რა გახდა უსიმპტომო პირებისა და სისტემური ტესტირების დროებითი შეჩერების ინიციატივის მიზეზი

ამირან გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორი, ამირან გამყრელიძე განმარტავს, რატომ მიიჩნევს სწორად უსიმპტომო პირებისა და სისტემური ტესტირების დროებით შეჩერებას.

მისივე თქმით, ქვეყანაში ასევე ე.წ. სისტემური ჯგუფების ტესტირება მიმდინარეობს და სპეციალისტებმა მიიჩნიეს, რომ ასეთ დროს აქცენტი სიმპტომურ პირებზე გაკეთდეს.

„მოგეხსენებათ, რა ხდება ახლა იმ დაწესებულებებთან, სადაც ტესტირება მიმდინარეობს. ადამიანები მიდიან, არის რიგები, უფრო ხშირად თითქმის ყველა მესამე ადამიანი უკვე ინფიცირებულია. იქ გადადების გარკვეული საშიშროება არის, რადგან, სამწუხაროდ, არ ვიცავთ დისტანციას, დადგენილ წესებს. რაც მთავარია, კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამ, რომ როდესაც ასეთი გავრცელების არეალი გვაქვს უკვე და მაღალი სიხშირე, უპირველეს ყოვლისა, სიმპტომური ადამიანები უნდა გაიტესტონ“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში“.

ცნობისთვის, დღეს, საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა, რომ საბჭოს ახალი წინადადებით მიმართეს, რომლის მიხედვითაც, შესაძლოა, მომდევნო თვიდან, უსიმპტომო პირების სწრაფი და PCR-ტესტებით შემოწმება დროებით უნდა შეჩერდეს.