„პრაიმთაიმში“ გამოქვეყნებული სტატიის შემდეგ, თელავში მცხოვრებ ოჯახს მერია ეხმაურება

მერია

„პრაიმთაიმში“ გამოქვეყნებული სტატიის შემდეგ, თელავში მცხოვრებ ოჯახს, მერია სოციალურ პროგრამებში ჩართავს. ინფორმაციას თავად დღელიშვილების ოჯახი და თელავის მუნიციპალიტეტის მერია ადასტურებს. ექვსსულიანი ოჯახის დიასახლისი, დარეჯან დაღელიშვილი ამბობს, რომ მერიის თანამშრომლები დაუკავშირდნენ და სოციალური პროგრამებში ჩართვა შესთავაზეს.

„მერიიდან დამიკავშირდნენ და დღეს სოციალურ სამსახურში ვიყავი მისული, მითხრეს, რომ სადაც ვცხოვრობთ, ამ შენობის მესაკუთრეს დაადგენენ და ქირას მისცემენ, ან ალტერნატიულ ფართს დაგვიძებნიან. ამის გარდა, სოციალურ და ჯანმრთელობის დაცვის პროგრამებში ჩაგვრთავენ. ჩემი შვილი ავადმყოფია, სხვადასხვა სახის პრეპარატები მუდმივად გვჭირდება. თქვენი ხელშეწყობით, ჩემი ოჯახის დახმარების საკითხი დაიძრა და ძალიან მადლიერი ვარ“, - ამბობს დაღელიშვილი.

თელავის მუნიციპალიტეტის მერიის სოციალური სამსახურის უფროსი, გიორგი ენუქიძე განმარტავს, რომ დაღელიშვილები ქირის და სხვა სოციალური პროგრამებით ისარგებლებენ.

„ეს შენობა ვისია, ჯერ არ ვიცით. შესაძლოა, ქალბატონი, ვინც ფართის დაცლა მოსთხოვა, არც არის მესაკუთრე. ეს დადგინდება და თუ მას ეკუთვნის, ქირას შევთავაზებთ. დავიწყებთ ალტერნატიული ფართის მოძიებას რომელიმე სოფელშიც, იმისთვის, რომ ჰქონდეთ მიწის ნაკვეთი. იქ ბოსტნეულს მოიყვანენ და შინაური ფრინველის ყოლას შეძლებენ. ასევე ჯანმრთელობის პროგრამაზე მივაწოდეთ ინფორმაცია, გვითხრა, რომ ერთ-ერთი შვილი ავად ჰყავს“, - განაცხადა ენუქიძემ.

თელავში დაღელიშვილების ექვსსულიანი ოჯახის სოციალურად მძიმე მდგომარეობის შესახებ, „პრაიმთაიმმა“ სტატია მოამზადა.

დაღელიშვილების განმარტებით, ერთ თვეში, ღია ცის ქვეშ დარჩენა ემუქრებოდათ. მათი საცხოვრებელი ფართის მესაკუთრის მეუღლემ ოჯახს, შენობიდან გასვლა მოსთხოვა, რისთვისაც ერთთვიანი ვადა მისცა.ოჯახში სრულწლოვანი წევრების გარდა, ოთხი წლის მცირეწლოვანიც იზრდება.