რამდენი ბავშვი გახდა ბოლო ერთ წელიწადში საქართველოში დედა - დაკარგული ბავშვობა და მძიმე სტატისტიკა

არასრულწლოვანზე ძალადობა

23 ნოემბერს, კატასტროფის ბრიგადით რუსთავიდან თბილისში გადმოყვანილმა 12 წლის ბავშვმა იმშობიარა. მოზარდის ოჯახი დუმს და კომენტარს არ აკეთებს. ბავშვის მამაც ბავშვია, ის მხოლოდ 16 წლისაა, რომლის ოჯახის წევრები მომხდარში საკუთარ პასუხისმგებლობას ვერ ხედავენ. მოზარდის ფეხმძიმობის შესახებ იცოდნენ მეზობლებმაც, თუმცა არც სოციალური სამსახურისთვის და არც პოლიციისთვის არავის მიუმართავს.

მეშვიდე კლასელ გოგოს ხშირი გაცდენების გამო მოსწავლის სტატუსი შეჩერებული აქვს. მოზარდის საქმეს, რომელიც 11 წლის ასაკში დაფეხმძიმდა, ახლა პოლიცია იძიებს.

12 წლის გოგონა არ არის ერთადერთი, რომელიც არასრუწლოვან ასაკში დედა გახდა. სტატისტიკა შემზარავია. ყოველწლიურად 100-ობით მოსწავლე სკოლაში განათლების მიღებას წყვეტს. ამის ძირითადი მიზეზი დაოჯახება და შვილის ყოლაა. არსებული სტატისტიკით, 2022 წელს 150-მდე არასრულწლოვანმა იმშობიარა.

არასრულწლოვნის ფეხმძიმობა ორგანიზმისთვის ფაქტობრივად დამანგრეველია. რისკთან არის დაკავშირებული ნაადრევი აბორტიც, რაც შესაძლოა მომავალში უშვილობის მიზეზი გახდეს. არასრულწლოვნის ორსულობისას, ნაყოფს, რომელიც განვითარებისთვის აუცილებელ მიკროორგანიზმებს საჭიროებს, ვერ მიეწოდება, ვინაიდან დედა ჯერ კიდევ თავად არის მოზარდი. შესაბამისად, ასეთ დროს, უმეტეს შემთხვევაში ნაყოფის განვითარების შეფერხება ხდება.

ინფორმაციის ნაკლებობა, საკითხისადმი არასწორი მიდგომა, სქესობრივი განათლების არქონა – ეს არის ის ძირითადი მიზეზები, რის გამოც მძიმე შედეგებამდე მივდივართ. ბავშვთა საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციების შეფასებით, მოზარდებს არ აქვთ ინფორმაცია, რას იწვევს ნაადრევად დაწყებული სქესობრივი ცხოვრება ან ნაადრევი ორსულობა. გამოსავალს სწორედ საგანმანათლებლო სისტემაში ხედავენ.

ფსიქოლოგები, პრობლემას ხედავენ ოჯახშიც. სპეციალისტები, მშობლებს ურჩევენ, უფრო მეტად დაუახლოვდნენ შვილებს და ესაუბრონ მათ.