,,პატრიარქი არის სიცოცხლის ბოლომდე პატრიარქი" - მეუფე იაკობი

მეუფე იაკობი

ბოდბელი ეპისკოპოსი მეუფე იაკობი აცხადებს, რომ სინოდის დღევანდელ სხდომაზე პატრიარქისთვის უფლებამოსილების შეჩერებაზე საუბარი არ ყოფილა. 

„მაგ ზღაპრებს ვინ გიყვებათ. სისულელეა. პატრიარქი არის სიცოცხლის ბოლომდე კათოლიკოს-პატრიარქი. რასაც პატრიარქთან დაკავშირებით მეუბნებით, აბსოლუტური სისულელეა. ვინც მაგას გეუბნებათ, თავში ჭკუა არ აქვს“, - უპასუხა მეუფემ ჟურნალისტების შეკითხვებს.

ამასთან, მეუფე იაკობმა აღნიშნა, თუ რა საკითხები განიხილეს წმინდა სინოდის სხდომაზე.

„გავიარეთ მძიმე საკითხები. იცით, რომ უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ პირველად შევიკრიბეთ. თანაგრძნობა გამოვხატეთ, რადგან დიდი ტრაგედია ხდება. გვინდა, რომ ომი დამთავრდეს სწრაფად, ისე, რომ სამართლიანობა არ დაიკარგოს. ასევე, თურქეთის ხელისუფლებას და მსოფლიო პატრიარქს მივუსამძიმრეთ. სირიაში მივუსამძიმრეთ უშუალოდ ანტიოქიის პატრიარქს, რადგან იცით, რომ სირიის სახელმწიფო ჩვენდამი ისეა განწყობილი, რომ აფხაზეთი აღიარა და ამიტომ ჩვენი ეკლესია იქ დგას, სადაც საქართველო და ქართველი ხალხია“,- აღნიშნა მეუფე იაკობმა.

✕