხოების მიზნით, უკვე მობილიზებულია რამდენიმე სახანძრო-სამაშველო ჯგუფი. გთხოვთ, დაემორჩილოთ მათ მითითებებს და დაიცვათ უსაფრთხოების წესები.