როგორი ზამთარია მოსალოდნელი საქართველოში - სინოპტიკოსების პროგნოზი
1794254992
პატრიარქისთვის შექმნილი ხატები და ქართველი მხატვრის ტრიუმფი ბელგიაში
ზუგდიდელი მხატვრის ელენე ფიფიას ბელგიაში თითქმის ერთვიან ვიზიტს, ევროპელები აღფრთოვანებით შეხვდნენ. რა ეტაპები გაიარა ნიჭიერმა და გამორჩეულმა მხატვარმა ევროპულ ტურნემდე, ამის შესახებ იგი „პრაიმტაიმს“ ესაუბრა.

„ბელგიამდე რაღაც პერიოდი, ინტენსიური მუშაობის რეჟიმში გავატარე. მინდოდა ერთი ეტაპი ბოლომდე ამომეწურა, ამიტომ პერსონალური გამოფენის მოწყობა არც მქონდა გეგმაში თუ არ ჩავთვლით იმას, რომ პერიოდულად ვიღებდი მონაწილეობას ჯგუფურ გამოფენებში.
ბაღის ასაკიდან ვხატავ. მუდმივად ძაფებთან მქონდა შეხება, რადგან დედა მასწავლიდა ქარგვას და ქსოვას. ნაქარგები შემდგომ დიდი ფორმატის ნახატებად ვაქციე, რომლებიც შესრულებულია ქსოვილებითა და ძაფებით. ამისკენ მიბიძგა ქვეყანაში არსებულმა მძიმე პოლიტიკურმა და ეკონომიკურმა კრიზისმა. 90 -იანებში,როდესაც სამხატვრო აკადემიის სტუდენტი ვიყავი და აუცილებლად უნდა მეხატა, ფიზიკურად არ იშოვებოდა სამხატვრო მასალები.იძულებული გავხდი საღებავები ქსოვილებითა და ძაფებით ჩამენაცვლებინა",- ამბობს მხატვარი.
მისი ნახატები, ვინაიდან ფერადი ძაფებითაა შესრულებული, ამ მხრივ ყველასგან გამორჩეულია.
„მე მიხარია, რომ ჩემს ნამუშევრებს ერთი ნახვით ცნობენ. სხვა ავტორების ნამუშევრებს არ ჰგავს. ამას ნაწილობრივ განაპირობებს განსხვავებული მასალა( ქსოვილები და ძაფები) და ალბათ შესრულების ჩემეული სტილი და მანერა“,- გვიყვება იგი.
რელიგიურ თემატიკას მხატვრის შემოქმედებაში განსაკუთრებული როლი უჭირავს.

„განსხვავებული ხაზი ჩემს შემოქმედებაში არის საეკლესიო თემატიკა, რომელიც მოიცავს სარიტუალო დანიშნულების ნამუშევრებს. ხატებს, გარდამოხსნებს, და ფარნებს და ა.შ.მათ შესაქმნელად ვიყენებ ტრადიაციულ და ჩემს მიერ მოგონილი ტექნიკის სინთეზს. ნამუშევრები კანონიკის დაცვით არის შესრულებული და ტაძრებში გამოიყენება მსახურების დროს.ამ სტილში შესრულებული ყველა ნამუშევარი ინახება ეკლესია- მონასტრებში.რამდენიმე ნამუშევარი საპატრიარქოშია. კათოლიკოს პატრიარქს გადავეცი საჩუქრად,რაც ძალიან გაუხარდა. ასევე ინახება ჩვენს ეპარქიაში,კორცხელში მეუფე გერასიმეს რეზიდენციაში. ამ მიმართულებას აუცილებლად მომავალშიც გავაგრძელებ“,- დასძენს შემოქმედი.

მხატვარი კი ახლა ბელგიური ხედებით ტკბება და ახალმა წარმატებამაც და აღიარებამაც არ დააყოვნა.
„ბელგიაში გარკვეული პერიოდი მუზეუმში უნდა ვიყო, რათა შევხვდე დამთვალიერებელს.თავისუფალ დროს ვსეირნობ ქალაქის ქუჩებში და ვხატავ ქალაქის ხედებს, ღირსშესანიშნაობებს. ვაგროვებ მასალებს შემდეგი სამუშაოებისთვის.ვფიქრობ შევქმნა ნამუშევრების სერია" გენტის ხედები".ვფიქრობ საინტერესო იქნება ბელგიელებისთვის",- აღნიშნა ელენემ.
მასზე სიუჟეტი თუ სტატია არაერთმა ტელევიზიამ თუ ინტერნეტგამოცემამ მოამზადა.

„ქართველი ხელოვანი ქმნის ნახატებს ქალაქ გენტზე. საღებავების გარეშე, ქსოვილითა და ძაფებით. ინდუსტრიის მუზეუმში, შეგიძლიათ დაათვალიეროთ ქართველი ხელოვანის, ელენე ფიფიას გასაოცარი ექსპოზიცია. ნახატები შექმნილია ქსოვილთა და ძაფებით,საღებავის გარეშე.ის აქ ყოფნის პერიოდშიც ქმნის ნამუშევრებს .
ელენე ფიფია ბავშვობიდან მუშაობს ქსოვილითა და ძაფებით. შედეგი ყოველ ჯერზე სხვადასხვაგვარია.თავისი უნივერსალური ტექნიკით ქმნის ნატურმორტებს, პეიზაჟებს, ყოველდღიურ სცენებს, და აბსტრაქტულ ნამუშევრებს.
შორიდან ისინი დახატულს ჰგავს ფერადსა და ექსპრესიულს. მხოლოდ მაშინ,როცა ახლოდან დააკვირდებით, მიხვდებით, რომ საღებავის ნაცვლად გამოყენებულია ქსოვილები და ძაფები.ეს თვითონ შეგიძლიათ გამოსცადოთ, ელენე ფიფია თავად გიმასპინძლებთ.
თავისუფალ დროს ის დასეირნობს არტეველდეს ქალაქში,რათა მოიპოვოს შთაგონება.

მხატვარი ამჟამად ახალი სერიითაა დაინტერესებული,სადაც გამოსახული იქნება ქალაქის ღირსშესანიშნაობები,როგორც მაგალითად ინდუსტრიის მუზეუმია",- წერს ბელგიური გამოცემა.
ყველაზე ძალიან, რაც მხატვარს მოსწონს,ის არის, რომ ყველა დაკავებულია თავისი საქმით და არიან უზომოდ შრომისმოყვარეები და დამოუკიდებლები.
"ბავშვებს პატარაობიდანვე აჩვევენ შრომას. (18 წლის შვილი თუ მშობლებთან ცხოვრობს, ეს დიდ სირცხვილად ითვლება.)",- დასძენს იგი.
იქ ყოფნისას უკვე რამდენიმე შეთავაზებაც მიიღო.
„გამოფენის დამთავრებამდე არ შეიძლება ნამუშევრების გატანა, მაგრამ რამდენიმე ნამუშევარი თუ შეიძლება ასე ითქვას " დაჯავშნულია",რაც მეტ სტიმულს მაძლევს“,- უთხრა მან „პრაიმტაიმს“ ბელგიიდან.